ხადური მელუდეებს ჯერ არაფერს დაუთმობს

ხადური მელუდეებს ჯერ არაფერს დაუთმობს

მელუდეებს დიდი იმედი კი ჰქონდათ, რომ ბიზნესომბუდსმენთან საერთო ენის გამონახვის შემდეგ, მთავრობაც დათმობაზე წამოვიდოდა და აქციზის შემცირებაზე დაყაბულდებოდა, მაგრამ, მათდა სავალოლოდ, ფინანსთა მინისტრი ლუდზე აქციზის შემცირების აუცილებლობას ვერ ხედავს. ნოდარ ხადურს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომელიც ლუდის მწარმოებლებს იმედიანად ვერ განაწყობს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, აქციზის შემცირების თაობაზე საუბარი მას წინასწარ არ სურს, რადგანაც ჯერჯერობით საკითხის ანალიზი მიმდინარეობს, თუმცა მისი შეხედულებაა, რომ აქციზის შემცირების აუცილებლობა არ არსებობს.

ნოდარ ხადურმა აქვე დასძინა, რომ არაერთხელ შეხვდა უალკოყოლო სასმელების კომპანიათა წარმომადგენლებსაც. „მათი მოთხოვნა იყო, რომ მარკირების ღირებულება სახელმწიფოს გადაეხადა“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში ლუდზე აქციზი 2015 წლის 1-ლი მარტიდან გაიზარდა. შედეგად, 1 ლიტრ ალაოს ლუდზე აქციზის გადასახადმა 0,4 ლარიდან 0,6 ლარამდე მოიმატა. ამის გამო ადგილობრივი ლუდის რეალიზაცია დაახლოებით 45%-ით შემცირდა. ამას ადასტურებენ როგორც მწარმოებლები, ასევე სავაჭრო ქსელებიც.

მელუდეთა ღრმა რწმენით, პროდუქციის გაძვირება აქციზის გაზრდამ გამოიწვია. გაყიდვის შემცირებაზე, გარკვეულწილად, იმოქმედა ლუდის სმაზე დაწესებულმა შეზღუდვამაც. ამიტომაც მელუდეები რამდენიმე ინიციატივით მიმართავენ მთავრობას. ისინი მოუწოდებენ მთავრობას შეცვალოს გადაწყვეტილება ლუდის აქციზის 50 პროცენტით გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 2015 წლის მარტიდან შევიდა.

თუ არაფერი შეიცვალა, წლიური მონაცემებით, ლუდის ბაზარი მინიმუმ 20%-ით შემცირდება. ამასთან, დაზარალდება როგორც მოსახლეობა, ისე ბიზნესი და ბიუჯეტიც, რომელსაც ამ ბიზნესიდან შემოსავლების ნაწილი უკვე დააკლდა. ამას ადასტურებს შემოსავლების სამსახურის მონაცემები აქციზური მარკების რეალიზაციის კლების შესახებ.

ლუდის მწარმოებლები ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას უკვე შეხვდნენ. ომბუდსმენმა მათი პოზიცია გაიზიარა. სამომავლოდ ადგილობრივ ბიზნესმენებთან მოლაპარაკება გაგრძელდება, ხოლო საბოლოოდ არ არის გამორიცხული, ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირებაზე მოლაპარაკება ფინანსთა მინისტრთან გაგრძელდეს.

კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილიც ამბობს, რომ ბიზნესმენები სექტემბრის ბოლოს, შეიკრიბებიან და გადახედავენ რამდენად სწორი იყო აქციზის გაზრდა.

„შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრა აუცილებლად იქნება ფინანსთა მინისტრთან ამ ფორმატში და შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრთან გადაწყვეტილების მისაღებად. ვიდრე ეს შეხვედრები და კონსულტაციები არ დასრულდება, გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ვადა ნოემბრამდე აქტიური კონსულტაციებისთვის“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

ლუდის რეალიზაციის შემცირებას ადასტურებენ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები. მოვაჭრეების ინფორმაციით, შემცირდა როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი წარმოების ლუდის რეალიზაცია. ზოგადად კი მოთხოვნამ თითქმის ყველა დასახელების პროდუქტზე იკლო და ამ მხრივ ალკოჰოლური სასმელი ერთ-ერთი ლიდერია.

მელუდეებისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრას აზრი მაშინ ექნება, თუკი ნოდარ ხადურის პოზიცია ასეთი შეუვალი აღარ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივ ლუდის მწარმოებლებს ახალ რეალობასთან შეგუება უფრო ინტენსიურად მოუწევთ.