ირანსა და საქართველოს შორის სულ სხვა ტიპის ეკონომიკური თანამშრომლობა იგეგმება. სანქციებისგან გათავისუფლებული თეირანი აქცენტს კავკასიურ დერეფანზე აკეთებს. აქ კი მთავარი როლი საქართველოს უჭირავს. თბილისი მზად არის ისტორიული მეზობლისგან ხელსაყრელი შეთავაზებები მოისმინოს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გუბაზ სანიკიძის ინფორმაციით, ირანი საქართველოში მეგაპროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული. ირანის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სანიკიძე ხაზგასმით აცხადებს, რომ ქართულ-ირანული ურთიერთობები ძალიან ინტენსიურ ხასიათს მიიღებს, განსაკუთრებით ვენის შეთანხმების შემდეგ და საქართველო ამით მოგებული დარჩება.
„ირანი დიდი ხანი იზოლაციაში იყო მოქცეული, იმყოფებოდა სანქციების ქვეშ. ახლა სანქციები იხსნება ვენის ხელმოწერის შემდეგ. მათ აინტერესებთ, როგორც ჩვენი საკანონმდებლო გამოცდილება, ასევე დაინტერესებული არიან გარკვეული პროექტების საქართველოში განხორციელებით. იყო მეგაპროექტებზე საუბარი - კერძოდ, ენერგომატარებლების - გაზისა და ნავთობის გატარებაზე ჩვენი პორტების საშუალებით, ასევე საუბარია და მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ საქართველოდან მიიღონ სარწყავი წყალი“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ირანის პარლამენტის ეროვნული წარმოების მხარდაჭერის კომისიის წარმომადგენელმა ჰამიტრეზა ფულადგარიმ ინტერესი გამოხატა ბიზნესის წარმოებას და ბიზნესის კეთების გამარტივების მხრივ, რომელიც საქართველოშია დამკვიდრებული.
„უნდა ვიცოდეთ, როგორც მოახერხა საქართველომ რეგიონში განსაკუთრებული ადგილის დაკავება ბიზნესის კეთების კუთხით. გვაინტერესებდა ქართველი კოლეგებისგან გაგვეგო, რა უნდა გავაკეთოთ ირანში იმისთვის, რომ მოხდეს ეროვნული მრეწველობისა და ბიზნესის გამარტივება.
გარდა ამისა, შევეხეთ საქართველოსა და ირანს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ თანამშრომლობას და ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, ეს დიდი გავლენას იქონიებს საქართველოსა და ირანს შორის ტვირთბრუნვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარების კუთხით“, - განაცხადა ჰამიტრეზა ფულადგარიმ.
ირან-საქართვლოს სამრეწველო-სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი ვანო მთვრალაშვილი ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
„არსებობს ინტერესი, რომ ირანმა ენერგომატარებლების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება განახორციელოს. ამიტომ, თუკი ეს სანქციები საბოლოოდ მოიხსნა, საქართველო შეიძლება განვიხილოთ ტერიტორიად, რომლის საშუალებითაც ირანი განახორციელებს გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებას ევროპისკენ.
გარდა ამისა, ირანელებს აინტერესებთ ინვესტიციების დაბანდება სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, სამშენებლო ბიზნესში. სანქციების მოხსნის შემდეგ მათ ამის შესაძლებლობა მიეცემათ. საქართველო, მათი გაგებით, აღქმულია როგორც თავისუფალი, ლიბერალური ბაზრის მქონე ქვეყანა, სადაც კორუფცია არაა. დაინტერესება მომდინარეობს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით და კლიმატური პირობებითაც.
საქართველომ ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოს და დასავლეთის მიერ სანქციების მოხსნის პარალელურად, ხელისუფლებამ ირანისთვის ცალმხრივად დაწესებული სავიზო რეჟიმი უნდა გააუქმოს. ამით ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციები შემოვა, ჩამოვლენ ტურისტები, რაც საქართველოს ეკონომიკას მხოლოდ წაადგება“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
ამასობაში კი თბილისი-თეირანს შორის ავიამიმოსვლა აღდგა. 30 ივლისიდან ფრენას ირანული ATA AIRLINES-ი იწყებს, ქართული კომპანიებიდან კი თბილისი-თეირანი-თბილისი ფრენას „აირზენა“ განახორციელებს.
„ჯორჯიან ეარვეიზის“ დირექტორი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თეირანში კვირაში ორჯერ იფრენენ.
რაც შეეხება მეორე ირანულ კომპანიას, „მაჰან ეირ“-ს, რომელსაც პირველი ფრენა 2 ივლისს უნდა შეესრულებინა, მისი შემოსვლა გარუკვეველი მიზეზით შეფერხდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია ამბობს, რომ ფრენა არ განხორციელდა, თუმცა მიზეზების განმარტებისგან თავს იკავებს.
„2 ივლისიდან უნდა დაეწყო ფრენა, მაგრამ მაშინ შეჩერებული იყო ჩვენი მხრიდან და - მათი მხრიდანაც, პრინციპში. „მაჰან“-ზე ვერაფერს გეტყვით. იყო მიზეზები ფრენის შეუსრულებლობის, რასაც ახლა ვერ ვიტყვით“, - აცხადებს ჯალაღონია.
თბილისი-თეირანს შორის ავიამიმოსვლა უკვე რამდენიმე თვეა შეწყვეტილია. 2014 წლის ოქტომბრამდე ამ მიმართულებით Flyvista დაფრინავდა, თუმცა, კომპანიამ რეისების განხორციელება 3 თვეში შეწყვიტა. სავარაუდოდ, ეს ირანთან სავიზო პოლიტიკის გამკაცრებამ განაპირობა.
ავიარეისების აღდგენის შესახებ ინფორმაცია კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თბილისსა და თეირანს შორის დაძმობილების შეთანხმება გაფორმდა. ირანში ოფიციალური ვიზიტით თბილისის მერი და ეკონომიკის მინისტრი იმყოფებოდნენ.