ახალი დროის ავტომობილი Hyundai

ახალი დროის ავტომობილი Hyundai

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ ]

ჰიონდე თავისუფალი თარგმანით „ახალ დროს“ ნიშნავს. კორეულმა კონცერნმა Hyundai-მ 60 წელზე მეტი იმისთვის დახარჯა, რომ სწორედ ამ დროს დაწეოდა და მსოფლიო ინდუსტრიის ფლაგმანთა შორის აღმოჩენილიყო. მის ისტორიაში ხმაურიანი რევოლუციები არ ყოფილა, მაგრამ, სამაგიეროდ, კონცერნმა ხანგრძლივი ევოლუცია განიცადა.

ლიცენზირებული მოდელები

კონცერნი Hyundai მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სამიოდე თვეში დაარსდა. იგი საავტომობილო ტექნიკისადმი კარგა ხანს ინტერესს არ იჩენდა და განყოფილება Hyundai Motor მხოლოდ 1967 წელს გაიხსნა. სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ, ეგზომ სარეკორდო ვადაში აამოქმედეს პირველი, წელიწადში 20 ათასი ავტომობილის წარმადობის მქონე საწარმო.

Hyundai-ის მიერ გამოშვებული პირველი მოდელი Ford-ის ევროპული ფილიალის ლიცენზირებული მოდელი Cortina იყო, შემდეგ კი თანდათანობით სრული ციკლი აითვისეს. საერთოდ, Hyundai-ის და Ford-ის თანამშრომლობა 80-იანი წლების დასაწყისამდე გრძელდებოდა, როცა კორეაში ჯერ კიდევ უშვებდნენ მოდელებს Taurus და Granada.

1973 წლის დასაწყისში Hyundai Motor-მა თავის პირველ მსუბუქი ავტომობილის მოდელზე მუშაობის დაწყების შესახებ განაცხადა, რასაც პარალელურად ახალი ქარხნის მშენებლობა მოჰყვა. თუმცა, ყველაფერი ამისათვის კონცერნს საკუთარი ძალა არ ეყო და იაპონურ Mitsubishi Motors-თან სტრატეგიული კავშირის დაამყარა, რომელიც დღემდე არსებობს.

ახალი მოდელის საფუძვლად სწორედ პარტნიორის ავტომობილი Colt აიღეს. 1975 წლისათვის მზად იყო ულსანეში მდებარე, 97 მილიონ დოლარად ღირებული ქარხანა და თავად ავტომობილი. Hyundai Pony მსოფლიომ პირველად ტუოინის ავტოსალონზე ნახა, სადაც მან ნამდვილი ფურორი მოახდინა. ანალიტიკოსები, უპირველეს ყოვლისა, მანქანის თანამედროვე კონსტრუქციას და ბრწყინვალე დიზაინს აღნიშნავდნენ. ფრთაშესხმულმა კორეელებმა ამ ავტომობილის Excel-ის სახელით ჯერ ეკვადორში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში ექსპორტი დაიწყეს. 1976 წელს მარკა Hyunday ევროპულ ბაზარზეც გამოჩნდა.

მსოფლიო მარკა

ამის შემდეგ კომპანიის ძალისხმევა ძირითადად ტექნიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისაკენ იყო მიმართული. 1988 წლის 2 ივლისს კონვეიერედან ჩამოვიდა Hyundai-ის მარკის პირველი ავტომობილი, რომელშიც, Mitsubishi-ის ლიცენზირებულ მოტორს თუ არ ჩავთვლით, გარეშე ძალას არანაირი წვლილი არ ჰქონდა შეტანილი. ეს გახლდათ მოდელი Sonata.

საკუთარი ძრავის შექმნას კიდევ დიდი დრო და 30 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება დასჭირდა. ბოლოს და ბოლოს, 1989 წელს, მსოფლიოს მოევლინა Hyundai-ის 1,5 ლიტრიანი ძრავი, რომელსაც „ალფა“ უწოდეს. შემდეგ მას მოჰყვა „ბეტა“, „გამა“ და ა.შ.

Mitsubushi-სთან თანამშრომლობა კი მოძველებულ მოდელებზე ლიცენზიების ბანალურ გადაცემაში გამოიხატებოდა. ამასთან, კომპანია, ცხადია, საკუთარი მოდელების შექმნასაც აგრძელებდა. 1999 წელს კონვეირიდან ჩამოვიდა Hyundai Equus, რომელიც ევროპაში ცნობილია როგორც Centennial. აღსანიშნავია, რომ იგი დღემდე კომპანიის ყველაზე მაღალტექნოლოგიურ მოდელად რჩება.

პარალელურად, კომპანია ჩრდილოამერიკულ ბაზარზე ფეხის მოკიდებას ცდილობდა. 1991 წელს კალიფორნიაში დაარსდა კომპანიის დიზაინ სტუდია, რომელშიც მალევე შეიქმნა Hyundai-ის ისტორიაში პირველი კონცეპტ-კარი HCD-I, რომელიც ცოტა ხანში ძალზე პოპულარულ და ეფექტურ სერიულ მოდელ Coupe_Tiburon-ად იქცა.

შიდა ბაზრის დასაპყრობად კი Hyundai Motor-მა 1998 წელს Kia_Asia Motors შთანთქა. კომპანია Daewoo Motor-ის ყიდვასაც აპირებდა, მაგრამ ეს შესაძლო გარიგება არარენტაბელურად ჩათვალა.

ამ დროისათვის Hyundai Motor საავტომობილო მოდის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. საფირმო დიზაინი, სამოდელო ხაზი და სწორი მარკეტინგი მას მსოფლიო ავტომშენებლობის ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად ხდის. კომპანია კიდევ უფრო მეტი წარმატებისაკენ, მსოფლიო ლიდერობისაკენ ისწრაფვის. რატომაც არა? თუ იაპონელებმა ეს შეძლეს, კორეელები ნაკლებნი რითი არიან?