შრომის ინსპექციამ სტარტი აიღო, მაგრამ შორს ვერ წავა

შრომის ინსპექციამ სტარტი აიღო, მაგრამ შორს ვერ წავა

შრომის ინსპექცია უკვე დაკომპლექტდა და შემოწმება ახალმა სახელმწიფო უწყებამ მუნიციპალური კომპანიებიდან დაიწყო. პრობლემა ისაა, რომ ინსპექციას შემოწმების მეტი არაფერი შეუძლია. იგი დამრღვევს ელემნტარულ უხერხულობასაც კი ვერ შეუქმნის.

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული რამდენიმე კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის 4-5-კაციანმა ჯგუფებმა უკვე შეამოწმეს. დასკვნა რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. სამწუხარო ის არის, რომ კანონის არარსებობის გამო შრომის ინსპექციას სანქციების დაწესების უფლება არ აქვს და მის შენიშვნებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. მათი გათვალისწინება კომპანიების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ელზა ჯგერენაიას უჭირს თქმა, თუ როდის მიიღებენ კანონს და როდის ექნება ინსპექციას კანონით მინიჭებული უფლებამოსილება. ვადის დასახელება რთულია, თუმცა მთავარი ისაა, რომ კანონთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს.

„პოლიტიკური გადაწყვეტილება ნამდვილად არსებობს, არსებობს მზაობა სოციალური პარტნიორების მხრიდან ურთიერთთანამშრომლობის, რათა შეჯერებული და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული კანონმდებლობა იყოს მიღებული და დამტკიცებული საქართველოში“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ჯგერენაია.

ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით შრომის ინსპექციას 25 თანამშრომელი ჰყავს. შემოწმებაზე კომპანიაში 4-5-კაციანი ჯგუფი მიდის, რომელიც სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის ექიმი, იურისტი, ინჟინერი და ა.შ.

შრომის ინსპექციის კანონზე მუშაობა ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა, შეჯერებული ვარიანტი ამ დრომდე არ არსებობს. როგორც პროფკავშირის სამუშაო ჯგუფში ჩართული წარმომადგენლები აცხადებენ, ინსპექციის წინააღმდეგ ეკონომიკის სამინისტრო გამოდის.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ დღესდღეობით ინსპექციას მოქალაქეების კეთილდღეობასა და უსაფრთხო შრომასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„ქვეყანას არ აქვს ამბიცია, რომ შრომა იყოს უსაფრთხო და არანაირი ორგანო ამ კუთხით არ არსებობს ქვეყანაში. შეიქმნა შრომის ინსპექცია, 2015 წლის 5 თებერვალს გამოიცა 38-ე დადგენილება შრომის პირობების მონიტორინგის შესახებ, რის საფუძველზეც 2 მარტს შეიქმნა შრომის ინსპექციის დეპარტამენტი, ხოლო 21 აპრილს - დებულება შრომის ინსპექციის შესახებ. ამ დოკუმენტებში წერია, რომ ინსპექცია ნებაყოფლობითია, ანუ დამსაქმებელმა უნდა მიმართოს ამ სტრუქტურას. შრომის ინსპექციამ 5 სამუშაო დღით ადრე უნდა მიმართოს, თუ მას შესვლა უნდა საწარმოში და ყოველგვარი სანქციის დადებისგან შეზღუდულია ეს ორგანო.

ინსპექცია გახლავთ მუშტის, კბილებისა და ენის გარეშე და ეს არის გარემოხმარებისთვის შექმნილი, ევროკავშირის დასანახად და ვიზალიბერალიზაციის მისაღებად. ამას საერთო არაფერი აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასა და უსაფრთხო შრომასთან. ე.წ. მეწარმე ინვესტორები და ბურჟუები რომ არ აეღელვებინათ, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონში, პირველ მუხლში შევიდა ცვლილება, სადაც წერია, რომ შრომის ინსპექცია არ გახლავთ მაკონტროლებელი ორგანო, ანუ ვერც სასამართლო უწყებას იღებს, რომ ნებართვით შევიდეს ამ საწარმოებში და ვერც საბუთებს გამოითხოვს და ა.შ.“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

შრომის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აქვს ნაკისრი. ამ სფეროში სულ 26 დირექტივაა ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოსატანი, თითო დირექტივის ვადა 4-დან 9 წლამდე მერყეობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 26 დირექტივიდან მიმდინარე წელს 3 დირექტივის შესასრულებლად მომზადდება კანონპროექტები, კანონქვემდებარე აქტები და ის ტექნიკური რეგლამენტები, რომელიც უშუალოდ შრომის უსაფრთხოებას შეეხება.