პრეზიდენტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე ვეტოს დასადებად ემზადება, ამ დროს კი ბანკები მარგველაშვილის პოზიციას არ იზიარებენ. მათი მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაცია - ბანკების ასოციაცია - კანონზე ვეტოს დადებას არ ეთანხმება.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის აზრით, თანამშრომლობის ის ფორმა, რომელიც შედგა საბანკო სექტორსა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან, პარალამენტის დარგობრივ ეკონომიკურ კომიტეტებთან და ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან, მისასალმებელია. ის, საბოლოო ჯამში, ქვეყნისათვის სასიკეთო იქნება.
„ჩვენ დღეს გვჭირდება გაცილებით ეფექტური საბანკო სისტემა, რომლის პირობებში მონეტარული და ფინანსური ზედამხედველობა ავტონომიურ და იმავდროულად სინქრონულ რეჟიმში იმუშავებს. ასეთ შემთხვევაში, რეპუტაციის დაკარგვის რისკი კი არ გაიზრდება, პირიქით, შემცირდება, რადგან ცენტრალური ბანკი არ იქნება პირდაპირ და ერთპიროვნულად ჩართული ზედამხედველობის რეგულირებაში. დიდწილად სწორედ ამის შედეგია ეროვნული ბანკისადმი ნდობის დაკარგვა, თუნდაც სავალუტო სპეკულაციებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი და აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კი არ შემცირდება, პირიქით, წმინდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ამოცანებზე გადართვით მნიშვნელოვნად გაიზრდება ნდობის ფაქტორთან ერთად“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადება და საბანკო სექტორის გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვება მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება.
„ის, რომ საბანკო სექტორი არის წარმატებული, არ უნდა ნიშნავდეს თვითკმაყოფილებას. ეს უნდა იყოს განვითარების მუდმივი პროცესი. გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესები ჩვენც გვაიძულებს, გადავიდეთ ახალ სტანდარტებზე. ახალი მიდგომა ითვალისწინებს ნორმატიული ბაზის დახვეწას ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის, სტრეს ტესტირებისა და ბაზრის ლიკვიდურობის რისკის განსაზღვრისათვის“, - დასძენს ცუცქირიძე.
სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, „ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე გიორგი ცუცქირიძის განცხადებას უცნაურს უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკების ხელმძღვანელების, ბიზნეს ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათ შორის, ბანკების ასოციაციის თავდაპირველ განცხადებას.
„მიუხედავად იმისა, რომ საუბარია იმ კანონში რაღაც ცვლილებებზე, მასში არსებითი ცვლილება არ განხორციელებულა. შეიძლება ერთადერთ დადებით მომენტად აისახოს, რომ საბჭოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გარდა, კიდევ ერთი წარმომადგენელი იქნება, თუმცა ეს არსებითად მის ხასიათს არ ცვლის. იქმნება ეროვნულ ბანკთან შედარებით გაცილებით დაბალი სტატუსისა და დაცულობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელზეც ზემოქმედება მთავრობისა და პოლიტიკური ძალების მხრიდან უფრო ადვილია, ვიდრე კონსტიტუციით დაცულ ეროვნულ ბანკზე“, - განაცხადა გოცირიძემ.
ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას, რომ 10 დღეში კანონპროექტის ხარისხიანი და გააზრებული ალტერნატივის შემოთავაზება შეუძლებელია, გოცირიძე აბსოლუტურად უსუსურ არგუმენტს უწოდებს.
„ის განცხადება, რომ ვეტოს დადება საბანკო სექტორზე ცუდად იმოქმედებს, ესეც უცანურია, ვინაიდან კანონი მოქმედებაში 10 დღით ადრე შევა თუ 10 დღით გვიან, არსებითად არაფერს ცვლის. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი დასკვნა, რომ ეს თუ არის ბანკების აზრი და თუ საბანკო ასოციაცია ბანკების სურვილს გამოხატავს, ეს ნიშნავს, რომ ბანკებზე ხელისუფლებამ ზეწოლა მოახდინა. ეს არის ბანკების მხრიდან ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სასიამოვნო იქნებოდა მთავრობისთვის და მთავრობასთან ურთიერთობების არგაფუჭებისთვის. ეს კი, საბოლოო ჯამში, სწორედ იმ შიშს ადასტურებს, რომ მთავრობას ეძლევა კომერციულ ბანკებსა და ასიათასობით მის კლიენტურაზე პირდაპირი ზემოქმედების საშუალება, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი რისკი ამ კანონის ამ ორგანიზაციის მთავრობის კონტროლის ქვეშ გადასვლის კუთხით“, - განაცხადა გოცირიძემ.
საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე კი ფიქრობს, რომ ახალი კანონის ამოქმედებას პრეზიდენტი ხელს ვერ შეუშლის. ვეტო დაიძლევა და ვერ გამოიღებს უარყოფით შედეგს, თუმცა კანონის ამოქმედებას ნამდვილად შეაყოვნებს.
„პრეზიდენტი შეცდომაში საკუთარმა გუნდმა შეიყვანა, კერძოდ კი, მისმა მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში. მას აქვს აშკარად აკვიატებული აზრი, თორემ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას წინააღმდეგობას არ გაუწევდა.
მიმაჩნია, რომ კანონის ინიციატორთა მიდგომა სწორია. ერთი და იგივე პირი, ანუ ის ორგანო, რომელიც მონეტარულ პოლიტიკაზე იღებს გადაწყვეტილებას, ზედამხედველობის საკითხისგან გამიჯნული უნდა იყოს. ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა უნდა მოხდეს. ვეტო ამ პროცესს ვერ შეაჩერებს“, - აღნიშნა გოჩა თუთბერიძემ.