რატომ ისვრის „დელტა“ დაგვიანებით?

რატომ ისვრის „დელტა“ დაგვიანებით?

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 22-23 ივლისის მოსული ძლიერი წვიმის, ქარისა და სეტყვის შედეგად, 3 რაიონის მოსახლეობამ სხვადასხვა სახის ზარალი მიიღო - ზოგს საცხოვრებელი სახლები დაეტბორა, ზოგიც მოსავლის გარეშე დარჩა.

თელავის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაისეტყვა. განადგურებულია საზამთროს ბაღები, სიმინდის ყანები და ვენახები. დაზარალებულები მთელი დღის განმავლობაში საკუთარი მიწის ნაკვეთებში იყვნენ შეკრებილნი და ადგილზე ელოდებოდნენ კომისიის წევრებს, რომლებმაც ზარალის ოდენობა და ხარისხი უნდა დაადგინონ. ადგილობრივების ინფორმაციით, ზარალი დიდია. არანაკლები ვითარებაა ყვარლის რაიონში, სადაც მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდათ და ახლა ხელისუფლების იმედზე არიან. ლაპარაკია ბანკის ვალებზეც.

ყვარელში თუ სეტყვა იყო, გურჯაანის რაიონი ძლიერმა წვიმამ და ქარმა დააზარალა. წვიმამ მდინარე ახაშენის ხევის ადიდება გამოიწვია, რომელმაც, თავის მხრივ, სოფელ ახაშენში სამი უბანი დატბორა. დაზარალებულია 40-მდე ოჯახი. მათ სახლების პირველი სართულები დაეტბორათ. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები და სარდაფებიდან წყალს ტუმბავენ.

22 ივლისის სტიქიამ რამდენი ლარით დააზარალა რეგიონი, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ღვარცოფულ მდინარეებზე პრევენციული სამუშაოები დროულად ჩაატარონ, თორემ საფრთხე მათ სიცოცხლესაც დაემუქრება.

აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში მთიდან ჩამომავალი მდინარეების უმეტესობა ღვარცოფულის სტატუსს ატარებს. მოსახლეობაც სწორედ ამ მდინარეების ადიდების შედეგად ზარალდება.

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგოდ 120-მდე ჭურვი გაისროლეს. ხალხიც ამბობს, რომ სეტყვის საწინააღმედო დანადგარების სროლის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ესმოდათ, მაგრამ მან შედეგი ვერ მოიტანა. წელს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც სეტყვის საწინააღმდეგო აპარატურა სათანადოდ არ მუშაობს. მოსახლეობა სტიქიის პრევენციული ზომებით უკმაყოფილოა.

სამხედრო-სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიმართ უკმაყოფილება იმდენად დიდია, რომ ცენტრის წარმომადგენლებს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ სპეციალური ინფორმაციის გავრცელება დასჭირდათ. „დელტაში“ კი თვლიან, რომ ზარალი ცოტაა იმასთან შედარებით, რაც რეალურად შეიძლება ყოფილიყო.

„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის ინფორმაციით, 22-23 ივლისს, კახეთის რეგიონში - ახმეტა, თელავი, გურჯაანი, ყვარელი და ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზე სეტყვასაწინააღმდეგოდ, ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედება დაგვიანებით განხორციელდა. გასროლილი იქნა 90 ერთეულზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 19:00 საათიდან განვითარებული სეტყვასაშიში ღრუბლების საერთო ფართობმა შეადგინა 3531 კმ2. (353100 ჰექტარი) სეტყვის ალბათობა 80-100 %-მდე ვარირებდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების დიამეტრი კი 15-30 მმ იყო.

ობიექტური მიზეზების გამო ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედება შესაძლებლობისთანავე თუმცა, დაგვიანებით განხორციელდა. გასროლილი იქნა 90 ერთეულზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა. სროლების შედეგად კახეთის რეგიონში 349700 ჰექტარი ფართობის სასოფლო სამეურნეო სავარგული გადაურჩა დასეტყვას, რაც მოსალოდნელი დასასეტყვი ფართობის 95% ზე მეტია.

აღნიშნული დროის განმავლობაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საერთო ჯამში 95% ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა, რითიც მოსალოდნელი ზარალის უდიდესი ნაწილი თავიდან იქნა აცილებული“, - განაცხადეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „დელტა“ სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოს დაგვიანებით ახორციელებს. კახეთი სტიქიის საფრთხის ქვეშ კიდევ 2 თვე დარჩება და თუ ასე გაგრძელდა, დაზიანებული ფართობების ოდენობა გაიზრდება.