ნავთობის 30%-ით გაიაფებას ვარაუდობენ

ნავთობის 30%-ით გაიაფებას ვარაუდობენ

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი რამდენიმე კვირიანი გაძვირების შემდეგ გაიაფებას განაგრძობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 1 ბარელის ფასი 40 დოლარამდე დაიწევს. რამდენად აუწყობს საქართველო ფეხს მსოფლიო ტენდენციას ჯერ ცნობილი არ არის.

მისი ღირებულება უკვე ბოლო 4 თვის მინიმუმზეა. ამერიკული „ლაითის“ ტიპის ნავთობის ღირებულება 50 დოლარზე ჩამოვიდა, ხოლო „ბრენტის“ ფასი კი 56 დოლარის ფარგლებშია. ახლა ზაფხულია და სატრანსპორტო სეზონია, შესაბამისად, ნავთობპროდუქტების ფასი ყოველთვის მაღალია. დაახლოებით ერთ თვეში პიკი გადაივლის და „შავი ოქროს“ შემცირება უფრო თვალსაჩინო გახდება.

ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის ინფორმაციით, შტატები ამ სიტუაციაში მოპოვების ტემპის შემცირებაზე არც კი ფიქრობს. მეტიც, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აქ მოპოვება 2.3 მილიონი ბარელით გაიზარდა.

მსოფლიო ბაზარი ბოლო რამდენიმე კვირაა მკვეთრად რეაგირებს ირანის სრულფასოვან დაბრუნებაზეც. ნავთობის გაიაფებისთვის ესეც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. სამომავლოდ ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსები მის გაიაფებას 40 დოლარამდე და ამ ფასის შენარჩუნებას პროგნოზირებენ.

ირანმა და საერთაშორისო მომლაპარაკებლების „ექვსეულმა“ 14 ივლისს მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას და მიიღეს მოქმედებათა ყოვლისმომცველი გეგმა. მისი განხორციელება ირანს სრულად მოუხსნის გაეროს უშიშროების საბჭოს, აშშ–ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. ქვეყნის ნავთობის მინისტრის ბიჯან ნამდარ ზანგანეს განცხადებით, სანქციების მოხსნის შემთხვევაში ირანი აპირებს მოპოვების გაზრდას თუნდაც ფასების დაწევის ხარჯზე. სანქციების მოხსნის მოლოდინში, ირანის ბაზარზე შესვლისთვის უკვე ემზადებიან სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები.

მოლაპარაკებები მხარეებს შორის ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 2015 წლის 17 ივნისს დაიწყო. მანამდე, აპრილში, ირანმა და „ექვსეულმა“ წინასწარი შეთანხმება დადეს. საბოლოოდ შეთანხმება ძალაში 90 დღის შემდეგ შევა, მას შემდეგ რაც დოკუმენტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო დაამტკიცებს.

საინტერესოა, რამდენად იქონიებს გავლენას მსოფლიო ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე. ქართველი ნავთობიმპორტიორები რომ არაადკვატურად რეაგირებენ საერთაშორიოს ფასებზე ახალი ამბავი არ არის. ეს კონკურენციის სააგენტომაც დაადასტურა თავისი კვლევით, როდესაც ნავთობკომპანიები კარტელურ გარიგებაში დაადანაშაულა და 55 მნლ ლარის ჯარიმაც გამოუწერა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში ნავთობის გაიაფება საქართველოზეც აისახება, თუმცა რამდენად პროპორციულად და ადეკვატურად მოხდება მისი შემცირება, ეს დამოკიდებული იქნება ლარის გაცვლით კურსზე დოლართან მიმართებაში.

„საწვავზე ფასის კორექტირება, ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული, ეს არის ლარის გაცვლით კურსზე დოლართან მიმართებაში და მეორე, „პლატცის“ ფასზე. შესაბამისად, თუ საერთაშორისო ფასი იკლებს და ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურად მყარია, რა თქმა უნდა, საწვავზე ფასი მცირდება“, - აცხადებს ვანო მთვარლაშვილი.

ამ დღეებში 3-5 თეთრით საწვავი მხოლოდ მცირე ავტოგასამართმა სადგურებმა გააიაფეს. ე.წ. ბრენდული სადგურების მფლობელი 5 მსხვილ კომპანიას კი ჯერჯერობით რეაქცია არ გამოუვლენია.