მელუდეები აქციზის შემცირებას ითხოვენ

მელუდეები აქციზის შემცირებას ითხოვენ

ლუდის ბიზნესი ზარალს ზარალზე განიცდის. მხოლოდ მარტ-აპრილის პერიოდში მსხვილი კომპანიების პროდუქტის რეალიზაცია 45%-ით შემცირდა, რაც ამ ბიზნესისთვის ძალიან ცუდი მაჩვენებელია. რეალიზაციამ შედარებით მოიმატა ზაფხულში, მაგრამ ვითარების გამოსწორებაზე საუბარი გამორიცხულია. ის კი არადა, პორბლემა იმდენად სერიოზულია, რომ კომპანია „ნატახტარმა“, რომლის ორგანიზებითაც საქართველოში ლუდის ფესტივალი ეწყობოდა, ღონისძიების ჩატარებაზე უარი თქვა.

მელუდეები ყველაფერს აქციზის გაზრდილ გადასახადს აბრალებენ და გადასახადის შემცირებას ითხოვენ. მათი შეხვედრა ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან უკვე შედგა. ომბუდსმენმა ლუდის მწარმოებლების პოზიცია გაიზიარა. ლუდის ადგილობრივ მწარმოებლებთან მოლაპარაკება გაგრძელდება, ხოლო საბოლოოდ არ არის გამორიცხული, ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირებაზე მოლაპარაკება ფინანსთა მინისტრთან გაგრძელდეს.

კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილიც ამბობს, რომ ბიზნესმენები სექტემბრის ბოლოს, შეიკრიბებიან და გადახედავენ რამდენად სწორი იყო აქციზის გაზრდა.

„შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრა აუცილებლად იქნება ფინანსთა მინისტრთან ამ ფორმატში და შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრთან გადაწყვეტილების მისაღებად. ვიდრე ეს შეხვედრები და კონსულტაციები არ დასრულდება, გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ვადა ნოემბრამდე აქტიური კონსულტაციებისთვის“, - განუცხადა ხუნძაკიშვილმა „კომერსანტს“.

ლუდის რეალიზაციის შემცირებას ადასტურებენ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები. მოვაჭრეების ინფორმაციით, შემცირდა როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი წარმოების ლუდის რეალიზაცია. ზოგადად კი მოთხოვნამ თითქმის ყველა დასახელების პროდუქტზე იკლო და ამ მხრივ ალკოჰოლური სასმელი ერთ-ერთი ლიდერია.

სავაჭრო ობიექტ „არანისის“ თანამშრომლის ინფორმაციით, ქართულ ლუდზე მოთხოვნა, გაზაფხულის თვეებთან შედარებით ახლა კი, მეტია, მაგრამ გაყიდვა 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამორჩება. როგორც სუპერმარკეტში განმარტავენ, რეალიზაცია განახევრდა, ფასმა კი საგრძნობლად მოიმატა.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ სავაჭრო სექტორს სერიოზული კრიზისი აქვს. პირველადი მოხმარების საგნების გარდა, მოთხოვნამ ყველა სეგმენტში იკლო და ამ მხრივ არც ლუდია გამონაკლისი. რა თქმა უნდა, გაყიდვა შეგვიმცირდა. წინა წლის იმავე პერიოდს რომ შევადარო, კლება აშკარაა, მაგრამ მარტ-აპრილთან შედარებით, ზრდაა. ცხადია, ეს სეზონური ცვლილებაა, რომელიც ლუდის ბიზნესს ახასიათებს.

ლარი რომ არ გაუფასურებულიყო, 20-30 თეთრით გაძვირება ამ პროდუქტზე დიდად არც აისახებოდა. იმპორტირებული ნაწარმის შემთხვევაში, ფასში სხვაობა გაცილებით დიდია, რაც გაყიდვაზეც ნეგატიურად აისახება. მაგალითად, თუ ქართული ლუდის რეალიზაცია 15-20%-ით არის შემცირებული, უცხოურის შემთხვევაში, განახევრებულია“, - განმარტავენ „არანისში“.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი მარტიდან ერთ ლიტრ ლუდზე აქციზი 20 თეთრით გაძვირდა, რის შემდეგაც მომხმარებლისთვის ლუდის სხვადასხვა სახის პროდუქციის ფასმა 10-35 თეთრის ფარგლებში მოიმატა. მეწარმეების განცხადებით, ხელისუფლება გადაწყვეტილებას 2016 წლიდან მაინც თუ არ შეცვლის, ზარალი არა მარტო ლუდის წარმოებას, არამედ სხვა დარგებსაც მიადგება.