ყურძენი წელს ბევრი იქნება, ფასი კი - დაბალი, შეიძლება, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მცირეც კი. ამის მიზეზი ისაა, რომ ღვინის კომპანიები პროდუქტის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. რამდენადაც მათ არსებული მარაგისგან გათავისუფლება უჭირთ, ახალი ვალდებულების წამოკიდებას მაქსიმალურად მოერიდებიან.
„წელს კარგ მოსავალს ველოდებით. მთავარია ფასი ჰქონდეს შესაბამისი, რომ მოგება ვნახოთ და ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყაროს. 1 ჰა-ზე ვენახის მოვლა 1200 ლარამდე ჯდება. ძალიან მაღალი ფასი აქვს შხამქიმიკატებს, ვენახს შეწამვლა 4-5-ჯერ სჭირდება. თუ ყურძენს ფასი არ ექნება, ხარჯის დაფარვაც კი გაგვიჭირდება“, - აცხადებენ კახელი გლეხები.
ღვინის ექსპორტის შემცირება სავარაუდოდ, მის შესყიდვასა და ფასზე გავლენას მოახდენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 59 მილიონი ბოთლი შეადგინა, რამაც 26%-ით გადააჭარბა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამავე წელს სულ 46,7 მილიონი ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული. წელს, პირველ 6 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში სულ 13 706 653 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ივნისში ღვინის გადაზიდვის მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა. მხოლოდ წინა თვეს 3 მლნ-ზე მეტი ბოთლის ექპორტი განხორციელდა. თუ პროცესი ასეთი მზარდი ტემპით გაგრძელდა, წლის ბოლოს ღვინის ექსპორტის საერთო შედეგი თვალშისაცემად გაუმჯობესდება, თუმცა შარშანდელ მაჩვენებლს, რასაკვირველია, ვერ გაუტოლდება.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში ექსპორტის კლებას ქართული ღვინის ორ ბაზარზე - რუსეთსა და უკრაინაში მოთხოვნის შემცირებით ხსნიან. ამის ფონზე სხვა ქვეყნებში ექსპორტი იზრდება, თუმცა ქართული ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, სადაც ეკონომიკური კრიზისის გამო ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირებულია. ყველაზე დიდი რაოდენობით კი ექსპორტირებულია «ქინძმარაული», „მუკუზანი“ და „წინანდალი“.
რამდენადაც ღვინის კომპანიები არსებული მარაგის რეალიზაციას ვერ ახერხებენ, წელს ისინი, ყურძნის შესყიდვისგან თავს შეიკავებენ. თუკი ბაზარზე მოთხოვნა არ იქნება, ფასიც დაბლა წამოვა. ის, რომ ყურძენი წელს, შარშანდელზე გაცილებით იაფი ეღირება, ყველამ იცის. ამას არც სახელმწიფო უწყებაში მალავენ.
„ფასს ბაზარი ადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტი შემცირებულია, ამან, შესაძლოა, ყურძნის ფასზე მოახდინოს გავლენა და შარშანდელთან შედარებით ფასმა დაიკლოს. რთველი ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ყურძნის ფასი შესაძლოა შემცირდება.
მართალია, ივნისში ღვინის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდს 25%-ით მაინც ჩამორჩა. ამ დროისთვის პერსპექტიულ ბაზრებად ჩინეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთი, აშშ და იაპონია განიხილება“, - განუცხადა „ბპნ“-ს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ციცია მამულაშვილმა.
„თელავის ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილიც ადასტურებს, რომ წელს ყურძენზე მოთხოვნა შარშანდელზე შედარებით მცირე იქნება. რამაზაშვილი ამის მიზეზად, ღვინის რეალიზაციის შემცირებას ასახელებს.
„გაყიდვის მაჩვენებელი სერიოზულად არის შემცირებული. შარშან ეს გათვლა არავის გაუკეთებია. ყურძნის შესყიდვის წინ ღვინის ექსპორტი იყო ძალიან გაზრდილი, ამიტომ ყველა კომპანიამ დიდი რაოდენობით ყურძენი გადაამუშავა. აქედან გამომდინარე, ნაშთი საკმაოდ ბევრია. სავარაუდოდ, წელს ყურძენზე მოთხოვნა მცირე იქნება თუ რამე ისეთი გაუთვალისწინებელი არ მოხდა რეალიზაციის კუთხით. მდგომარეობა რუსეთში შედარებით გამოსწორდა, რაც ბაზარზე სტაბილურობის განცდას ქმნის. ვნახოთ, რა მოხდება“, - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.