პარლამენტმა საბანკო ზედამხედველობის კანონპროექტი მეორე მოსმენით უპრობლემოდ მიიღო. მალე მას კანონადაც აქცევენ, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტის ბარიერის გადალახვაც მოუწევთ. უკვე ცნობილია, რომ მეჭიაურ-ებანოიძის კანონპროექტს მარგველაშვილი ვეტოს დაადებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მას იოლად დაძლევს. ასე რომ, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სებ-ს საბანკო ზედამხედველობა გამოეყოფა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამეტმა ის შენიშვნები გაითვალისწინა, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს ჰქონდათ.
„მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტმა მეორე მოსმენით მუშაობა წინა ხუთშაბათს დაასრულა, ჩვენ კიდევ რამდენიმე დღით გადავდეთ ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა, რათა ყველას საშუალება ჰქონოდა გარკვეულიყო საკითხში. მხედველობაში გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ დღეებში სავალუტო ფონდთან ინტენსიური კონსულტაციები გაიმართა და მათი შენიშვნების უდიდესი ნაწილი ასახულია კანონპროექტში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
კანონპროექტის ავტორი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ეროვნული ბანკის საქმიანობა უფრო გამჭირვალე გახდება და ეს სტრუქტურა მეტი ნდობითაც აღიჭურვება. ახლა კი ყველაფერი ერთი „ცელქი ბავშვის“ ნებაზეა მიშვებული.
„თივის ზვინზე მჯდომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც ცელქი ბავშვივით ზის და ხელში ასანთი უჭირავს, ამ ასანთს ვართმევთ“, - განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. მეჭიაურმა ისიც აღნისშნა, რომ ზვინიდან ის თავის დროზე ოპოზიციის მიერ მრავალჯერ გალანძღულმა ბიძინა ივანიშვილმა არ ჩამოსვა.
ზედამხედველობის სამსახურის ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებას აკრიტიკებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება მნიშვნელოვანი საფრთხე იქნება მთლიანად ეკონომიკისთვის.
„ჩვენი პოზიცია საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებით არის ცალსახად ნეგატიური. ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. თვითონ კანონმდებლობის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ კანონმდებლობის მიზანი არის პოლიტიკური კონტროლის დაწესება საბანკო სექტორზე. რა საფრთხეებს შეიცავს პოლიტიკური კონტროლის დაწესება საბანკო სექტორზე, ამისთვის შორის წასვლა არ არის საჭირო, შეგვიძლია რეგიონის სხვა ქვეყნებში წავიდეთ და ვნახოთ, თუ რა მდგომარეობაა იქ, სადაც ეროვნული ბანკი არის სუსტი და არ არის დამოუკიდებელი. ის კანონმდებლობა, რასაც დღეს განიხილავენ და რაშიც ძალიან ბევრი ენერგია იხარჯება, არის დიდი საფრთხის შემცველი“, - განაცხადა ქადაგიძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი კი „მაესტროსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „საბანკო ზედამხედველობის გამოტანით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე, შესაძლოა, ბანკებს კაპიტალიზაციის პრობლემები შეექმნათ“. ის კვლავ ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას ეროვნული ბანკის კონტროლქვეშ დატოვოს საბანკო ზედამხედველობა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მოდელის არჩევა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა.
სადიკოვი განმარტავს თუ რატომ შეიძლება ბანკებს კაპიტალიზაციის პრობლემა შეექმნათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯამური მაჩვენებლები დღეს საკმაოდ მაღალია.
„რადგანაც ბოლო ერთი წლის განმალობაში აშშ დოლარათან მიმართებაში ლარი 30%-ით გაუფასურდა, რადგან გაცემული სეხების 60-65% აშშ დოლარშია, არის რისკი, რომ ბანკების სასესხო პორტფელის ხარისხი გაუარესდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივად, ბანკების კაპიტალიზაცია მაღალია, შესაძლოა, ზოგიერთ ბანკს დასჭირდეს დამატებითი კაპიტალი. საბანკო ზედამხედველობის გატანით გამოწვეულ გაურკვევლობის ფონზე, ზოგიერთმა ინვესტორმა, შესაძლოა, გადადოს თანხის ჩადება ბანკში, რაც ბანკებისთვის კაპიტალის მოზიდვას გაართულებს“, - განმარტა აზიმ სადიკოვმა.