ბათუმში ძველი ბულვარი გაჩეხეს

ბათუმში ძველი ბულვარი გაჩეხეს

ბათუმის ძველ ბულვარში, თურქული კომპანია 200-მეტრიანი სასტუმროს აშენებას აპირებს, რის გამოც ასწლოვანი წიწვოვანი ხეები გაჩეხეს და გარკვეულ ტერიტორიას ღობე შემოავლეს, რომელიც ბათუმში არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებმა 20 აპრილს მოარღვიეს, შემდეგ პოლიციას ოქმი შეადგენინეს და ჩვენებები მისცეს - მოითხოვეს იმათი დასჯა, ვინც რეკრეაციული ზონის ნაწილი გაანადგურა. 

ეს ინფორმაცია ”ობიექტივი.ნეტ”-ს ”ლეიბორისტული პარტიის” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით რობაქიძემ მოაწოდა. ამ თემასთან დაკავშირებით აჭარის ა/რ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, სოფო ლაზიშვილსაც ვესაუბრეთ.

20 აპრილს, 12 საათზე ბათუმში არსებულმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და კატეგორიულად მოითხოვეს ძველი ბულვარის განადგურების შეჩერება.

ბათუმის ბულვარს ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს, მაგრამ ამ კონრეტულ შემთხვევაში, გინდ - ჰქონია და გინდ - არა, რადგან, როგორც უნდათ და რასაც უნდათ იმას თხრიან, ჭრიან, აშენებენ და ანგრევენ. გასული წლის 3 ნოემბერს, გამოვაქვეყნეთ მასალა სათაურით - მოძრავი რესტორნისთვის ბიუჯეტიდან 60 მილიონს რიცხავენ. ეს ინფორმაციაც ”ლეიბორისტმა” დავით რობაქიძემ მოგვაწოდა და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ დაგვიდასტურა.

3 ნოემბერს გამოქვეყნებული მასალა შემთხვევით არ გაგვხსენებია. მასში შავით თეთრზე ეწერა, რომ ბათუმის ბულვარში, ყოფილი საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება იგეგმებოდა. კირთაძემ რობაქიძის მიერ მოწოდებული ეს ინფორმაციაც დაგვიდასტურა. 

დღეს ჩვენთან საუბრისას დავით რობაქიძე, გეოლოგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ყოფილი საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება გადაიფიქრეს, რადგან აღმოჩნდა, რომ ნიადაგი საამისოდ მყარი არ არის და 200-მეტრიანი სასტუმროს აშენება ძველი ბულვარის სხვა მონაკვეთში გადაწყვიტეს. 

”როგორც კი ძველი ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში შედიხართ, ე.წ. შადრევნებთან, მარჯვენა მხარეს, იმ ტერიტორიაზე, რომელიც შადრევნიდან სტადიონამდე იყო გადაჭიმული, არის ასწლოვანი წიწვოვანი ნარგავები და რამდენიმეათასდოლარიანი პალმები. წიწვოვანი ნარგავები უკვე განადგურებულია. აი, სწორედ იქ აპირებენ 200-მეტრიანი სასტუმროს აშენებას. დღეს ბათუმის ბულვარს თურქები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დავალებით ანადგურებენ”, - გვითხრა დავით რობაქიძემ.

ჩვენს კითხვაზე - რაზე დაყრდნობით აცხადებთ ამას? - მოგვიგო: ”მას შემდეგ, რაც ბათუმში არსებულმა ყველა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა (ნინო ბურჯანაძის ”სახალხო კრების”, მისივე ”შეფიცულების”, თარგამაძის ”ქრისტიან-დემოკრატების” და ”ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების გარდა) გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება, წავედით და მოვარღვიეთ წუხელ, ქურდულად, ღამის ორ საათზე შემოღობილი. იმ ქართველმა მუშებმა, რომლებიც ობიექტზე სამუშაოს ასრულებდნენ, გვერდზე გაიწიეს, რის შემდეგაც აქტიურობა თურქმა მოქალაქეებმა დაიწყეს, რასაც ცოტათი სხვა ელფერი მიეცა - სიტუაცია იძაბებოდა, დასაშვები იყო შეხლა-შემოხლა მომხდარიყო. თურქებმა საპატრულო პოლიციას დაურეკეს. მინდა განგიმარტოთ, რომ თურქული კომპანია არის შემსრულებელი; დამკვეთი შპს ”საქართველოს რკინიგზის” შვილობილი კომპანია ”რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტია”.

არც შინაგან საქმეთა სამმართველო და არც საპატრულო პოლიცია ამ საქმეში არ ჩარეულა. მოვიდნენ და თავისთვის იდგნენ - ასწლოვანი ხეები ძირში მოჭრილი რომ ნახეს, თვალის გასწორება უჭირდათ. მანამდე გეოლოგებს ამ ტერიტორიის 40 მეტრზე გაბურღვა დაავალეს, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს და ახლა 65 მეტრი სიღრმეზე აბურღვინებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 200 მეტრის სიმაღლის იქნება შენობა, რომლის აშენებასაც გეგმავენ”.

დავით რობაქიძე ამბობს, რომ თურქები ბათუმის ბულვარში საასტუმროს აშენებას ვერ შეძლებენ - ”თუ წინააღდეგობის ის ფორმა არ აღმოჩნდება საკმარისი, რომელსაც ისინი დღეს წააწყდნენ, მაშინ მე, ჩემი მეგობრები და ის ადამიანები, რომლებიც ბათუმში ცხოვრებას და სუნთქვას ვაპირებთ, მშვიდობიანი პროტესტის ყველანაირი ფორმით გავუწევთ წინააღმდეგობას, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ქალაქი და მისი ფილტვები, რასაც ბულვარი ჰქვია. ჩვენ არ გვეშინია და მათ კი უნდა ეშინოდეთ ჩვენი”.  

ბათუმის ბულვარს ძეგლის სტატუსი სამჯერ აქვს მინიჭებული - ოცდაათიან წლებში, 1987 წელს და ბოლოს 2006-ში. ამის შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტში განგვიმარტეს. გვითხრეს ისიც, რომ მშენებლობების ნებართვის გაცემას არეგულირებს 2007 წელს მიღებული კანონი, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელშიც ცვლილებები შევიდა - ამ კანონზე დაყრდნობით შეიქმნა ექსპერტებით დაკომპლექტებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელიც განიხილავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რა და როგორ შეიძლება მოხდეს.

ეს საბჭო ადრე კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ექვემდებარებოდა და აქვე ხდებოდა იმის განხილვა, ძეგლის ტერიტორიაზე პატარა რესტორანი აშენდებოდა თუ ერთსართულიანი ლუდის ბარი, მაგრამ აჭარიდან წამოსული თხოვნის საფუძველზე, ამ საქმეს ახლა აჭარაში წყვეტენ - სათათბირო ორგანო შეიქმნა, რომელსაც ეწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო და ამ საბჭოში ფუნქციონირებდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სექცია, რომელიც თავის მხრივ, შედიოდა აჭარის ა/რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტში. ამ დეპარტამენტს ეკა მაძღარაშვილი ხელმძღვანელობდა.

სწორედ მაძღარაშვილთან სატელეფონო საუბრისას შევიტყვეთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო გამოეყო აჭარის კულტურის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა, რომელსაც სოფო ლაზიშვილი ხელმძღვანელობს. ლაზიშვილმა გვითხრა, რომ ამ სააგენტოში მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ჯერჯერობით არანაირი განაცხადი არ შესულა.

ბათუმის ბულვარის ძეგლის სტატუსის ირგვლივ არსებული ვითარება ისევ ბურუსითაა მოცული. ამ საკითხს გასული წლის სამი ნოემბრიდან დღემდე არკვევენ, არკვევენ და ვერ გაურკვევიათ. 

”საქართველოს კულტურის მინისტრის, 2006 წლის ბრძანებით, ბათუმის ბულვარს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, მაგრამ ზოგადი ჩანაწერია. აქამდე დაზუსტება არ მომხდარა, კონკრეტულად რა ტერიტორიას მოიცავს ძეგლის ტერიტორია და ამიტომ, ამაზე ინფორმაციას, სამწუხაროდ, ვერ გაძლევთ. უფრო ზუსტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს კულტურის სამინისტროში”, - ასეთი პასუხი მივიღეთ გასული წლის 3 ნოემბერს მაძღარაშვილისგან. მასთან საუბრის შემდეგ ისევ საქართველოს კულტურის სამინიტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს დავუკავშირდით, რომლის დირექტორის მოადგილემ, მაკა შავიშვილმა გვითხრა, რომ ბულვარის ტერიტორიის ზუსტი მონაცემები საქართველოს კულტურის სამინისტროში არ იყო და რომ ეს საკითხი მაძღარაშვილის დეპარტამენტში უნდა გაგვერკვია.

ეს იყო 2010 წლის 3 ნოემბრს. აი, რას გვპასუხობს დღეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, სოფო ლაზიშვილი იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ძეგლის სტატუსი ბათუმის ბულვარს:

”არის საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის ბულვარს მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი, მაგრამ სააღრიცხვო ბარათში ზუსტად მითითებული არ არის რა ნაწილია - მთლიანად ბულვარია თუ საიდან სადამდეა. ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. ეს საკითხი ცოტა ისეთი ხარვეზის ქვეშ არის და დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა”.

ჩვენს კითხვაზე - ხართ თუ არა ვალდებული რეაგირება მოახდინოთ იმაზე, რომ ძველ ბულვარში ხეებს ჭრიან, მიწას თხრიან? - ლაზიშვილი პასუხობს: ”ჩვენ როგორც განგვიმარტავენ, იქ ბულვარის განაშენიანების პროცესია, თორემ, როგორც ასეთი, რომ ეს სასტუმროსთვის კეთდება, ჩვენთან ამ ეტაპზე არანაირი დოკუმენტი არ არის შემოსული, რის გარეშეც ამ კონკრეტულ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”.