სახელმწიფოს მფლობელობაში ჯერ კიდევ ათეულობით კომპანიაა. მათი რენტაბელობა და ეფექტურობა წლიდან წლამდე იკლებს - თითქოს, ისინი დაგვიანებით რეაგირებენ საბაზრო ეკონომიკის პირობებზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანიების, შპს-ებისა და სააქციო საზოგადოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეისწავლა. ანგარიშში მოხვდა ის 264 კომპანია, რომლებიც სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია.
საიას იურისტი სულხან სალაძე ამბობს, წლიდან წლამდე მცირდება იმ საწარმოების მოგება, რომელთაც სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო მართავს. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს, ერთი მხრივ, მკაფიო რეგულაციების შემოტანაზე, მეორე მხრივ, იმ საწარმოების ლიკვიდაციასა და კერძო სექტორში გადატანაზე, რომლებიც პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს, მით უმეტეს, რომ საუბარია, ჯამში, დაახლოებით მილიარდი ლარის ქონების საწარმოებზე.
სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს, სახელმწიფო საწარმოთა მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ზღუდაძე საიას კვლევას ობიექტურს უწოდებს და ამბობს, რომ სააგენტოში წლების განმავლობაში დაგროვდა პრობლემები, თუმცა ბევრი პოზიტიური შედეგიცაა. ზღუდაძის ინფორმაციით, სახელმწიფო აპირებს იმ კომპანიების მაქსიმალურად შემცირებას, რომლებიც პროფილურად არ მუშაობენ და მათი მოგება მხოლოდ ქონების იჯარაზეა დამოკიდებული.
სახელმწიფოს კუთვნილი და არამომგებიანი კომპანიების პრივატიზაციის პროცესში არსებული პრობლემების გარდა, მომგებიანი კომპანიების სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალებულების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლევან ავალიშვილი. მისი თქმით, 100 პროცენტით სახელმწიფო კომპანია „საქართველოს ფოსტა“ 2011 წლის შემდეგ სახელმწიფოს საერთოდ არ აწვდიდა ინფორმაციას ფინანსური ანგარიშების თაობაზე:
„თავის დროზე მოთხოვნილი გვქონდა „საქართველოს ფოსტის“ ბალანსები და აღმოჩნდა, რომ „ფოსტა“, უბრალოდ, არ აგზავნიდა ამ ბალანსებს და ან სხვა ანგარიშებს ეკონომიკის სამინისტროში. ეს არის 100%-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია. ინფორმაცია მხლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ იქ შევიდოდა სახელმწიფო აუდიტი, მაგრამ არ შედიოდა, ესეც ხომ ფაქტია, ანუ კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობდა ამ სექტორზე. ეს გამიზნული იყო თუ არა, სხვა საკითხია“, - აცხადებს რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ავალიშვილი.
საბოლოო ჯამში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის კუთხით ბევრი პრობლემაა. მაგალითად, არ არსებობს სათანადო რეგულაციები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობის, თუნდაც, მინიმალურ სტანდარტს დაადგენს. გარდა ამისა, დაბალია იმ საწარმოთა რიცხვი, რომელთაც გააჩნიათ ეთიკის მარეგულირებელი წესები და თვიშეფასების დოკუმენტები. სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ არც ერთ საწარმოში, ამ დრომდე მმართველი რგოლის დანიშვნა კონკურსის წესით არ განხორციელებულა და სამწუხაროდ, მსგავსი ვალდებულება არც კანონით არის განსაზღვრული. არ არის დადგენილი საწარმოების მხრიდან წლიური ანგარიშების წარდგენის ფორმა, წესი და პირობები.
გარდა ამისა, სახეზეა მთელი რიგი ტექნიკური ხასიათის პრობლემები. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა უმეტესობას არ გააჩნია ვებ-გვერდი, არ არსებობს პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებების, სამომავლო გეგმების, წლიური ანგარიშებისა და სხვა მსგავსი ხასიათის საკითხების შესახებ.
შესაბამისად, სპეციალისტების აზრით, პირველ რიგში, აუცილებელია, ძირითადი ფაქტორების გადაჭრა, რომ ვითარება ამ კუთხით გაუმჯობესდეს.