წლის ბოლომდე ლარის რყევა მოსალოდნელი აღარ არის

წლის ბოლომდე ლარის რყევა მოსალოდნელი აღარ არის

სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ლარის კურსი იმ დიაპაზონში იქნება, რაც დღესაა. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთიდან უცხოური ვალუტის შემოსვლა მკვეთრად შემცირდება, სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ეროვნულ ვალუტას არ გააუფასურებს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ლარის კურსი დასტაბილურებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავალუტო რყევა აღარ არის მკვეთრი, რაც დღეს სახეზეა.

“ბუნებრივია, კურსი დასტაბილურებულია, რადგან, როგორც იცით, 2.38-მდე იყო ასული, ამჟამად კი 2.24-ზეა. ეს არის ის დონე, რა დონითაც ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში დღეს არის გაუფასურებული ვალუტები დოლართან მიმართებაში. ამიტომ ჩვენ ხელოვნურად უფრო მყარ ვალუტას ვერ შევქმნით გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი სავაჭრო ბალანსი არის ასახული დღეს იმ კურსში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა, რითაც უპასუხა შეკითხვას, დაახლოებით აღნიშნულ მაჩვენებელს გულისხმობდა თუ არა მთავრობა, როცა ზაფხულში დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დასტაბილურებას პროგნოზირებდა.

ლარის სამომავლო პროგნოზთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი უფრო ოპტიმისტური აღმოჩნდა. ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის დასტაბილურების შესახებ პროგნოზის გაკეთებისას მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღევანდელ მდგომარეობას არ გულისხმობდა. მისი თქმით, “ექსპორტის და ტურიზმის ზრდის კვალობაზე მოხდება კურსის კიდევ უფრო გამყარება”.

თუმცა ეროვნული ვალუტა ახალი გამოწვევის წინაშეა. ეს არის საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები. ეს ქვეყანა საქართველოში ფულადი გზავნილების მხრივ მეორეა ადგილზეა. წლის განმავლობაში საბერძნეთიდან 220 მლნ-მდე დოლარი შემოდიოდა. ბოლო თვეებში კი კლება აშკარაა. ფულადი გზავნილები 15 მილიონით შემცირდა, ხოლო ახლა, ალბათ, მიზერულ დონემდე დაეშვება. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის აზრით, საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები განსაკუთრებით პირველ ეტაპზე გაცილებით უფრო მტკივნეულია სოციალური თვალსაზრისით, ვიდრე ფინანსური ნაკადის შემცირების კუთხით.

“შეიძლება პირობითად 100 მილიონი დოლარის დანაკლისი გადმორიცხვების თვალსაზრისით ჯამურად მაკროეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი თანხა არ იყოს ქართული ეკონომიკისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, სოციალური დატვირთვა გაცილებით დიდი აქვს ამ პრობლემას. უამრავი ჩვენი მოქალაქე მუშაობს იქ, რაც ნიშნავს, რომ ათასობით ოჯახის მთავარი შემოსავალი საბერძნეთიდან გზავნილებია. ამიტომ, ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით პირველ ეტაპზე უფრო მტკივნეულია სოციალური თვალსაზრისით, ვიდრე ფინანსური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს”, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ და დასძინა, რომ საბერძნეთიდან გზავნილების შემცირება პროგნოზებში გათვალისწინებული იყო.

“იმედია, პესიმისტური ვარაუდი არ გამართლდება ევროზონაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებსაც, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება როგორც საქართველოზე, ასევე მთლიანად რეგიონზე”, _ აღნიშნა ქადაგიძემ.

ეკონომისტი რომან გოცირიძეც მიიჩნევს, რომ საბერძნეთიდან გზავნილების შემცირება ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა აქვე დასძენს, რომ  ემიგრანტების დიდი ნაწილი ვერ დაბრუნდება საქართველოში. “მათ, სამწუხაროდ, მოუწევთ მძიმე ვითარებაში მუშაობა. ნაწილი დაბრუნდება, ნაწილი სხვა ქვეყანაში გადავა, მაგრამ ასე ყველა მაინც ვერ დაბრუნდება სამშობლოში”, _ განაცხადა რომან გოცირიძემ.

ბერძნული კრიზისის ლარის კურსზე გავლენას თითქმის მთლიანად გამორიცხავს ექსპერტი მიხეილ დუნდუა. იგი დარწმუნებულია, რომ ამის გამო კურსის მერყეობას არ უნდა ველოდოთ.

“წლის პირველ ნახევარში საბერძნეთიდან ჩვენ მივიღეთ 85 მლნ დოლარი და მეორე ნახევარშიც ამდენივეს ველოდით. თუკი ყველაზე უარესი სცენარით განვითარდა მოვლენები და შემდგომ თვეებში განახევრდა ნაკადი, დაგვაკლდება დაახლოებით 40 მლნ დოლარი. ეს კი ის თანხა არ არის, რომ ლარის კურსის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას. მაკროეკონომიკურ დონეზე ამგვარი დანაკლისი გავლენას ვერ მოასხდენს”, _ აცხადებს მიხეილ დუნდუა.