ქათმის და კვერცხის მოჯადოებული წრე ქართულ ეკონომიკაში

ქათმის და კვერცხის მოჯადოებული წრე ქართულ ეკონომიკაში

„ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ, ამ მდგომარეობას ჰქვია სიღარიბე. 50% ჩვენი მოსახლეობის სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ცხოვრობს სიღარიბეში. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, - განაცხადა „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„სახელმწიფოს არ შეუძლია იმაზე უკეთესი შესთავაზოს, რაც არის „აწარმოე საქართველოში“, ან იაფი აგროკრედიტი, რომელის ფარგლებშიც ჩვენ 10%-იან სესხის სუბსიდირებას ვუკეთებთ და მეწარმეს, 1% ან 2% გადახდა უწევს მხოლოდ. ჩვენ ვაძლევთ ქარხანას თუ მიწას სიმბოლურ ფასად ერთ ლარად. ამას გარდა სახელმწიფო გასცემს გარანტიას ბანკებისთვის 50%-ის ოდენობით, ეს არის უდიდესი ხელშეწყობა. ასეთი პირობები თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის ევროპაში... ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ბიზნესს. მაშინ როდესაც სახელმწიფოს ნებართვა არსებობს, რომ ეკონომიკა გაძლიერდეს წინ აღარაფერი არ უნდა დაგვიდგეს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

2 წლის შედეგებით, იაფი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსდა და შეიქმნა 132 საწარმო.  „აწარმოეს საქართველოს“ ფარგლებში კი 90 სამრეწველო პროექტი მოხვდა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 250 მილიონ ლარს. კომერციულმა ბანკებმა პროგრამების ფარგლებში გასცეს 122 მილიონი ლარია.

„ყველანაირი გათვლებით, ჩვენ ფიქრობთ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნება 5 ათასი სამუშაო ადგილი, მე ვსაუბრობ უახლოეს 2-3 წელიწადზე... მთავრობის მიზანია ეტაპობრივად ჩაანაცვლონ იმპორტირებული საქონელი...ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი ხელისუფლების, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროგრამაში და მეტი ადამიანი დასაქმდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წარმატებული პროექტების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკას მაინც მძიმე დღეები უდგას და როგორც პრმიერმა აღნიშნა, მოსახლეობის უმეტესობა სიღარიბეში ცხოვრობს. შესაძლებელია თუ არა ამ მოჯადოებული წრის გარღვევა, ექსპერტი, ლევან კალანდაძე გვესაუბრება.

ლევან კალანდაძე: „აწარმოე საქართველოში“ და „იაფი აგროსესხის ფარგლებში“ ბუნებრივია, რევოლუციური ცვლილებები ვერ მოხდებოდა. ეს პროექტები ორიენტირებულია შეზღუდული რაოდენობის ბიზნესინიციატივების წახალისებაზე. ამ პროექტის ფარგლებში 90 საწარმოა დაფინანსებული, საერთო, ჯამური საინვესტიციო ღირბულება არის 250 მილიონი ლარი და გაცემულია 122-მილიონიანი იაფი კრედიტი.

ეს არ არის თანხის ის ოდენობა, რომელიც ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას ფეხზე დააყენებს და ამავე დროს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასაც ხელს შეუწყობს. ეს არის, შეიძლება ითქვას, ფოკუსირება რამდენიმე მიმართულებაზე, და როგორც ვნახეთ 90 საწარმოა დაფინანსებული, რაც თავისთავად, კარგია და ხელს უწყობს ამ საწარმოების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის კარგი, მაგრამ არასაკმარისი.

ამ თემის გაგრძელება იქნებოდა უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა და სახელმწიფო პოლიტიკის ისეთი პრიორიტეტების გამოკვეთა, ჩამოყალიბება და განვითარება, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთი ბიზნესმიმართულებების განვითარებაზე, რომელზეც თავად პრემიერი საუბრობდა. მაგალითად, ვასხამთ ღვინოს, მინერალურ წყალს საქართველოში, მაგრამ ბოთლი ჩვენს ქვეყანასი არ გვაქვს. ასეთი ტიპის პროექტების ინიცირება უნდა იყოს უკვე შემდგომი ეტაპი.

ერთ მაგალითს მოვიყვან - საყოველთაო ხვნის პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ინიცირება გაკეთდა ე.წ. „დანერგე მომავალის“ პროექტისა, რომელიც გრძელვადიანი, მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენებას ითვალისწინებს - 70%-იანი თანადაფინანსებით. ეს უკვე აღარ არის სოციალური პროექტი, როგორიც იყო საყოველთაო ხვნის ან მიკრომეწარმეებისთვის 5 ათასი ლარის დარიგების პროექტები  - ეს უკვე ბიზნესპროექტია. ასეთი ტიპის პროექტების წახალისება ერთი მხრივ, წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს საქართველოში,  მეორე მხრივ, ექსპორტზე ორიენტირებულ წრმოებას შექმნის, რომელზეც არის მოთხოვნა. ასეთია მაგალითად, კაკლის, ნუშის თხილის ბაღების გაშენება, რომელიც საექსპორტო პროდუქციაცაა, კარგი ფასიც აქვს და სოლიდური შემოსავლის მომტანია, როგორც მეწარმისთვის, ასე სახელმწიფოსთვის.

ასეთი პროექტების ინიცირება უკვე უნდა გახდეს შემდგომ ეტაპზე სახელმწიფოს პრიორიტეტი. ანუ მთავარი არ არის მეწარმეს მისცე ფული და დაეხმარო მას ბიზნესის წამოწყებაში ან განვითარებაში. მთავარია სახელმწიფო პრიორიტეტების შესაბამისად, გაჩნდეს კაპიტალზე წვდომის შესაძლებლობა ბიზნესისათვის.

მაგალითად, აქტუალური თემა თუ არის ბოთლების ბიზნესის წარმოება საქართველოში, სახელმწიფო პოლიტიკაც ამ მიმართულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ზოგადად, ბიზნესის განვითარებაზე. ანუ სახელმწიფო პროექტებში უნდა გაჩნდეს სპეციალიზაცია.

თუმცა ისიც მართალია, რომ სახელმწიფომ თვითონ კი არ უნდა ათრიოს ბიზნესი, არამედ ბიზნესი თვითონ პოულობს გზას, თუ არის შესაფერისი პირობები. ჩვენ რა გვაკლია იმისათვის, რომ ბიზნესმა ამ ქვეყანაში საქმის დაწყება გადაყვიტოს?

- საქართველოში მართლაც ბევრი იდეა და პროექტი არსებობს, მაგრამ ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას აქვს ერთი დიდი მინუსი და პრობლემა ბიზნესის განვითარების კუთხით. ეს არის კაპიტალის წვდომაზე დეფიციტი და ამაში არ იგულისხმება საკრდიტო რესურსების ნაკლებობა - ეს პრობლემა არ არის; პრობლემაა ძირითადი კაპიტალის წვდომა, რომელიც უნდა გახდეს საქმის დაწყების და გრძელვადიანი სასეხო კაპიტალის მოზიდვის საფუძველი.

როდესაც სახელმწიფო პროგრამები იგეგმება, სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაიგეგმოს, - სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს არა ვინმესთვის ფულის, ანუ სესხის მიცემა, არამედ იმ ძირითადი კაპიტალის შექმნა, რომელზეც მერე უკვე დაშენდება პროექტი და რომელიც თავად მოიზიდავს სასესხო კაპიტალს.

კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს? - 1 ლარად გადაეცეს ხალხს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება? - შენობა-ნაგებობები იქნება ეს თუ მიწის ნაკვეთები?

- 1 ლარად, ანუ პირობით გადაცემა თავისთავად, არის ძალიან კარგი, როგორც საწარმოო საშუალებების და ძირითადი ფონდების - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ შენობა-ნაგებობას და მიწას. ეს ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ეს ეტაპი გავლილი აქვს ძალიან ბევრ ქვეყანას და საკმაოდ წარმატებულადაც. ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა გაჩნდეს. ეს იქნებნა ის კაპიტალი, რომელზეც შესალებელი გახდება დამატებით მოიზიდოს ბიზნესმა სასესხო კაპიტალი, ე.წ ძირითადი საბრუნავი საშუალებები შეიძინოს და განავითაროს. ეს სწორი მიდგომაა.

პრობლემა ის ის, რომ სახელმწიფოს ხელში არსებული კაპიტალის მასშტაბები არის ძალიან მცირე იმისათვის, რომ მასშტაბური ბიზნესპროექტების ინიცირება განხორციელდეს.

ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოყენებული იქნა დამატებითი კაპიტალის, ანუ საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვის პრაქტიკა და საამისოდ სპეციალური ფონდებიც შეიქმნა სახელმწიფოსა და უცხოელი ინვესტორების თანამონაწილეობით. ანუ ფონდი ქმნიდა ძირითად კაპიტალს სხვადასხვა ბიზნესისთვის და ამ ძირითადი კაპიტალის საფუძველზე ხდებოდა უკვე სესხების მოძიება.

ანუ ერთიანი სისტემაა ჩამოსაყალიბებელი, რომელიც კაპიტალის არსებობის პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოხსნის. საუბარი იმაზე, რომ ეს პრობლემა მთლიანად, ქვეყანაში მოიხსნება, ბუნებრივია არ არის, - ყველას არ ექნება ამ სიკეთით სარგებლობის საშუალება, ეს წარმოუდგენელია; მაგრამ გარკვეული პრიორიტეტული მიმართულება უნდა არსებობდეს.

სახელმწიფო ყველაფერს კი არ უნდა მიედ-მოედოს, არამედ უნდა შეარჩიოს ის პრიორიტეტები, რაც მიაჩნია სტრატეგიულად. მაგალითად, სოფლის მეურნეობა ზოგადად კი არ უნდა იყოს პრიორიტეტი, არამედ სოფლის მეურნეობის დარგები უნდა შეირჩეს. თუ, მაგალითად, ვაშლსა და ქლიავს ევროპაში ვერ გავყიდით, პრიორიტეტული არ უნდა იყოს ვაშლის და ქლიავის ბაღების გაშენება. მაგრამ კაკლის, ნუშის და თხილის ბაღების გაშენება და ამაში ხელშეწყობა ბიზნესისთვის, უნდა გახდეს პრიორიტეტული.

თუმცა დღევანდელი სურათი არც თუ იმედისმომცემია - ქვეყანაში მსყიდველობითუნარიანობა არის ძალზე დაბალი და ეს თბილისის ქუჩების მაგალითზეც კარგად ჩანს - იხურება მაღაზიები, ყოველი მეორე მაღაზია უზარმაზარ ფასდაკლებებს გვთავაზობს და მაინც ცარიელია, ლამის ყოველი მესამე მაღაზია ქირავდება; სამაგიეროდ, ერთმანეთის გვერდითაა ჩამწკრივებული და სოკოებივით მრავლდება ლომბარდები და მიკროსასესხო ორგანიზაციები - ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მცდელობის მიუხედავად ქვეყანას წინსვლა არ ეტყობა? - რა არის ამის მიზეზი?

- ის ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ...

ანუ მოჯადოებული წრეა - თუ მსყიდველობითუნარიანობა დაბალია, ბიზნესი ვერ ვითარდება, თუ ბიზნსი ვერ ვითარდება მსყიდველობითუნარიანობა დაბალია - ამ წრის გარღვევის რეცეპტი არსებობს?

- ქათმის და კვერცხის ვარიანტია, მაგრამ გამოსავალი არსებობს. მთავარია, ძირითადი პრინციპი სახელმწიფო მიდგომებისა ეკონომიკური პრობლემებისადმი იყოს სწორი. ის, რომ ეკონომიკის მთავარი აქტორი და ხერხემალი უნდა იყოს ბიზნესი, უალტერნატივოა. თუ იმაზე ვიფიქრეთ, რომ თავად სახელმწიფო ჩერთოს ეკონომიკაში, მან აწარმოოს, შესთავაზოს სერვისები და ა.შ. ეს თავისთავად მცდარი შეხედულებაა.

თუ მივცემთ ბიზნესს განვითარების საშუალებას და მაქსიმალურად მცირედ ჩაერევა სახელმწიფო ბიზნესში, ეს არის რთული, მძიმე და გრძელი გზა, მაგრამ ეს გზა უნდა გავიაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო რესურსი არის ამოწურვადი. სახელმწიფო რესურსით ეკონომიკის შენარჩუნება შესაძლებელია ერთი-ორი, მაქსიმუმ, სამი წელი; მერე რესურსი ამოიწურება და თუ კვლავწარმოება ანუ ბიზნესი, როგორც კვლავწარმოების წყარო არ დაიბადა; ბიზნესი, როგორც საბიუჯეტო შემოსავლების წყარო არ განვითარდა, მერწმუნეთ ბიუჯეტს ფული აღარ ექნება სახელმწიფო პროექტების დასაფინანსებლად.

ასე რომ, პრინციპი არის ეს - ბიზნესს მივცეთ მაქსიმალური თავისუფლება. ეს არის გრძელი გზა და ერთ და ორ წელიწადში შედეგს არ იძლევა, მაგრამ ეს არის სწორი საფუძვლის ჩაყრის საშუალება. თუ სახელმწიფო პროექტებით ეს წახალისდება, შედეგი იქნება. თუ არ მოხდება ასე, მერწმუნეთ, პრობლემები მუდმივად გვექნება. სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებამ და სახელმწიფო სახსრების ხარჯზე სტაბილურობის შენარჩუნებამ სადამდე მიიყვანა საბერძნეთი, პრაქტიკულად, ვნახეთ.

თქვენ აღნიშნეთ, რომ მთავარია სწორი მიდგომები სახელმწიფოს მხრიდან. ამ მთავრობს აქვს სწორი მიდგომები? - როგორც ვხედავთ, სწორი მიდგომები არ ჰქონია საქართველოს არც ერთ წინა მთავრობას, რაკი ქვეყნის ეკონომიკა მუდმივად მძიმე მდგომარეობაშია...

- სწორი მიდგომები, ანუ კონცეპტუალური ხედვა პრობლემისა, არის სწორი. უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარკვეული ხარვეზები ამ ერთიანი და სწორად ფორმულირებული მიდგომების ტექნიკური რეალიზაციის კუთხით. ამავე დროს, არსებობს გარკვეული ობიექტური ფაქტორები - შარაშან რუსეთ-უკრაინის კრიზისმა ძალზე ნეგატიური გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე; წელს გვქონდა 13 ივნისის კრიზისი, რამაც ერთ დღეში 100 მილიონზე მეტი დაუგეგმავი სავალდებულო ხარჯი გაუჩინა სახელმიფოს.

თუმცა დღეს როგორც უკვე ვთქვი, ტექნიკური პრობლემებია პროექტების იმპლემენტაციის კუთხით და აქ იკვეთება როგორც კვალიფიკაციის, ასე საკადრო რესურსების ნაკლებობის და დროული გადაწყვეტილებების მიღების კუთხით წარმოქმნილი პრობლემები. ანუ სახელმწიფოს სისუსტე გადაწყვეტილებების მიღების კუთხით და სახელმწიფო სისტემის ეფექტურობა დღეს ჯერ კიდევ პრობლემაა.