სურსათის უვნებლობის სააგენტოს ძინავს - გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე „გმ“-ს მითითება ყველამ დაივიწყა

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ძინავს - გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე „გმ“-ს მითითება ყველამ დაივიწყა

1-ლი ივლისიდან გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე ნიშანდება „გმ“-ს მითითება სავალდებულო უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც საქართველოში ხდება, ხოლმე, ამ პროდუქციის შემომტანებს მარკირების დატანა ნედლეულზე არ გახსენებიათ.

ეს მაშინ, როცა ამ წესის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობით 5 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს და განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. სურსათი, რომლის ეტიკეტზეც არ იქნება მითითებული „გმ“ და ამ დროს ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდება გენმოდიფიცირებული, ექვემდებარება განადგურებას. თუკი ბიზნესოპერატორი არ გაანადგურებს ასეთ სურსათს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, იგი 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ზოგადად, თუკი სურსათის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, მაშინ ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს მითითებული წარწერა „გმ“. კანონის მიხედვით, ეს ნიშანდება მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. ხოლო, თუ სურსათის ეტიკეტირება შეუძლებელია, მაშინ თანმხლებ დოკუმენტაციაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია გენმოდიფიცირებულობის შესახებ.

დეპუტატი გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემებია და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც გენმოდიფიცირებული პროდუქტების მარკირებას შეეხება, შესაბამისი სამსახურები ყურადღებას არ აქცევენ.

განსაკუთრებით საგანგაშოა ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში მასობრივად შემოდის გენმოდიფიცირებული სოიოს თესლი. მართალია, ახალი კანონმდებლობით, ამ სახის თესლის შემოტანა უკვე აკრძალულია, მაგრამ საკანონმდებლო ბაზაში პატარა ხვრელია დარჩენილი, რომლითაც შეიძლება, შემოიტანონ გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმები, თუკი ისინი გამიზნული იქნება დახურულ ზონებში, ლაბორატორიებში გამოყენებისა და გადამუშავებისთვის. სინამდვილეში, არავინ იცის, გენმოდიფიცირებულ თესლს მართლაც ლაბორატორიებში გადაიტანენ თუ მინდორში დათესავენ და მოხდება მისი რეპროდუქცია. ეჭვის საბაბს იძლევა ისიც, რომ ბოლო სამ თვეში საქართველოში სწორედ გენმოდიფიცირებული სოიოს 800 ტონის სათესლე მასალა შემოვიდა, რაც ლაბორატორიული მოხმარებით აიხსნა, თუმცა, სინამდვილეში, „მრეწველებს“ აინტერესებთ, რისთვის სჭირდება ლაბორატორიას 800 ტონა გენმოდიფიცირებული თესლი? მაშინ, როცა კვლევის მიზნით ათი კილოც საკმარისია. დათესვის შემთხვევაში, ასეთი კოლოსალური რაოდენობის, ანუ 800 ტონა სოიო ნახევარ საქართველოს დაფარავს და ჩვენს ნოყიერ ნიადაგს გაანადგურებს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, „მრეწველთა“ ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს ესაუბრა.

1-ლი ივლისიდან გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ კანონი ძალაში შევიდა, თბილისში დაახლოებით 300-მდე მარკეტი შემოწმდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები მარკირებული არ ყოფილა. პროდუქციაზე კონტროლი თავიდანვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურს დაევალა. ამ შემთxვევაში, რა იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯი?

- ჩვენ ჩავატარეთ გამოკვლევა სუპერმარკეტებში და ჯერ არსად, არცერთ პროდუქტზე არ არის დატანილი „გმო“ (გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები), არც „გმ“, რასაც კანონი ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი პროდუქტი გენმოდიფიცირებულია. დანარჩენი, სურსათის უვნებლობის სააგენტოს თემაა, მათ უნდა დაადგინონ, არის თუ არა მართლაც გენმოდიფიცირებული პროდუქცია. დარწმუნებული ვარ, ასეთი ჩვენს დახლებზე ძალიან ბევრია. უკვე 1-ლი რიცხვიდან ბევრი კანონდარღვევა შეიმჩნევა. აქედან გამომდინარე, ორშაბათ-სამშაბათს ჩვენ გვექნება შეხვედრები და მოვითხოვთ იმის გარკვევას, თუ რა ზომებს ღებულობენ გმო-სთან დაკავშირებით, აღებულია თუ არა ნიმუშები, გაგზავნილია თუ არა ლაბორატორიებში, იგეგმება თუ არა მათი შემოწმება.

5-ათასლარიანი ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია. როგორ ფიქრობთ, ბიზნესოპერატორებს რატომ არ ეშინიათ 5 და 10-ათასლარიანი ჯარიმის?

- იმიტომ, რომ, როგორც ეტყობა, ოპერატორები დარწმუნებულები არიან, ვერ შეამოწმებენ. ისინი ფიქრობენ, რომ არ შემოწმდება მათი პროდუქცია და ისევ ისე გააგრძელებენ გენმოდიფიცირებულის რეალიზებას, როგორც აქამდე აგრძელებდნენ, მაგრამ დამერწმუნეთ, ნამდვილად ვერ იქნება ასე. კანონი კანონია და კანონის მოთხოვნის საფუძველზე, ყველაფერი უნდა შემოწმდეს.

ზოგიერთი ქართველი სპეციალისტი იმასაც აცხადებს, თითქოს გენმოდიფიცირებული პროდუქცია საქართველოში ვერ შემოვა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საზღვარგარეთ მისი წარმოება ძვირადღირებულია და საქართველოში მისი შემოტანა ძვირი დაჯდება. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ გენმოდიფიცირებული სოიო, კარტოფილი, ხორბალი, პომიდორი მაინც შემოდის. გმო 60 %-ია ხორცეულში, ძეხვეულში, საჭმელ ზეთში, ბავშვთა კვებაში და არა -ნებადართული 0,9 %. გენმოდიფიცირებული პროდუქციით რამდენად არის გაჯერებული ჩვენი ბაზარი?

- მე არ ვიცი, რამდენია გენმოდიფიცირებული პროდუქცია, მაგრამ რომ შემოდის, ეს ფაქტია. სულ ცოტა ხნის წინ დააფიქსირა საბაჟომ მისი შემოტანა. ასე რომ, საბაჟომ უნდა გააკონტროლოს პროდუქციის შემოტანა და მოგვაწოდოს ინფორმაცია. რაც შეეხება იმ არგუმენტს, თითქოს გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება ძვირადღირებულია და მას საქართველოში არავინ შემოიტანს, პირიქით, გენმოდიფიცირებული პროდუქტები იმიტომ არის მომგებიანი, რომ უფრო იაფი და ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის.

თუმცა ეს პროდუქცია იაფი სულაც არ არის ჩვენს ბაზარზე.

- მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ბაზარზე შემოტანილი გმო-ს პროდუქცია უფრო ძვირადღირებულია, რადგან კარგად შეფუთული პროდუქტი დამაბნეველია და მოსახლეობამ არ იცის, რას ყიდულობს. ეს კანონი სწორედ ემსახურება იმას, რომ მომხმარებელი იყოს ინფორმირებული, როცა ყიდულობს გენმოდიფიცირებულ პროდუქტს. ამიტომ მითითებული უნდა იყოს, ეს რისკი არსებობს თუ არა. როგორც კი ეს ცხოვრებაში განხორციელდება, ის ვაიმეცნიერები, რომლებიც ამბობენ, ძვირადღირებულ პროდუქციას საქართველოში ვინ შემოიტანსო, დარწმუნდებიან თავიანთ სიმცდარეში. გენმოდიფიცირებული პროდუქციის ფასი კი საქართველოში არა მარტო განახევრდება, არამედ უფრო მეტად შემცირდება. მაშინ ექნება მომხმარებელს არჩევანის საშუალება, იაფფასიანი გენმოდიფიცირებული პროდუქტი იყიდოს, თუ შედარებით მაღალფასიანი, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია.

საინტერესოა, რა არის ამერიკული მონსანტოს არსი, რომელიც გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოებაში მონოპოლისტია და, ფაქტობრივად, უმსხვილესი ბიოტექნოლოგიური მონსტრ-კორპორაციაა? „მონსანტოსმარტივი მიზანი ფულის კეთებაა, თუ უფრო გლობალური მიზნებიც აქვს- გააკოტროს ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნების ადგილობრივი წარმოება? მეცნიერთა მიერ დადგენილ ერთ-ერთ ვერსიაზე საუბრობს გოგი თოფაძეც, რომ დედამიწაზე გამრავლდნენ ადამიანები და ამ საუკუნის ბოლოს შესაძლოა, პლანეტაზე 10-11 მილიარდს მიაღწიოს. ცხადია, მათი გამოკვება წარმოუდგენელია, ამიტომ მონსანტოს პროდუქცია უკვეარეგულირებსშობადობას და თავისი უხარისხო ნაწარმით უარყოფითად აისახება გამრავლებაზე.

- ზედმეტ დასკვნას არ გავაკეთებ. ჩემი აზრით, „მონსანტოსთვის“ მთავარია ის, რომ ამ საქმეში ძალიან დიდ მოგებას ნახულობს, აწარმოებს იაფფასიან ჭარბ პროდუქციას. მეცნიერების მოსყიდვა ახსენეთ და ამ თემაზე გაყოფილია აზრი, ბევრი გმობს ამ პროდუქციას. უფრო მეტიც, სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ მსოფლიოს 400 ქალაქში ჩატარდა დემონსტრაციები, მანიფესტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ უარი ვუთხრათ გმო-ს, „მონსანტოს“ სოიოს და, მთლიანობაში,- „მონსანტოს“.

თქვენს მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში ნათლად ჩანს, რომ არიან პოლიტიკოსები, მათ შორის, ჯორჯ ბუშიც (უფროსი), რომლებიც მხარს უჭერენ ამ კომპანიას. თავის დროზე პრეზიდენტის რანგში ჯორჯ ბუში (უფროსი) ეწვია მონსანტოს და ამით ამ კომპანიის მხარდაჭერა გამოხატა. რას გვეტყვით მონსანტოს მიერ დაქირავებულ მეცნიერების შესახებ, რაზეც ინტერნეტში უამრავი მასალა ვრცელდება და, რომლებსაც ევალებათ, „მონსანტოს ნაწარმის უვნებლობაში დაარწმუნონ ხალხი? მაშინ, როცა სწორედ მეცნიერთა მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ გენმოდიფიცირებული ნაწარმი სიმსივნეს, უშვილობას, ტრომბს და არაერთ დაავადებას იწვევს?

- ვერ ვიტყვი, რომ მეცნიერები მოქრთამულნი არიან. ეს არის ინტერენეტიდან აღებული მასალები, ჩვენ არ ვართ ამ ვიდეორგოლის ავტორები, ჩვენ ვართ მისი გამავრცელებლები. რაც შეეხება მეცნიერებს, რომლებიც ვერ ხედავენ უბედურებას „მონსანტოს“ პროდუქციაში, ეს მეცნიერები რატომღაც ვერ ამტკიცებენ, რომ გმო-ს მოხმარება რისკის შემცველი არ არის. თუკი „მონსანტოს“ პროდუქციის რადიკალურად უარყოფითი თვისებები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, ის მაინც ხომ ცნობილია, რომ ეს პროდუქცია უსაფრთხო არ არის?! ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულნი ვართ, მოსახლეობა გავაფრთხილოთ.

იმ დროს, როცა აფრიკის 5-მა ქვეყანამ შიმშილი ამჯობინა და აკრძალა გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიღება, საქართველოში გენმოდიფიცირებული სოიოს 800 ტონა თესლი შემოვიდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოიოს თესლი ამერიკიდან თავდაპირველად მიიღო უკრაინამ, თურქეთმა, თუმცა მათ არ გაწირეს თავიანთი ხალხი. სამაგიეროდ, ვიღაცამ რეექსპორტი გააკეთა და სოიოს თესლის ჩვენთან შემოტანით ხელი მოითბო.

- ნებისმიერი თემა, რომელიც სათუოა, კანონმდებლობის მიხედვით, უნდა შემოწმდეს. როცა დადგინდება, რომ ის წარმოადგენს საფრთხეს, ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი რეგისტრაციაში გატარება გარემოს დაცვის სამინისტროში და მის შემოტანაზე დაშვების უფლების მიცემა. სამწუხაროდ, გაიპარა ასეთი რამ, რომ ევროპაში რეგისტრირებული რეესტრის წესების მიხედვით, ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინების გარეშე, მოახდინეს გენმოდიფიცირებული სოიოს თესლის აღიარება ყოველგვარი შემოწმების გარეშე. არადა, ჩვენი კანონმდებლობით უნდა შეემოწმებინათ. ვიმედოვნებ, გარემოს დაცვის ახალი მინისტრი გამოასწორებს ამ შეცდომას. ლაბორატორიასთან დაკავშირებით კი საკითხი შესასწავლია და მე ვერ გეტყვით ამის შესახებ. ისე ვადასტურებ, რომ ცოცხალი მიკროორგანიზმები შემოიტანეს, სოიოს თესლის სახით, რომელიც გენმოდიფიცირებულია.