პარლამენტი 232 ათას პენსიონერს მშიერს ტოვებს და ვარძელაშვილს სამინისტროს უქმნის

პარლამენტი 232 ათას პენსიონერს მშიერს ტოვებს და ვარძელაშვილს სამინისტროს უქმნის

[რუსიკო მუმლაძე]
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს ხმაურიანი გარჩევები მოჰყვა. ოპოზიციამ ვერაფრით გაარკვია, რატომ იყოფა კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სხვადასხვა სამინისტროდ. ჯონდი ბაღათურია კი, უშედეგოდ გაიძახოდა, 232 ათასი პენსიონერი მშიერი რჩება და თქვენ მათი ბედი არ გაინტერესებთო.

მაგდა ანიკაშვილი იმის გარკვევასაც შეეცადა, რატომ ავიწყდებათ ხოლმე “ნაციონალებს” საკუთარი დაპირებები, მაგრამ - უშედეგოდ. სამაგიეროდ, დარბაზში მიდიოდა, ალბათ, შედეგიანი ადგილობრივი საუბრები, რადგან დეპუტატები გამომსვლელებს თითქმის არ უსმენდნენ და ერთმანეთში გულიანად საუბრობდნენ. პრინციპში, ეს ახალი ამბავი არ არის. თანაც, ამავე დეპუტატებმა, სხდომა დაწყებულიც კი არ იყო, პარლამენტის თავმჯდომარისგან შენიშვნები რომ მიიღეს.

“რეალურად, დარბაზში ქვორუმი არის, მაგრამ არ არის, რადგან რამდენიმე თქვენთაგანმა რეგისტრაციას თავი ვერ მოაბა”, - უთხრა სხდომათა დარბაზში მოსიარულე დეპუტატებს ბაქრაძემ: “ორ წუთში ისევ იქნება რეგისტრაცია. ყურადღებით იყავით და შემობრძანდით დარბაზში”. ბოლოს, ქვორუმი როგორც იქნა შედგა და გულზე ხელმიდებულმა დეპუტატებმა საქართველოს ჰიმნი მოისმინეს.

ამის შემდეგ ჯონდი ბაღათურია მივიდა ტრიბუნასთან და ბრალდებებიც გამოაცხო: “ლიბერთი ბანკმა” წინასწარ აღებულ პენსიებზე 36% დაარიცხა პენსიონერებს. ათმა დეპუტატმა უკვე გთხოვეთ, რომ ამ საკითხთან მიმართებაში სამთავრობო საათი მოგვეწვია. 232 ათასი პენსიონერი მშიერი დარჩა. ვითხოვთ, რომ კონტროლი პალატის თავმჯდომარე, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები მოვიწვიოთ პარლამენტში”.

დავით ბაქრაძე: “ძალიან ხმაურია… სამთავრობო საათი თვის ბოლო ხუთშაბათს, პლენარულ სხდომაზე იმართება. ივნისში, ბოლო ხუთშაბათს ვერ შედგა კალენდარულად სესია და სამთავრობო საათს ვერ მოვიწვევდით. რიგგარეშე სხდომაზე არ არსებობს მოთხოვნის შესრულების ვალდებულება. ჯერჯერობით, ამას ვერ დაგპირდებით, კალენდარული და სარეგლამენტო ციკლიდან გამომდინარე. შემოდგომის სესიაზე მოვიწვიოთ მთავრობა”.

ბაღათურია: “ყველა პროცედურის დაცვითა და რეგლამენტით, ვალდებული ვიყავით, სამთავრობო საათი ჩაგვეტარებინა და ეს საკითხი განგვეხილა. რა დააშავა 232 ათასმა პენსიონერმა, არჩევნების გამო რომ პლენარული სხდომა გადავდეთ? მათ მე-5 თვის პენსია ჩამოაჭრეს. ახლა ვუთხრათ, რომ ჩვენ არჩევნებზე დავდიოდით და ამიტომ თქვენი საკითხი შემოდგომის სესიაზე გადავიტანეთო? ამ საკითხის მორალური მხარე და სოციალური სიმძიმე გავითვალისწინოთ”.

აი, სად “გაჭედა” პარლამენტი საარჩევნო არდადეგებმა. ბაქრაძეს ბაღათურია უკომენტაროდ არ დაუტოვებია: “რაც შეეხება დრამატიზაციას, რომ ქართველი პენსიონერები მშივრები დარჩნენ, ამაში ვერ დაგეთანხმებით… სასესიო კვირა არ იყო და კალენდარიც თავის დროზე შეცვალეს. ამას კეისრები აკეთებდნენ, მე და შენ ახლა ვერ შევცვლით. შემოდგომაზე გვექნება საშუალება, რომ სამთავრობო საათი ჩავატაროთ. თუ მანამდე დღის წესრიგმა მოგვცა ამის საშუალება, კი ბატონო”.

ამ გაბაასების შემდეგ ბაღათურია ცოტა ხნით დაწყნარდა, მაგრამ მაგდა ანიკაშვილი გააქტიურდა და განაცხადა, რომ მთავრობა უნდა მოვიდეს პარლამენტში, რათა ხალხს ჰოსპიტალიზაციის ახალი რეფორმის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. მას გიგი წერთელმა უპასუხა – ეს საკითხი ჩვენც გვაინტერესებს და მთავრობაც მზად არის გვიპასუხოსო. აქვე გაირკვა, რომ პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროდან შრომის მიმართულების გამოყოფის მომხრეები არიან. ეს ცვლილება, სავარაუდოდ, მომავალ წელს განხორციელდება კიდეც.

უფრო მეტიც – “ნაციონალი” ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ამ სამინისტროს სოციალური ფუნქციებიც გამოეყოფა, როცა ჯანდაცვის პროექტები სოციალური პრობლემებით არ იქნება დატვირთული. ანუ ეს მაშინ მოხდება, როცა დღეს დაწყებული ჯანდაცვის პროგრამები დასრულდება და საქართველოში დასაქმებულიც უფრო მეტი იქნება, ე.ი. სოციალურად დაუცველი ფენა ასეთი მრავალრიცხოვანი აღარ იქნება.

ახლა ერთი სავარძელი გააჩინეს ვარძელაშვილისთვის და ამის გამო ერთი ამბავი ატყდა პარლამენტში, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება როგორც სკამის მოსურნეებში, ისე - ოპოზიციაში, როდესაც ორი მინისტრის სავარძელი კიდევ გაჩნდება. ვიდრე სავარძლებთან დაკავშირებით კიდევ ერთი საცირკო სანახაობა გაიმართება, მანამდე ბაქრაძემ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა დანიშნა.

ამის შემდეგ გამომსვლელის ტრიბუნა მთავრობის ლეგენდარულ საპარლამენტო მდივანს, გია ხუროშვილს დაეთმო. ეს ის ხუროშვილია, რომელსაც სწამს, რომ მმართველმა პარტიამ ასფალტი საჩუქრად დაგვიგო. ხუროშვილმა კიდევ ერთხელ ჩამოარაკრაკა ის სტრუქტურული ცვლილებები, რაც “მეპურე” ვერა ქობალიას ეკონომიკის მინისტრად გახდომისა და ომგადატანილი შიდა ქართლის გუბერნატორის, ლადო ვარძელაშვილისთვის ახალი სამინისტრო სკამის შექმნისთვის უნდა განხორციელდეს.

ეკონომიკის სამინისტროს სახელი ეცვლება და ემატება “მდგრადი განვითარების სამინისტრო”, როგორც ჩანს, სამინისტრე ქალბატონი ჩვენს გაძვალტყავებულ ეკონომიკას მდგრადს გახდის. კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყოფა, ცალკე კულტურის სამინისტრო იქნება, ცალკე - სპორტის. ამ სამინისტროს მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს ვარძელაშვილი.

ანიკაშვილი: “ორად გაყოფილი სამინისტრო ვერავითარ შემთხვევაში ვერ იფუნქციონირებს იგივე თანხებით, რაც მათზე იყო გამოყოფილი, როცა ერთ უწყებაში იყვნენ. რატომ გახდა აუცილებელი სპორტის სამინისტროს შექმნა? მაშინ, როცა დამოუკიდებელ სამინისტროებად იყო ორივე მიმართულება, საუბრობდით ოპტიმიზაციაზე და ერთი უწყების ქვეშ მოქცევაზე, უფრო უკეთესი იქნება კოორდინაციაო. ახლა, ცალკე გამოყავით ისევ. ცოტა გაუგებარი და ურთიერთსაწინააღმდეგოა თქვენი არგუმენტები. მით უმეტეს, როცა საუბარია “ქამრების შემოჭერაზე” და ბიუჯეტის ეკონომიურ ხარჯვაზე”...

დეპუტატს ხუროშვილმა უპასუხა, რომ “2010 წლის საბიუჯეტო ცვლილებებში სპორტის სამინისტროსთვის არ არის ცალკე დაფინანსება გამოყოფილი და ეს სამინისტრო როცა თავის სტრუქტურას შექმნის, შემდეგ გაიყოფს კულტურის სამინისტროსთან თანხებს, იმის მიხედვით, რაც დაჭირდება”. მას ანიკაშვილი შეედავა და სავსებით სამართლიანადაც.

მისი თქმით, 2010 წლის ბიუჯეტში შეიძლებ, არ არის ახალი სამინისტროს თანხები გათვალისწინებული, მაგრამ ეს თანხები აუცილებლად გაჩნდება 2011 წლის ბიუჯეტში – “ელემენტარულად, მინისტრს დეპარტამეტის თავმჯდომარეზე მეტი ხელფასი აქვს”.

ამ თემაზე შენიშვნა გააკეთა დეპუტატმა გურამ ჩახვაძემაც: ”მაშინ, რატომ არ არის ცალკე შრომის, ცალკე ჯანდაცვის, ანდა ცალკე ოჯახის სამინისტრო, რომელიც დემოგრაფიულ პრობლემებზე იქნება ორიენტირებული? ახალი სამინისტროს შექმნა ადმინისტრაციულ და ბიუროკრატიულ ხარჯებს გაზრდის. რაც არ უნდა გვიმტკიცოთ, ხარჯები არ გაიზრდებაო, მაინც გაიზრდება”.

ჩახვაძეც მართალია და ანიკაშვილიც, მაგრამ უფრო დიდი სიმართლე ისაა, რომ მათი პროტესტის მიუხედავად, არავინ ჩააგდებს პარლამენტში მთავრობის ახალ სტრუქტურულ ცვლილებებს. ამ ცვლილებების დასაკანონებლად “ნაციონალებს” პულტებზე ხელისდამჭერები საკმარისზე მეტი უზით პარლამენტში.