რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას უახლოეს დღეებში თანამშრომელთა დაახლოებით 20% დატოვებს. პერსონალის შემცირება ქარხანაში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირდება. რეორგანიზაციის მიზეზი კი მსოფლიო ბაზარზე მეტალურგიული პროდუქციის ფასების მკვეთრი კლების გარდა, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც გახდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ თებერვალში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას აკრძალვები დაედო კერძო პირის 4500 ლარიანი მოთხოვნის გამო. მოსამართლის ამგვარი ნების შედეგად კი სამსახურიდან იძულებით შევებულებაში 360 ადამიანი გაუშვეს.
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში არსებული ვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ For.ge შპს „რუსთავის ფოლადის“ გენერალურ დირექტორს, ნუგზარ კაჩუხაშვილს ესაუბრა.
ბატონო ნუგზარ, რა ეტაპზეა დღეს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებული სასამართლო დავა? ან რატომ მივიდა საქმე აქამდე, თუ სადავო მხოლოდ 4500 ლარია?
სასამართლოში სარჩელი, „რუსთავის ფოლადის“ წინააღმდეგ, ეთერ მთვრალაშვილმა ამა წლის თებერვალში შეიტანა. სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, იგი მოითხოვდა 4553 ლარის და 48 თეთრის უზრუნველყოფას, რომელიც სამართლებრივად მან 2019 წელს უნდა მიიღოს. ამის გამო, მოსამართლე ქოჩიაშვილმა შეზღუდვები დაუწესა მეტალურგიული ქარხნის მრავალ ათეულ მილიონიან ქონებას. ეთერ მთვრალაშვილმა აღნიშნული მოთხოვნა, კერძოდ, 2019 წელს მისაღები 4553 ლარი და 48 თეთრი, ქარხნის ერთ-ერთი კრედიტორისგან გამოისყიდა.
ყველაზე აბსურდული ფაქტი ის არის, რომ 4553 ლარი და 48 თეთრი უკვე დეპონირებულია ანგარიშზე. მიუხედავად ამისა, თებერვლიდან მოყოლებული ოთხი თვის განმავლობაში შეზღუდვა გვაქვს მთელს ქარხანაზე. ეთერ მთვრალაშვილის აბსურდული სარჩელის გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე არანაკლებად აბსურდული სარჩელები ქარხნის წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მიაღწიეს უზრუნველსაყოფად მთელი ქარხნის, მათ შორის წიდის (ქარხნის მთავარი საწარმოო ნედლეულის) გამოყენების აკრძალვას ქართულ სასამართლოში. ამ გადაწყვეტილებებისა და არაადეკვატურობის შესახებ, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციებიც აცხადებდნენ.
სამწუხაროდ, მოსამართლეების უსამართლო და ალოგიკური გადაწყვეტილებებით რეალური სამუშაო ადგილები დაიკარგა. ჩვენ დღეს არ გვაქვს წვდომა წიდა საყარზე, რომელიც არის ჩვენი წარმოების ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი. ამიტომ, იძულებულნი გავხდით, მრავალი პროცესი გაგვეჩერებინა, იძულებით შვებულებაში გაგვეშვა დაახლოებით 360 ადამიანი. დღეს კი, ასევე იძულებულნი ვართ გარკვეული ოდენობის თანამშრომლები დავითხოვოთ სამსახურიდან. ვიმედოვნებთ, რომ დაახლოებით 6–9 თვეში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფოლადის ფასები დასტაბილურდება (ასეთია ჩვენი პროგნოზი) და ასევე სასამართლოები სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ და მოხსნიან შეზღუდვებს ქარხნის აქტივებზე, შევძლებთ თანამშრომელთა უკან დაბრუნებას.
რეორგანიზაცია ეს არის ოფიციალური იურიდიული პროცედურა - გავაფრთხილეთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მთელი ქარხნის პერსონალისთვის ცნობილია ამის შესახებ. კანონით განსაზღვრული გაფრთხილების 45 დღიანი ვადა იწურება 28 ივნისს. ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი. რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, ყოფილ თანამშრომლებს შევთავაზებთ გადამზადებას სხვადასხვა სპეციალობებზე, რომელიც მათ მისცემს საშუალებას კვლავ დაბრუნდნენ ქარხანაში, ან სხვაგან მოძებნონ სამუშაო.
ვიმეორებ, თუ მსოფლიო ბაზარზე ფოლადის ფასები დასტაბილურდება და ასევე წიდა საყარზეც კვლავ გვექნება წვდომა, ვვარაუდობთ, რომ 6–9 თვის შემდეგ გავზრდით წარმოებას და დავაბრუნებთ გაშვებულ თანამშრომლებს.
როგორც ვიცი, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში 2100 კაცი იყო დასაქმებული. რეორგანიზაციის დასრულების, ანუ 28 ივნისის შემდეგაც მათგან რამდენი აღარ იქნება თქვენი თანამშრომელი?
–360 თანამშრომელი, სასამართლო გადაწყვეტილების გამო, იძულებით შვებულებაში გავუშვით, რასაკვირველია, მათ ნაწილსაც შეეხება რეორგანიზაცია. ზუსტი რიცხვის დასახელება რთულია, ვფიქრობ, თანამშრომელთა დაახლოებით 20%–ით შემცირება მოგვიწევს ანუ 300–დან 500 ადამიანამდე.
რა ნიშნით შეირჩევიან თანამშრომლები, რომლებსაც სამსახურის დატოვება მოუწევთ, ადმინისტრაციულ პერსონალსაც შეეხება რეორგანიზაცია?
–რომელიმე კონკრეტული საამქრო არ იხურება, განხორციელდება ოპტიმიზაცია. წასვლას ვთხოვთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც დღეს ნაკლებად არიან დაკავებულები და მათ ფუნქციებს სხვაზე გადავანაწილებთ. რეორგანიზაცია იქნება პროპორციულად, გამჭვირვალედ და სამართლიანად. ყველაზე მეტად ეს პროცესი მაინც ადმინისტრაციას შეეხება.
თანამშრომელთა დათხოვნის დროს სამართლიანობის და გამჭვირვალობის პრინციპები მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს, როდესაც დასაქმების პრობლემაა ქვეყანაში, შესაძლოა უსამსახუროდ დარჩენილებმა მაინც გამოხატონ უკმაყოფილება, თუნდაც პროფკავშირების ორგანიზებით. გამორიცხავთ ამგვარ პროტესტს?
–პროფკავშირებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. კანონი გვაძლევს საშუალებას, 45–დღიანი გაფრთხილებით განვახორციელოთ ეს მტკივნეული პროცედურა და თანამშრომლებს გაშვების დროს ერთი თვის ანაზღაურება მივცეთ. მათთვის ასევე გვექნება გადამზადების პროგრამა. სამწუხაროდ, დღეს მეტის შეთავაზება არ შეგვიძლია.
სოციალურ პროტესტს არ ველოდებით იმიტომ, რომ ამ თანამშრომელთა ნაწილი იძულებითი შვებულების დროს გარკვეულწილად უკვე შეეგუა სამსახურის დატოვებას, სჯერათ, რომ ჩვენი მიდგომა იქნება სამართლიანი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პროცესი მაინც მტკივნეული იქნება.
რამდენია თანამშრომელთა საშუალო ანაზღაურება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში?
–300 ლარიდან რამდენიმე ათას ლარამდე. რა თქმა უნდა, სხვადასხვა მოვალეობისა და პასუხისმგებლობის მიხედვით.
როგორც ვიცი, უზენაეს სასამართლოში იგეგმება სასამართლო პროცესი, რომელზეც რუსთავის მეტალურგიული ქარხანასთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. რა მოლოდინი გაქვთ ამ პროცესისგან?
მოსამართლე ქოჩიაშვილმა მთვრალაშვილის საქმეზე აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება გამოიტანა, შემდეგ მეორე ინსტანციამ საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამჯერად, საქმე უზენაეს სასამართლოშია გადაგზავნილი. ველოდებით, რომ სასამართლო სწრაფად მიიღებს ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას, რის შედეგადაც წიდა საყარს აკრძალვა მოეხსნება.
რა მდგომარეობაა ქარხანაში პროდუქტის წარმოების და რეალიზაციის კუთხით, არის თუ არა სტანდარტების შესაბამისი თქვენი ნაწარმი და მსოფლიო ბაზრის ფაქტორმა რა გავლენა მოახდინა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე?
-ქარხანა დღეს მასობრივად ორი კატეგორიის პროდუქტს აწარმოებს. ეს არის ფოლადის კვადრატული ნამზადი და არმატურა. კვადრატული ნამზადი არის მეტალურგიული პროდუქტი, რომლისგანაც მზადდება არმატურა. კვადრატული ნამზადი გადის ექსპორტზე თურქეთში, აზერბაიჯანსა და აფრიკის ქვეყნებში. მაგრამ, იმის გამო, რომ დღეს ფასები დაეცა, ექსპორტი შევზღუდეთ, რადგან წამგებიანი იქნებოდა.
არმატურა, ძირითადად იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, სადაც მნიშვნელოვანი პოზიცია გვიჭირავს. ბაზარს ვინაწილებთ კონკურენტებთან, როგორც ადგილობრივ მწარმოებელთან ისე იმპორტიორ კომპანიებთან, კერძოდ კი უკრაინელ იმპორტიორებთან, რომლებიც მომხმარებელს იმპორტირებულ არმატურას სთავაზობენ.
ჩვენს მიერ წარმოებული A500C კლასის არმატურა აკმაყოფილებს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტს. თანამედროვე წარმოების მეთოდები ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში დავნერგეთ, ხარისხის კონტროლს ვაწარმოებთ და ყოველდღირად ვაუმჯობესებთ. ასევე დანერგვის პროცესში არის „6 სიგმა“ მეთოდოლოგია. ეს ცნობილი პროცესია, რომელიც ხარისხს უზრუნველყოფს. დღეს რუსთავის არმატურა არ ჩამოუვარდება იმპორტირებული არმატურის ხარისხს.
როგორ აპირებს მეტალურგიული ქარხანა კრიზისის დაძლევას, გაქვთ თუ რა წარმოების ზრდასა და მოგებაზე ორიენტირებული კონკრეტული გეგმები?
- დღეს ქარხანა 90–იან წლებთან შედარებით 10%-იანი დატვირთვით მუშაობს. ორი დიდი პროექტი გვაქვს: ერთია,უნაწიბურო მილების საგლინავის ამუშავება და პროდუქტის გატანა ევროკავშირისა და აშშ-ს ბაზრებზე. უნაწიბურო მილები არის საექსპორტო პროდუქტი, რადგან მას ძალიან ცოტა ანალოგი აქვს ჩვენს რეგიონში,შესაბამისად გვაქვს კონკურენტული უპირატესობა. ამ პროდუქციის ექსპორტი დაახლოებით ათობით მილიონ აშშ დოლარში გაიზომება და 500–1000 ადამიანი დაკავდება მხოლოდ ამ მიმართულებით. ახალგაზრდების გადამზადება დაგვჭირდება, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში შესაბამისი დარგის სპეციალისტები არ მომზადებულან. საკმაოდ რთული და საინტერესო ამოცანაა. წარმოიდგინეთ, რომ რუსთავის უნაწიბურო მილები გაიყიდება ამერიკაში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში. ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა იქნება ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთშიც. ეს არის არხების გაჭრა, საუბარი დისტრიბუტორებთან, ახალი კონტაქტები და შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული გეგმები, თუ როგორ დავიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებას.
ჩვენი მეორე დიდი ამოცანაა ბრძმედის ამუშავება. ბრძმედი არის კომპლექსი, რომელიც თუჯს მიიღებს მადნიდან. წარსულში გვქონდა ორი ბრძმედი, რომლებიც გაჩერდა 90–იან წლებში. ერთი მათგანი, წინა მფლობელების დროს ჯართად დაჭრეს, ერთი კი, კვლავ გვაქვს და გარკვეული თანხების საფასურად შესაძლებელია მისი აღდგენა სირთულეს ქმნის ის, რომ საჭირო რკინის მადანი არის აზერბაიჯანში. ამიტომ, ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, მადნით უზრუნველყოფაში ჩვენ გვეხმარება ეკონომიკის სამინისტრო.აღნიშნული ბრძმედის ასამუშავებლად უნდა შემუშავდეს მომგებიანი და გრძელვადიანი გეგმა აზერბაიჯანთან ბრძმედის ამუშავება საშუალებას მოგვცემს, ვაწარმოოთ 650 ათასი ტონა თუჯი, რომელზეც სულ არის მოთხოვნა. დაახლოებით ისეთი პროდუქტია, როგორც ნავთობი – რამდენსაც აწარმოებ, იმდენს გაყიდი. თუჯზე დიდი მოთხოვნაა მსოფლიო ბაზრებზე, განსაკუთრებით კი შავი ზღვის ბაზრებზე. უნაწიბურო მილების შემდეგ ამ მიმართულებითაც ათობით მილიონი დოლარის ექსპორტის შესაძლებლობა იქმნება. ამ გეგმებს რომ შევასრულებთ, თამამად შეგვეძლება თქმა, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ძველ ნიშნულს უბრუნდება.
თქვენ მიერ დასახელებული გეგმების განხორციელება რამდენი პროცენტით გაზრდის მეტალურგიული ქარხნის დატვირთვას?
–რადგან ერთი ბრძმედი დაჭრილია, ქარხნის 50%–მდე დატვირთვას შევძლებთ. წინა მფლობელების დროს ასევე ჯართად დაიჭრა მარტენის ღუმელი, თუმცა ეს მაინც მოძველებული ტექნოლოგიაა და დამატებითი ინვესტიციებით უკეთესი იქნება, ახალი ჟანგბადის ღუმელის მოწყობა, რომელიც თუჯს ფოლადად გადაადნობს. ამ პროდუქტების წარმოება კი, თავის მხრივ, სხვა ახალი პროდუქტების წარმოებისთვის შექმნის საფუძველს.