თბილისის სტიქიამ გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხი საზოგადოებას სულ სხვა კუთხით დაანახა. ერთმა პატარა მდინარემ დედაქალაქს და მის მოსახლეობას უზარმაზარი პრობლემა შეუქმნა და რა იქნება ხუდნჰესისა და ნამახვანჰესის შემთხვევაში? არ არის გამორიცხული, სტიქიით დამფრთხალმა ადამიანებმა ამ ენერგეტიკულ პროექტებს უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიოს. ენერგეტიკის სამინისტროში კი ჰესების მშენებლობის შეჩერების საფრთხეს ვერ ხედავენ.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი შედგენილია. თუ რა ფორმით მოხდება პროექტის განხორციელება ამას საზოგადოება უახლოეს დღეებში შეიტყობს.
„გადაწყვეტილება მიღებულია ხუდონის პროექტთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა ფორმით მოხდება პროექტის განხორციელება, უახლოეს რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება დაინტერესებული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუდონის პროექტში, შესაძლოა, საპარტნიორო ფონდი შევიდეს და მისი წილი დაახლოებით 10-20 პროცენტი იყოს. პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობაზე ცნობილი 2014 წელს გახდა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილიც თბილისის სტიქიის ზეგავლენით მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებას გამორიცხავს. იგი აღნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა ენერგეტიკული პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების თვალსაზრისით საკმაოდ მკაცრ გზას გადის.
„ცოტა ხნის წინათ ჩვენი და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით შესაბამის კანონში ცვლილება შევიდა და სამინისტროს შესაძლებლობა მიეცა, თუ საჭიროდ ჩათვლის, პროექტების შეფასებისას საერთაშორისო ექსპერტებიც მოიწვიოს. ენერგეტიკის სამინისტრო წინასამშენებლო პროცედურებს მკაცრად იცავს.
ვითხოვთ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მომზადდეს, გეოლოგიურ-ჰიდროლოგიური გამოკვლევა ჩატარდეს და ამის შემდეგ გადაწყდეს პროექტის ბედი. ჩვენ კომპრომისებს არც აქამდე ვუშვებდით. ამიტომ ყველაფერი გაგრძელდება ისე როგორც მიდიოდა“, - განმარტავს ელოშვილი.
რაც შეეხება სამომავლო პროექტებს ენერგეტიკაში, სამინისტროში საკმაოდ პოზიტიური განწყობაა.
„ჩვენ მოვიაზრებთ 500 მგვტ-მდე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობას, ისევ გარდაბანში, უკვე მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე მოლაპარაკებები. წინასწარმა შესწავლამ აჩვენა, რომ ორ წელიწადში გარდაბანში გვექნება მილიარდამდე ინვესტიციები თბოსადგურების მშენებლობაში. ასევე ძალიან გააქტიურდა თანაინვესტიცირების ფონდი. მათ აარჩიეს ფინანსური პრობლემების გამო ჩავარდნილი პროექტები, ხელი მოეწერა მნიშვნელოვან პროექტებს, რაც დაახლოებით 2 მილიარდის ინვესტიციაა. აქ საუბარია მტკვარი, ცხენისწყალი, ხობის პროექტზე, მიდის მოლაპარაკებები ონზე, სადაც განთავსდება კასკადი და ნამახვანზე ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
გარდა ამისა ვმუშაობთ „ნესკრა ჰესის“ დაწყებაზე, ამასთან აუცილებად დაიწყება ხუდონი. ეს რაც ჩამოვთვალე, საერთო ჯამში, გვაძლევს 2300-2400 მეგავატამდე პროექტებს“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.
სხვათა შორის, ხუდონჰესის პროექტის გაცოცხლებას სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია ცდილობს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის გულის მოგება ვერაფრით მოახერხა. შესაბამისად, 2015 წელიც პროექტის წამოწყების გარეშე ჩაივლის, 2016 კი საარჩევნო წელია და სვანების განაწყენებას ყველა მოერიდება. აქედან გამომდინარე, ხუდონჰესის გაცოცხლებას მინიმუმ 2 წელი არავინ უნდა ელოდოს.