დაუთვლელი ზარალი

დაუთვლელი ზარალი

თბილისის სტიქიამ რა ზარალი მიაყენა ქვეყანას ჯერჯერობით ცნობილი ისევ არ არის. მთავრობის წარმომადგენლები ზუსტი თანხის დასახელებას ვერ ახერხებენ. სტიქიის მეორე-მესამე დღეს 40 მილიონი ლარის შესახებ საუბრობდნენ, მომდევნო დღეებში ზარალის მოცულობა უცებ გაიზარდა და ფინანსთა მინისტრი 100 მილიონზე ალაპარაკდა. იგივე თანხა დაასახელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას:

„ზარალის სურათი ყოველდღე იცვლება. ზარალი შეიძლება 100 მილიონ ლარზეც ავიდეს. ამ ეტაპზე ასეთი ვითარება გვაქვს. ჩვენ მანამდე კი ვთქვით, რომ ზარალი შეადგენდა 40-50 მილიონს, მაგრამ ყოველდღე შემოდის ახალი ინფორმაცია, ვითვლით ავტომატურ რეჟიმში და ეს ზარალი საკმაოდ სოლიდურია, სერიოზულია. ალბათ, 100 მილიონ ლარამდე იქნება. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან და იმედი გვაქვს, ისინი დაგვეხმარებიან ამ პრობლემების გადალახვაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც ჩანს, ბოლო გადაანგარიშებით უკვე 100 მილიონიც არ არის ის თანხა, რომელიც სტიქიური უბედურების აღმოსაფხვრელად იკმარებს. ყოველ შემთხვევაში, მინისტრები ახლა უფრო მეტ თანხას ასახელებენ.

„სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე 100 მილიონ ლარზე მეტია“, - განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

„ზარალის დათვლის პროცესი პირველივე დღიდან დაიწყო, ის ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არ დასრულებულა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე უკვე 100 მილიონ ლარზე მეტს ითვლის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში თბილისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებულთა განსახლების გეგმას წარმოადგენს.

„როგორც იცით მთავრობამ სტიქიის მეორე დღესვე გამოყო 10 მილიონი ლარი, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს სჭირდებოდა. უახლოეს დღეებში - ხვალ, ზეგ, უკვე მერია წარმოადგენს განსახლების გეგმას, რომელშიც კატეგორიების მიხედვით იქნება გაწერილი სტიქიის შედეგად რომელ დაზარალებულს რა დახმარება გაეწევა, ასევე მობილიზებულია დონორების ფინანსური დახმარება, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

სხვათა შორის, კიდევ უფრო დიდ ციფრს ასახელებენ ექსპერტები. ისინი ზარალს ორ კატეგორიად ყოფენ. სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის აზრით, სტიქიის გავლენა ბიუჯეტს რამდენიმე წელი გაჰყვება.

„შეიძლება დავთვალოთ რამდენია ჩვენი პირდაპირი და სრული ზარალი. პირდაპირი ზარალი დაახლოებით 150 მილიონი ლარია, ხოლო იმისთვის, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ასეთი შემოტევებისგან მოსახლეობის დაცვა და მიაღწიოს ეკონომიკური მდგრადობის უფრო მაღალ დონეს, ხარჯი იქნება რამდენიმე ასეული მილიონი, ვფიქრობ, 3-4 წლის განმავლობაში ნახევარი მილიარდიდან ერთ მილიარდ ლარამდე. ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა, რომელიც პირადაპირ აისახება მშპ-ს სიდიდეზე“, - ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ 150 მილიონი ლარის პირდაპირ ზარალს აქვს თავისი მულტიპლიკატორული ეფექტი. ამიტომ ამ ოდენობის ზარალი მშპ-ს 0,8-1%-ის ფარგლებში შეამცირებს.

რა ფინანსური მხარდაჭერის იმედი აქვს მთავრობას? ნოდარ ხადურის იმედი ძირითადად „აზიის განვითარების ბანკის“ სესხს უკავშირდება:

„აზიის განვითარების ბანკი” მზად არის, რომ ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერიოდში, 11 მილიონი დოლარი გამოგვიყოს. ეს თანხა პირველ ეტაპზე მოაკლდება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობას, რომელიც შემდეგ შეივსება და მშენებლობა არ შეფერხდება. გარდა ამისა, 3 თვის განმავლობაში, პროცედურების დაცვით, ისინი მზად არიან დაახლოებით 57 მილიონი დოლარის იაფ რესურსზე გვესაუბრონ“, - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

მთავრობას ეს თანხა დანგრეული სახლების ასაშენებლად, ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადასატანად, ვერეს ხეობის გასამაგრებლად და ე.წ. ახალი გზის აღსადგენად სჭირდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ახალი ზოოპარკის მოწყობას 22 მილიონი ევრო სჭირდება. ჯერჯერობით უცნობია ახალი გზის აღსადგენად საჭირო თანხის ოდენობა. ერთი კი ცნობილია, რომ გზა აუცილებლად გაიხსნება, რადგან მის გარეშე თბილისის სატრანსპორტო სისტემის პარალიზება გარდაუვალი იქნება.

ამასობაში, ზარალის კიდევ უფრო დეტალურად დასაანგარიშებლად, თბილისის მერიის ინიციატივით სტიქიის შედეგად დაზარალებული 110 ოჯახისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის დეტალური აღწერა დაიწყო.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცნობით, აღწერის პროცესში ჩართულნი არიან თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო, ვაკის რაიონის გამგეობა, ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

„ერთობლივად შემუშავდა დაზარალებული ოჯახების აღრიცხვის ფორმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახის შემადგენლობა, მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი და საჭიროებები. ამ მონაცემთა ბაზის ანალიზი მისცემს საშუალებას მთავრობას, განსაზღვროს ზარალის ოდენობა, რომელიც მოსახლეობამ მიიღო და შესაბამისი გადაწყვეტილებაც ამ მონაცემებზე დაყრდნობით იქნება მიღებული.

პროცესი სვანიძის ქუჩის დაზარალებული მოსახლეობის აღწერით დაიწყო და გაგრძელდება ვიდრე ყველა ოჯახი არ გაივლის ამ პროცედურებს“, - აღნიშნულია სოზარ სუბარის უწყების განცხადებაში.