სტიქიამ გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზეც მოახდინა. შესაკვეცად გამზადებული მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირება შეჩერდა. შესაბამისდა, პარლამენტში მისი წარდგენაც გადაიდო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, შესწორებულ ბიუჯეტში განისაზღვრება სტიქიით მიყენებული ზარალის ხარჯებიც. ამ ეტაპზე მოხერხდა 17 მილიონი ლარის მობილიზება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის. აქედან 10 მილიონი ლარი მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყო.
ხადურის პროგნოზით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას, სავარაუდოდ, 100 მილონ ლარზე მეტი დაჭირდება. ათეულობით მილიონი მხოლოდ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებისთვის დაიხარჯება. ამიტომ, ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოხერხდება ახალი ფინანსური დოკუმენტის წარდგენა.
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით კონსულტაციები ყველა უწყებასთან ინდივიდუალურად გაგრძელდება. საბოლოო სურათის გამოკვეთის შემდეგ ცნობილი გახდება კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენის თარიღი.
საბიუჯეტო ვადების შესახებ არც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილეს პაატა კვიჟინაძეს აქვს ინფორმაცია. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კორექტირებული ვარიანტი მთავრობას პარლამენტში ამ კვირაში უნდა შეეტანა, თუმცა სტიქიის გამო პროცესები შეჩერდა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სოციალური ხარჯების უცვლელად შენარჩუნება მოხერხდება, რადგან ბიუჯეტს ამისთვის რეზერვი ექნება.
„თანხები გამოიყო პრემიერის, პრეზიდენტის ფონდებიდან, აგრეთვვე არის ინფრატსრუტურულ პროექტებზე აუთვისებელი თანხები. მე რომ მკითხოთ, არის რეზერვი და ამდენი კორექტირება არ უნდა ბიუჯეტს“, - აღნიშნა კვიჟინაძემ.
იგი ამტკიცებს, რომ შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტს პრობლემები არ შეექმნება, რადგანაც პირველი თვეების განმავლობაში ამ მხრივ პრობლემები არ ყოფილა.
„შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი შესრულდება, უბრალოდ, ბიუჯეტის დეფიციტს ვერ იჭერენ და ამის გამო უნდათ, რომ შეამცირონ ხარჯი. ევროპული სტანდარტით ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს. რადგან მშპ იკლებს და 5%-ის ნაცვლად ხდება 2%, ამისთვის საჭიროა კორექტირება. ხარჯების შემცირება ამით უფრო არის განპირობებული, ვიდრე იმით, რომ შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით არ შესრულდება“, - აცხადებს კვიჟინაძე „კომერსანტთან“ საუბრისას.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა კი ამბობს, რომ 13 ივლისის სტიქია ამ წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების საკითხს არ შეაყოვნებს. სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საჭიროება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებამ განაპირობა - წელს მთავრობა წლის დასაწყისში დაგეგმილი 5%-ის ნაცვლად, 2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.
ამასობაში „საქსტატმა“ ამ წლის იანვარ-მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვით, მშპ-ის რეალურმა ზრდამ პირველ კვარტალში, გასული წლის იანვარ-მარტთან შედარებით 3.2% შეადგინა. რამდენად მეორე კვარტლის თვეებში ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე იანვარ-მარტში, მთავრობამ ბიუჯეტის კორექტირების გადაწყვეტილება მიიღო.
2015 წლის მოქმედი ბიუჯეტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსულობები 9,87 მლრდ ლარით, გადასახდელები 9,57 მლრდ ლარით არის განსაზღვრული. რადმენით შეიკვეცება ბიუჯეტი ეს ჯერ კიდევ ცნობილი არ არის.