საქართველოში ინფლაციის დადგენის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდა. საუბარია იმაზე, რომ 4 წლის წინათ სამომხმარებლო კალათა სპეციალურად შეიცვალა, რათა ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი თვალშისაცემი არ ყოფილიყო. რამდენადაც „საქსტატი“ ახლაც ამ მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს, ოფიციალური მონაცემები რეალურისგან საკმაოდ განსხვავდება.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ შეაფასა ინფლაციის მაჩვენებლის ადეკვატურობა განვლილი 3-4 წლის განმავლობაში. ბოლო პერიოდში ინფლაცია 2-3%-ის ფარგლებში მერყეობს და ეს ხდება 2011 წლის მაისის თითქმის 15%-იანი ინფლაციის შემდეგ.
„რა მოხდა 2011 წელს? - ორნიშნა ინფლაციის მოსათოკად ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული პოლიტიკის პარალელურად, მოხდა სამომხმარებლო ფასების დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილება, რაც ალბათ, რეალობის შესანიღბად და ინფლაციის მაჩვენებლის შესამცირებლად გაკეთდა. კერძოდ, სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი შემცირდა 40%-დან 30%-მდე, შემცირდა აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის, საცხოვრებელი სახლის, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის წილი, ხოლო გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების, დასვენების და გართობის წილი.
გარდა ამისა, შეიცვალა იმ ძირითადი 5 ქალაქის წონა მთლიან მაჩვენებელში, სადაც ხდება სწორედ ფასების შესწავლა. კერძოდ, თბილისის წილი შემცირდა 61.6%-დან 54.8%-მდე, ქუთაისის 18.2%-დან 17.8%-მდე, უმნიშვნელოდ გაიზარდა ბათუმის წილი 9.3%-დან 11.0%-მდე, ასევე გაიზარდა გორის წილი 6.4%-დან 7.2%-მდე, ხოლო თელავის წონა მთლიან მაჩვენებელში 4.5%-დან 9.2%-მდე გაიზარდა.
ერთი სიტყვით, სამომხმარებლო ფასების დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა იმგვარად, თითქოს ქვეყანაში ცხოვრების დონე გაზრდილიყო და საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქის ხარჯები გაზრდილიყო ფუფუნებაზე და შემცირებულიყო კვებაზე“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
ახალგაზრდა ფინანსისტებს მიაჩნიათ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საპირისპირო არგუმენტად დაბალი ინფლაციის მოყვანა, შეიძლება მცდარიც კი აღმოჩნდეს და რეალური ფასების ზრდა შორს იყოს ოფიციალური მაჩვენებლისგან.
სხვათა შორის, ამ შეხებულებას სტატისტიკის ექსპერტები იზიარებენ. მით უფრო, როდესაც წინ შემოდგომა-ზამთრის პერიოდი გველოდება, როდესაც ფასების ზრდა (შესაბამისად, ინფლაციაც) მეტად თვალშისაცემია. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება, მაგრამ წლის ბოლოს შეიძლება მიზნობრივ 5%-საც გადააჭარბოს.
„ზაფხულის თვეები დეფლაციურია და ამ პერიოდში ფასების ზრდას დიდად არ ველოდები. მიუხედვად ამისა, ვფიქრობ, რომ ინფლაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი არათუ შენარჩუნდება, შესაძლოა, წლის ბოლოს „გადაჭარბებითაც“ შესრულდეს. ჩემი აზრით, მაისში ინფლაციის ზრდის ტემპი მაღალი არ არის. 2011 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 14,3%-იც იყო.
მარტო სამომხმარებლო ფასების ინდექსით აპელირება სწორად არ მიმაჩნია. ინფლაციის მაჩვენებელი არ არის საკმარისი, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შეფასდეს. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა თვიდან თვემდე მატულობს. მოცემულ ეტაპზე, როცა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2,6%-ია, შესაძლოა, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შეიცვალოს.
საბანკო სექტორისადმი მოსახლეობის დავალიანების ზრდაც გასათვალისწინებელია. ამიტომ უნდა ვნახოთ ის მონაცემებიც, რომელიც სხვა ფინანსური მახასიათებლების დინამიკას ასახავს. ცხადია, ამისთვის მარტო სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოყენება არ არის საკმარისი“, - განმარტავს არჩვაძე.
აფბა-ში კი ინფლაციის გამომწვევ მიზეზე, ანუ ლარის დევალვაციაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„მიღებული მოსაზრებაა, რომ ლარის დევალვაცია კარგია ექსპორტის კონკურენტუნარიანობისთვის, კარგია მცურავი გაცვლითი კურსი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაცია. სწორედ მაღალი დოლარიზაციის გამო, ლარის კურსის დაცემით ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდა, მიზერია იმ ზარალთან შედარებით, რაც თუნდაც უცხოურ ვალუტაში სესხის მომსახურების გაძვირებით მიიღება. სწორედ მაღალი დოლარიზაციაა იმის მიზეზიც, რის გამოც „მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ეკონომიკური ზრდის შეფერხების“ პრინციპი საქართველოში არ მოქმედებს, უფრო სწორად ნაკლებად მოქმედებს. რაც უფრო მაღალია დოლარიზაციის დონე, მით უფრო დაბალია მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობა, ანუ მისი გავლენა ეკონომიკურ პროცესებზე“, - აცხადებენ აფბა-ში.