ბოლო 2 კვირაა ლარის ყოველდღიურად მყარდება. თითქმის 35%-იანი გაუფასურების შემდეგ, ეროვნული ვალუტა რევალვაციას განიცდის და პოზიციებს თანდათან იმყარებს. სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდა შეჩერდა, ბიზნესი სიტაუციას აკვირდება. ისინი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას ვარაუდობენ და ამ ეტაპზე ოპტიმალურ გაცვლით კურსად 2,15-ის ნიშნულს მიიჩნევენ.
სპეციალისტებს ლარის გამყარების ობიექტურ მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მათი აზრით, კურსის დაცემა ხელოვნური მომენტი იყო, შესაბამისად, ახლა ლარი გამყარების გზას ადგას. ამ პროცესზე კი გავლენა მოახდინა ხელისუფლების ხისტმა პოზიციამ და საბანკო სექტორზე ეჭვის მიტანამ.
საბანკო სფეროს სპეციალისტ ვახტანგ ხომიზურაშვილი ამბობს, რომ ხანგრძლივ პერიოდში არ ჩანს ისეთი ობიექტური ფაქტორები, რაც ლარის გამყარების საფუძველი შეიძლება გახდეს.
„ლარის გამყარება დაკავშირებულია სავალუტო ნაკადებთან, შეიძლება რაღაც თანხა შემოვიდა და ამიტომ მყარდება ლარი. ასევე გამორიცხული არ არის, რომ ბანკებმა დაამუხრუჭეს, რადგან ლარის კურსთან მიმართებაში საკმაოდ მკაცრი იყო მთავრობის წევრთა პოზიცია. გრძელვადიან პერიოდში კი არ ჩანს ისეთი ობიექტური ფაქტორები, რაც ლარის გამყარების საფუძველი შეიძლება გახდეს. ამ ეტაპზე რეალური ფუნდამენტური ფაქტორები, რასაც შეეძლო უშუალოდ ლარის გაძლიერება, ვერ ვხედავ. დღეს ლარის გამყარებას ობიექტური მიზეზი არ არსებობს“, - განაცხადა ხომიზურაშვილმა და დასძენს, რომ თუკი მთავრობის მხრიდან არ იქნება წარმოდგენილი მკაფიო საინვესტიციო პოლიტიკა ან არ მოხდება არსებული პოლიტიკის შეცვლა, მაშინ ლარი კიდევ გაუფასურდება.
ბიზნესმენები კი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას ელიან. კახური ტრადიციული მეღვინეობის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მისთვის ოპტიმალური კურსი იქნებოდა, რომ ლარი უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე დოლარი მაგრამ იმედს იტოვებს, რომ მისი თაობა ამას მოესწრება.
„როდესაც კურსის მკვეთრი გაუფასურება ხდება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელსაც თანხა შეტანილი აქვს ანაბარზე, მიდის ბანკში და გამოაქვს ფული. ამ შემთხვევაში, როდესაც რეგულირებას არ უკეთებდა ეროვნული ბანკი, ეს უკვე პანიკაა. ვფიქრობ, რომ ლარი წამოვა ქვევით, დაახლოებით 1-2 თვეში ის, ალბათ, დაახლოებით 2.15-ის ფარგლებში დაფიქსირდება“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.
წლის დასაწყისიდან მოყოლებული ლარის მერყეობას ბიზნესმენი დოლარის რევალვაციას აბრალებს. „ამერიკული ვალუტა უფრო გაძლიერდა ევროსთან მიმართებაში, ხოლო ლარი ევროსთან მიმართებაში იყო გარკვეული პერიოდი იგივე, მხოლოდ ბოლო პერიოდში განიცადა მცირეოდენი ცვლილება. ზოგადად, რომ შევაჯამო, გაუთავებელი საუბარი მიდის იმაზე რომ ჩვენს ქვეყანაშია ეკონომიკური გაუარესება, ეს ჩემი აზრით აბსოლუტურად არაკომპეტენტური განაცხადია, ვინაიდან, რეგიონში კი არა მთელ მსოფლიოში არის ეს კრიზისი“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას ჩხაიძემ.
შპს „ევრონათსის“ დირექტორის თემურ არქანიას თქმით, ლარის დევალვაციამ კომპანიაზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა.
„დოლარმა რომ აიწია, ვეღარ შევასრულეთ პირობები, რაც უცხოურ კომპანიებთან გვქონდა. გაჭირვებით მოვახერხეთ რაღაც, წაგებაზე გავედით და ა.შ. ლარში ვყიდულობთ საქონელს და პროდუქციას მაინც გვიძვირებს. შეკვეთის შემდეგ ვყიდულობთ და გაგვაქვს ექსპორტზე. მთავარია კურსი ერთ ადგილას გაჩერდეს, 2 ან თუნდაც 2.5 იყოს, მთავარია ერთ ნიშნულზე გაჩერდეს და არ იყოს მოძრავი. იმედი მაქვს ვითარება მალე გამოსწორდება“, – განაცხადა არქანიამ.
ამ ეტაპზე ბიზნესმენთათვის მისაღები კურსი 2,1-2,15-ის ფარგლებშია. ასეთ შემთხვევაში ზოგიერთი პროდუქციის გაიაფებაც კი შესაძლებელია.