ლარის კურსი პროგნოზებს არ ესადაგება

ლარის კურსი პროგნოზებს არ ესადაგება

[ეკა ბაქრაძე]

მიუხედავად ბოლო დღეებში გავრცელებული პროგნოზებისა, ლარი კვლავ განაგძობას გამყარებას. ექსპერტები და საბანკო საქმის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის «ტრიუმფალური გამყარება» რამდენიმე დღეში დასრულდება. თუმცა, ჯერ ამ პროგნოზის გამართლებას პირი არ უჩანს. გუშინ ლარმა ბოლო 29 თვის რეკორდი გააუმჯობესა და 1 დოლარი 1,64 მაჩვენებელზე დაფიქსირდა.

საბანკო ექსპერტი ვარაუდობენ, რომ ლარის გამყარება, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისისთვის შეჩერდება. მათი აზრით, ლარის მიმდინარე გამყარება უფრო ხელოვნურს ჰგავს, რადგან მას არანაირი ეკონომიკური წინაპირობა არ ახლავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლარის გამყარებას პირველ რიგში იმპორტირებული საქონლის, მათ შორის ნავთობპროდუქტებისა და საკვების ფასი უნდა შეემცირებინა, თუმცა მათი ფასი არათუ შემცირდა, ზოგ შემთხვევაში გაიზარდა კიდეც.

ექსპერტის გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას ახდენს, რადგან ბოლო დღეებში მუდმივად გამოაქვს ლარი და დოლარს ყიდულობს. მისი თქმით, ლარის ხელოვნური გამყარება, თუკი გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება, აუცილებლად აისახება ექსპორტის მაჩვენებელზე, რადგან იგი ავტომატურად აძვირებს და აფერხებს ექსპორტს.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ მაისის დასაწყისიდან ლარი ბუნებრივ ნიშნულს ნელ-ნელა დაუბრუნდება და წლის ბოლომდე 1,85-ს მიაღწევს. ამის ვარაუდის საფუძველს ევრობონდები იძლევა, რომელიც მთავრობამ მართალია უცხოურ ვალუტაში უნდა გამოუშვას, მაგრამ ლარში უნდა დააკონვერტიროს.  ამიტომ ძნელად სავარაუდოა, რომ მთავრობა ამას თავისთვის წამგებიანი კურსით მოახდენს.

არსებობს მოსაზრება, რომ ეროვნული ბანკი ლარის კურსს ინფლაციასთან ბრძოლის მიზეზით ხელოვნურად ამყარებს. საინტერესოა ერთი დეტალიც, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კომერციული ბანკებისთვის დოლარის მიყიდვა შეაჩერა. მიუხედავად ამისა, დოლარი, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, მაინც უფასურდება.

თავად ეროვნული ბანკი ლარის გამყარებას უცხოეთის სავალუტო ბაზრებზე დოლარის მერყეობას უკავშირებს. ამ მოსაზრებას ეთანხმება საინვესტიციო კომპანია «ჯი-აი ჯი პლუსის» დამფუძნებელი დავით ასლანიშვილი. მისი განმარტებით, ლარის გამყარება, ძირითადად, დოლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია.  თუმცა, ასლანიშვილის შეფასებით, დოლარის ვარდნის მასშტაბები ამოწურულია. ამიტომ დიდია ალბათობა, ლარის კიდევ უფრო გამყარება შეჩერდეს.

დოლარის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე მართლაც რომ ერთობ შესუსტებულია. ევრომ ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაიმყარა კონკურენტთან პოზიციები. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამერიკული ვალუტა ბოლოს და ბოლოს დაიწყებს პოზიციების აღდგენას. თითქოსდა საბერძნეთის ვალის სავარაუდო რესტრუქტურიზაციაზე გავრცელებული ხმების გამო, ევრო ეცემა.

მართლაც ორშაბათს, ევრო დოლართან მიმართებაში 10-დღიან, ხოლო იენთან მიმართებაში ორკვირიან მინიმუმამდე დაეცა, რასაც ფონი საბერძნეთის ვალის სავარაუდო რესტრუქტურიზაციაზე გავრცელებულმა ხმებმა და პორტუგალიასთან დაკავშირებულმა გაუგებრობამ შეუქმნა. თუმცა, მას მერე, რაც ფინანსთა სამინისტრომ ეს ფაქტი უარყო, ევრომ დანაკლისი ოდნავ აინაზღაურა.

ამჯერად ევრო თავს კვლავ მყარად გრძნობს და დოლართან მიმართებაში 1,43-ის თამასას ინარჩუნებს. ასეთი სტაბილური ევრო ევროპული კრიზისის შემდეგ არ ყოფილა.