ეროვნული ბანკის კანონს ერთი კვირის შემდეგ შეუტევენ

ეროვნული ბანკის კანონს ერთი კვირის შემდეგ შეუტევენ

ბანკების ზედამხედველობის სამსახურის სებ-იდან გამოყოფის საკითხის განხილვა 1 კვირით გადაიდო. ბიზნესომბუდსმენმა პარლამენტს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვის რამდენიმე დღით გადავადება სთხოვა და შედეგსაც მიაღწია. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შესაბამისი თხოვნით მას, თავის მხრივ, საბანკო ასოციაციამ მიმართა.

„ჩვენ მივმართეთ თხოვნით პარლამენტს, გავუწიეთ შუამდგომლობა საბანკო ასოციაციას, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა ხვალ არ დაიწყოს და რამდენიმე დღით გადაიდოს. იმედი გვაქვს, რომ ერთი კვირით მაინც გადაიდება“, - აღნიშნა გახარიამ.

პარლამენტი პირველი მოსმენით საკანონმდებლო პაკეტის განხილვას ხუთშბათიდან იწყებდა, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის გასვლას ითვალისწინებს. „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონსა და სხვა კანონებში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ხვალ იურიდიულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება. ცვლილება სულ 13 კანონში ხორციელდება.

საბოლოოდ პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, მომავალი სასესიო კვირისთვის გადადონ. ამ დროის განმავლობაში, პარლამენტი მზადყოფნას გამოთქვამს, კონსულტაციებში ყველა დაინტერესებული მხარე ჩართოს.

„რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზეს სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებმა, ბიზნესომბუდსმენმა, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იყო განცხადება. გარდა იმისა, რომ ამდენი თხოვნა იყო, თვითონ პარლამენტშიც ბევრი საკითხი დაგროვილია განსახილველად, ვინაიდან დღევანდელი სესია არ ჩატარდა. შესაბამისად, ამ საკანონმდებლო პაკეტის სიღრმისეული განხილვა, დიდი ალბათობით, გაჭირდებოდა. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ შესაძლებლად, ერთი სასესიო კვირით გადავდოთ განხილვა. ამით საშუალებას მივცემთ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ინდივიდუალურად გაიარონ ჩვენთან კონსულტაციები. მზად ვართ დიალოგისთვის, რომ კიდევ ვინმეს არ ჰქონდეს ამ საკითხზე სპეკულაციის საშუალება და პოლიტიზირების მცდელობა“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა.

თუმცა, საკითხი, რომლის თაობაზეც საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები კონსენსუსზე წასვლას არ აპირებენ, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გასვლაა.

„ერთადერთი საკითხი, რომელსაც პრინციპულად ვიცავთ, არის ის, რომ უნდა გაიმიჯნოს ეს ორი ფუნქცია - უფრო მეტი დამოუკიდებლობით შეიქმნას ზედამხედველობის სააგენტო. რაც შეეხება ყველა დანარჩენ საკითხს, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიზნესის, კომერციული ბანკების ინტერესების დაცვასთან, რომ გამოირიცხოს თუნდაც მცირეოდენი ეჭვის საფუძველი, თითქოს ამ კანონის ცვლილებამ შეიძლება, რომელიმე სხვა მხარე დააზარალოს - ამაზე შეიძლება მსჯელობა მუხლობრივი განხილვის დროს. ჩვენ მივესალმებით როგორც ბიზნესწრეების მიერ ნდობით აღჭურვილი ექსპერტების ჩართულობას, ასევე, თუ საჭიროდ ჩათვლიან, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მეჭიაურმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გასვლის საკითხის გადადება დადებითად შეაფასა. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საჭიროა დამატებითი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.

„იგი უნდა ეფუძნებოდეს ევროკავშირის ექსპერტიზას. ევროკავშირის ექსპერტების ჩართვა აუცილებელია. ვფიქრობთ, რეალური კონსულტაციები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ იქნებიან ჩართულები, ერთი მხრივ, საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები სრულად, მეორე მხრივ კი ევროკავშირის ექსპერტები, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკიდან“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გარდა ამისა, აბაშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ასოცირების დღის წესრიგში ნათლად არის აღნიშნული, რომ საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტიზით, განსაკუთრებით კი ევროპის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციების საფუძველზე.

სპეციალისტები კი აბაშიშვილს თემის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ. მათი აზრით, საუბარი იმის შესახებ, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თემის უტრირება და ზედმეტად გადაჭარბებული შეფასებაა.

ლევან კალანდაძის განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულება ცალსახად ამბობს, რომ შენარჩუნებულ უნდა იქნას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. იმპერატიული მოთხოვნა, როგორ უნდა იყოს ქვეყანაში ორგანიზებული საფინანსო ზედამხედველობა – უნდა იყოს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, მისი ქოლგის ქვეშ თუ ცალკე დამოუკიდებელი სტრუქტურა - არ არსებობს და ამას სახელმწიფო გადაწყვეტს.

ლევან კალანდაძის თქმით, საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის შემდეგ ეროვნულ ბანკს უნარჩუნდება დამოუკიდებლობის ის ხარისხი და სტანდარტი, რაც მას დღეს აქვს და ამ მხრივ არავითარი საფრთხე და ასოცირების შეთანხმებასთან წინააღმდეგობა არ არსებობს.

„შესაბამისად, ეს იყო საკითხის ცოტა უტრირება და გარკვეულწილად პოლიტიზირებაც“, – აღნიშნა კალანდაძემ გიორგი აბაშიშვილის განცხადების საპასუხოდ.

ექსპერტის განცხადებით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით თავდაპირველად საბანკო სექტორი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან პროცესში თავად არ იყო ჩართული, მაგრამ მას შემდეგ, რაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საბანკო სექტორთან დაიწყო კონსულტაციები, პროცესი დაიძრა.