მაღრაძე წიკლაურს მის კუთვნილ ავტომობილს არ უთმობს, ვოლსკი კი, მაღრაძეს აფრთხილებს

მაღრაძე წიკლაურს მის კუთვნილ ავტომობილს არ უთმობს, ვოლსკი კი, მაღრაძეს აფრთხილებს

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრებს შორის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გუგული მაღრაძე ერთადერთი დეპუტატია, რომელიც თანამდებობას მესამედ იცვლის.

2012 წლის შემოდგომაზე, პარლამენტის შეკრების დროს, გუგული მაღრაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, მას კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პოსტიდან წასვლა მალევე მოსთხოვა, მიზეზი კი ის იყო, რომ მაღრაძე სხდომებს ხშირად აცდენდა და კომიტეტის მუშაობაში აქტიურად არ იყო ჩართული.

როგორც ჩანს, მაღრაძემ ხუნდაძის რჩევა გაითვალისწინა და თანამდებობა დატოვა, თუმცა, მას პირველი მოადგილის პრივილეგიების დათმობა გაუჭირდა. რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარების პირველ მოადგილეებს რიგითი მოადგილეებისგან განსხვავებით, საკანონმდებლო ორგანოს კუთვნილი ავტომობილი ემსახურებათ.

იმის მიუხედავად, რომ ამ დრომდე, გუგული მაღრაძეს გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის რიგითი მოადგილის თანამდებობა უკავია, ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის, მირიან წიკლაურისთვის განკუთვნილ ავტომობილს განკარგავს. for.ge-სთან საუბარში კი, მაღრაძე ამის მიზეზად ქვეყნის წინაშე მის დამსახურებას ასახელებს.

„ისეთი ავტომობილი არ მემსახურება, რომელიც არ უნდა მემსახურებოდეს. ყველაფერი წესით და რიგით ხდება. შენ, მაგ საკითხს მესამედ მეკითხები და ჩემთან ვინ გამოგაგზავნა? ეს საკითხი, რატომ გაინტერსებს, რა შენი საქმეა? მე ჩემს მეგობართან ავტომობილს გავცვლი-გამოვცლი და როგორც მინდა, ისე ვივლი! ავტომობილით მინდა ოფიციალურად ვივლი და მინდა - არაოფიციალურად! ქვეყანაში იმდენი დამსახურება კი მაქვს, რომ სადაც მინდა იქ დავჯდე და რომელი მანქანითაც მინდა იმით ვიარო“, - მიმართა for.ge-ს მაღრაძემ, რომელსაც იმის დაკონკრეტება მოვთხოვეთ, კომიტეტის ხელმძღვანელების მოადგილეების პოსტებს ასეთი სიხშირით რატომ იცვლის.

მაღრაძე გვარწმუნებს, რომ ჯანდაცვის კომიტეტიდან მისი წასვლის მიზეზი ის იყო, რომ ხუნდაძეს საკუთარ მოადგილედ ექიმის დანიშვნა სურდა.

„ზედმეტად აქტიური ვიყავი, უცხოეთში დავდიოდი და ამიტომ გარემოს დაცვის კომიტეტში გადავედი“, - მიმართა for.ge-ს მაღრაძემ, რომელსაც იმის განმარტება მოვთხოვეთ, ამჟამად, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რიგითი მოადგილეობიდან ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე რატომ გადადის და გარემოს დაცვის კომიტეტში რა გააკეთა?

დეპუტატის თქმით, ის გარემოს დაცვის კომიტეტში იმიტომ გადავიდა, რომ თვლიდა, გარემოს დაცვა სჭირდებოდა.

„პარლამენტში მწვანე ადამიანები ცოტაა, მაგრამ გარემოს რომ ვერ ვიცავ, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, რომ მუშაობა სადაც უფრო ეფექტურად შემიძლია, იქ ვიყო. დღეს ევროპის საქმეებზე ვარ გადართული“, - დასძენს მაღრაძე.

რაც შეეხება საჯარო სამსახურში ხელფასის რაოდენობასთან დაკავშირებით, კანონმდებელის დამოკიდებულებას, მაღრაძე ამბობს, რომ საჯარო სამსახურში კვალიფიურ ადამიანს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს.

„კურიერისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელფასებს შორის განსხვავება ოთხჯერ-ხუთჯერ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო სამსახურში კარგი სპეციალიტი არ გაჩერდება და უწყებები დაიცლება. მსოფლიოში სამსახურების შოვნა ადვილი არ არის, მაგრამ მაღალი კვალიფიკაციის ვინც არის, მასზე ტაციობაა“, - დასძენს მაღრაძე, რომელიც for.ge-ს წყაროს ცნობით, 2000 ლარიან ხელფასზე სკანდალად ქცეული განცხადების გამო, ფრაქციის ხელმძღვანელმა, გია ვოლკიმ გააკრიტიკა და მას მოუწოდა „ხალხს ნუ მოძღვრავს“.