ერთ ხმაში ამღერებული ოპოზიცია და პროცედურული ომი პარლამენტში

ერთ ხმაში ამღერებული ოპოზიცია და პროცედურული ომი პარლამენტში

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკურ შეტევაზე გადადის და ხელისუფლებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტერფრაქციული ჯგუფი ხელისუფლების მუშაობის პარალიზებით იმუქრება, საპარლამენტო ოპოზიციამ კი, საკანონმდებლო ბერკეტების გამოყენება უკვე დაიწყო.

დღეს, არასაპარლამენტო ოპოზიციის რიგებიდან მმართველი გუნდის მისამართით ულტიმატუმი გაისმა და მათ დეპუტატებს ბერკეტების გამოყენება მოსთხოვეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი, კოლეგების გზავნილი სისრულეში მოიყვანეს.

უმრავლესობა დღევანდელი პლენარული სხდომის გახსნას ხუთი საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. კანონმდებლებმა რეგისტრაცია რვაჯერ გაიარეს, თუმცა, იმის გამო, რომ ქუთაისში ჩასვლა დავით უსუფაშვილმა და ზვიად ზვიადაურმა ვერ მოასწრეს, სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა და მორიგი სხდომა 12 ივნისს ჩაინიშნა. უმრავლესობის ცნობით, დავით უსუფაშვილი სხდომაზე ვერ გამოცხადდა და მიზეზი საერთაშორისო მისიებთან დაგეგმილი შეხვედრები იყო, ზვიადაურის შემთხვევაში კი, ახმეტის რეგიონში არსებული სტიქტიური მოვლენები სახელდება.

ამ მოწვევის პარლამენტს კვორუმის პრობლემა „აქილევსის ქუსლად“ ექცა, რომელსაც ბოლო პერიოდში, ოპოზიცია პოლიტიკური საქმიანობისთვის იყენებს და ისინი რეგისტრაციას პოლიტიკური თემების შესაბამისად გადიან, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, შესაძლოა, ოპოზიციიონერ დეპუტატებს ამ პოლიტიკური ბერკეტების გამოყენება გაუძნელდეთ, რადგან უმრავლესობაში რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომლის გათვალისწინებითაც, კანონმდებლებს ორი სხდომის გაცდენის ნაცვლად, ხელფასი ერთი სხდომის გაცდენის შემთხვევაში დაექვითებათ, მათ საპატიო მიზეზად „ოჯახური მდგომარეობის“ დასახელებაც გაუჭირდებათ და ამავდროულად, ფულადი სანქცია იმ შემთხვევებზეც დაფიქსირდება, როცა კანონმდებელი დარბაში ზის და რეგისტრაციას არ გადის.

უმრავლესობა რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების ინიცირებას თუ როდის მოახდენს, არ კონკრეტდება, მაგრამ ისინი საპარლამენტო ოპოზიციის ქმედებებს საბოტაჟად აფასებენ, ხოლო ინტერფაქციული ჯგუფის მოწოდებას „ღიმილის მომგვრელად“ მიიჩნევენ.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, საკუთარ მოწოდებაზე არ ეღიმება „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრს, გიორგი ახვლედიანს, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტში შესულია სამხარეო პროპორციული სისტემის ვარიანტი, რომელიც აღიარებულია ყველაზე სამართლიან სისტემად.

„ხელისუფლება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას 2020 წლისთვის გვთავაზობს, მანამდე ხელგაშვერილი გვემუდარება, არჩევნები უკანონო სისტემით ჩავატარებინოთ, რის უფლებასაც ვერ მივცემთ. ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, რომ მას ხელისუფლება ხელიდან ეცლება, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება“, - აცხადებს ახვლედიანი, რომელიც არ აკონკრეტებს, ხელისუფლების მუშაობის პარალიზება თუ რაში გამოიხატება.

სანამ ინტერფრაქციული ჯგუფი საკუთარ სამოქმედო გეგმას გაასაჯაროვებს, საპარლამენტო ოპოზიციამ ბერკეტების გამოყენება უკვე დაიწყო. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი იმ დეპუტატებს შორის იყო, ვინც დღეს რეგისტრაცია რვაჯერ არ გაიარა და ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოუწოდა.

for.ge-სთან საუბარში ჩიქოვანი აცხადებს, რომ ხელისუფლებას იმის შესაძლებლობა და ძალა არ აქვს, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს და კვორუმის შევსებას ოპოზიციის ხარჯზე ცდილობს. მისი მტიცებით, მათი ქმედება ბოიკოტი არ არის.

„ხელისუფლება გადაწყვეტილებას ჩაკეტილ კარს მიღმა იღებს. თუკი პარლამენტი შეიკრიბებოდა, განცხადებებსაც გავაკეთებდით, მაგრამ საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ბევრი უპასუხისმგებლო დეპუტატია, ვინც სხდომებს არ ესწრება. რაც შეეხება გია ვოლკის განცახდებას საბოტაჟთან დაკავშირებით, ამ ფრაზის ავტორს მინდა ვუთხრა, რომ თუკი მან ირაკლი ჩიქოვანისგან და „თავისუფალი დემოკრატებისგან“ საბოტაჟის გარდა ვერაფერი დაინახა, ე.ი. მას ბევრი რაღაცის დანახვა უჭირს“, - დასძენს ჩიქოვანი, რომლის მსგავსად, უმრავლესობას აკრიტიკებს ნაციონალი ირმა ნადირაშვილი.

როგორც for.ge-ს ნადირაშვილმა განუცხადა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ყველა თანხმდება, მაგრამ ცვლილება ბიძინა ივანიშვილს არ სურს და ადგილიდან ამის გამო არაფერი იძვრის.

„კვორუმის შემავსებელი ძალა ვერ ვიქნებით, როცა ვხედავთ, რომ ხელისუფლება არცერთ საკითხზე არ გველაპარაკება. როცა კვორუმის შევსებაში ვეხმარებით, მაშინ ისინი ქვეყნისთვის მავნე კანონპროექტებს იღებენ. მათ კონსულტაციები არ უნდათ და ამ ფონზე, ჩვენი მხრიდან თანამშრომლობა სწორად არ მიმაჩნია. კვორუმის შევსება უმრავლესობის ვალდებულებაა. როცა მთავრობა მტკიცდება და სკამებია გადასანაწილებელი, კვორუმი ივსება და აქედან დასკვნა გამოდის, რომ მათ მხოლოდ ფულის კეთება აინტერესებთ და პარლამენტში სხვა საქმე არ აქვთ“, - აცხადებს ნადირაშვილი, რომელსაც ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი მხოლოდ იმაში ეთანხმება, რომ სხდომის გახსნის ვალდებულება საპარლამენტო უმრავლესობას აქვს.

for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული იდეები მოხდება თუ არა რეგლამენტში ცვლილებების განხორციელება.

„ოპოზიციის ქმედებები ჭკვიანურად მიმაჩნია თუ არა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მათ უფლება აქვთ, რეგისტრაცია არ გაიარონ და მათ ამისთვის რეგლამენტით არანაირი სანქცია არ ემუქრებათ. რამდენიმე ადამიანი მივლინებაშია, რამდენიმე არ მოვიდა და მიზეზები მოგვიანებით გაირკვევა“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას ბერძენიშვილი, რომელიც ახალი საარჩევნო სისტემის დადებით მხარეებზე აპელირებს.

ბერძენიშვილის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას ხმების მოპარვა უნდა, არის უწესობა და უცოდინრობა, ან ორივე ერთად.

„მუქარა ღიმილის მომგვრელი არ უნდა იყოს, ყველაფერი თვლით არის და არჩევნების შედეგები ვიცით, ასევე ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის გავლენაც ცნობილია. უფრო მკვეთრი კომენტარებისგან თავს შევიკავებ. კოალიცია ცვლილებებს ღირსეულად უმკლავდება. კოალიციაში პარტიები შედიან, რომელთაც პროპორციული სისტემა დეკლარირებული ჰქონდათ. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დეკლარირებული არ ჰქონდა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არც კოალიციის საარჩევნო პროგრამაში არ წერია. 50 პროცენტიანი ბარიერის შემოღება და ოლქების გაერთიანება გარღვევაა, რაც არცერთ ხელისუფლებას არ შემოუტანია“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომლის მსგავსად, არასაპარლამენტო ოპოზიციის გზავნილებს მშვიდად ხვდება გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.

for.ge-სთან საუბარში ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ქართველ ხალხთან ერთად უნდა გაიმართოს და არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან.

მისი თქმით, ულტიმატუმით საუბარი მიუღებელია.

„ტყუილია, რომ საყოველთაო კონსენსუსი არსებობს და უმრავლესობა ამის წინააღმდეგია. ეს ის პარტიებია, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ და ქვეყანაში დანარჩენი ხალხი ხომ ცხოვრობს? მათ ეს ამბავი არ ეხებათ? ხელისუფლების მუშაობის პარალიზებას ვერ შეძლებენ და ეს სასაცილოა. ნუ ღელავთ, პრობლემა არ შეგვექმნება“, - აცხადებს ჟორჟოლიანი, რომლის პათოსს იზიარებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც თვლის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მუშაობის პარალიზებას ვერ მოახდენს.

„ნაციონალების ამოცანაა, რომ ქვეყანაში ნებისმიერ პროცესს ხელი შეუშალონ. მათი სტრატეგიაა, ქვეყანას როგორ ავნონ. „თავისუფალი დემოკრატები“ კი მათ აყვნენ. პოლიტიკური სპექტრი ვერ ბედავს აღიაროს, რომ საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით, რევოლუციურ ნაბიჯს ვდგამთ. ეს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა. როგორც ჩანს, საკუთარი მარცხის შესახებ წინასწარ იციან და სურთ, ეს ხელისუფლებას დააბრალონ“, - განუცხადა for.ge-ს სესიაშვილმა, რომლის მსგავსად, ოპოზიციის გზავნილს არასერიოზულად უყურებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე.

როგორც for.ge-ს ფოფხაძემ განუცხადა, თუკი ოპოზიცია აქციებით იმუქრება, ამაზე ისინი ვალდებულებას იღებენ.

„ყველანი საკუთარ გადაწყვეტილებაზე ვართ პასუხისმგებელნი. ასეთ ტონალობაში ოპონენტთან საუბარი, ოპოზიციაში იქნები თუ ხელისუფლებაში, მიუღებელია. პათოსი, რომ თუ ჩემს პოზიციას არ გაითვალისწინებ, ავხტები და აღარ დავხტები, სწორი არ არის“, - დასძენს ფოფხაძე.

შეგახსენებთ, რომ კოალიციაში მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წელს, არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. ასევე მაჟორიტარულ არჩევნებში, შესაძლოა, ბარიერად 50% განისაზღვროს და მაჟორიტარული ოლქები ახლებურად გაიყოფა, რათა ხმების წონადობა დაცული იქნას.