ადგილობრივი ლუდის რეალიზაცია დაახლოებით 45%-ით შემცირდა. ამას ადასტურებენ როგორც მწარმოებლები, ასევე სავაჭრო ქსელებიც. რაც უფრო ძვირია პროდუქცია, მომხმარებელი მას უფრო გაურბის. პროდუქციის გაძვირება აქციზის გაზრდამ გამოიწვია. გაყიდვის შემცირებაზე, გარკვეულწილად, იმოქმედა ლუდის დალევაზე დაწესებულმა შეზღუდვამაც. ამიტომაც მელუდეები რამდენიმე ინიციატივით მიმართავენ მთავრობას.
კომპანიები “ნატახტარი”, “ზედაზენი” და “კასტელი” მოუწოდებენ მთავრობას შეცვალოს გადაწყვეტილება ლუდის აქციზის 50 პროცენტით გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 2015 წლის 1-ლი მარტიდან შევიდა.
ლუდის ბაზრის ლიდერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით წელს, მარტ-აპრილის პერიოდში, გაყიდვების მაჩვენებელი 40%-ზე მეტით შემცირდა, რაც კომპანიების საქმიანობასა და მთლიანად ლუდის ინდუსტრიაზე ნეგატიურად აისახა.
თუ არაფერი შეიცვალა, წლიური მონაცემებით, ლუდის ბაზარი 20%-ით შემცირდება. ამასთან, დაზარალდა როგორც მოსახლეობა, ისე ბიზნესი და ბიუჯეტიც, რომელსაც ამ ბიზნესიდან შემოსავლების ნაწილი დააკლდა და ამას ადასტურებს შემოსავლების სამსახურის მონაცემები აქციზური მარკების რეალიზაციის კლების შესახებ.
სავაჭრო ქსელებშიც ადასტურებენ, რომ მოთხოვნამ თითქმის ყველა დასახლების ალკოჰოლურ პროდუქტზე იკლო და ამ მხრივ ლუდი ერთ-ერთი “ლიდერია”. შემცირდა როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი წარმოების ლუდის რეალიზაცია. საერთოდ, ზაფხულის თვეები ამ ბიზნესისთვის საუკეთესოა, თუმცა, შარშადელთან შედარებით, წელს რეალიზაცია მკვეთრად დაბალია.
შესაბამისად, მწარმოებლები მთავრობას ლუდის მოხმარების წესის შეცვლის ინიციატივით მიმართავენ. როგორც კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე საუბარია ქუჩაში ლუდის მოხმარების ლიბერალიზაციაზე. ბიზნესომბუდსმენმა კონკრეტული რეკომენდაციაც შეიმუშავა, რომელიც ეზოებში ლუდის სმის აკრძალვის გაუქმებას გულისხმობს.
ხუნძაკიშვილის განცხადებით, აქციზის განაკვეთის გაზრდის პარალელურად, ლუდის რეალიზაციის შემცირება სწორედ მისი მოხმარების გამკაცრებამაც გამოიწვია.
“მთლიანად ბაზრის მოცულობა დაახლოებით 40 პროცენტით არის შემცირებული მარტი-აპრილის მონაცემებით, ჩვენ ანალიზისას ვეყრდნობით შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ მონაცემებს.
არ ვიცით შეცვლიან თუ არა გადაწყვეტილებას, თუმცა მაინც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ბიზნესომბუდსმენის აპარატი ჩვენ მხარეს არის და დადებითი რეკომენდაცია შემუშავებულია, რომ ლუდის მოხმარების ლიბერალიზაცია მოხდეს. საუბარია ეზოებში ლუდის მოხმარების ლიბერალიზაციაზე. სეზონი პრაქტიკულად დაგვეწყო და თუ შეზღუდვა არ მოიხსნება რეალიზაციის კლების ტენდენცია გაგრძელდება.
ჩვენ არ ვითხოვთ საზოგადოებრივ ადგილებში შეზღუდვის მოხსნას, ვითხოვთ მხოლოდ ეზოებში. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არალოგიკურია და ეს არის მომხმარებლის დაშინება. სწორედ ამანაც გამოიწვია ამხელა კლება. ბიზნესომბუდსმენმა გააკეთა რეკომენდაცია რომ აღნიშნული ალკოჰოლკური სასმელებიდან ლუდი ამოიღონ”, - ამბობს ხუნძაკიშვილი.