“ფორუმი” და ალასანიას პარტია ახლოვდებიან, მაგრამ ახალი ალიანსი არ იგეგმება

“ფორუმი” და ალასანიას პარტია ახლოვდებიან, მაგრამ ახალი ალიანსი არ იგეგმება

ბლოკი “სახალხო ფორუმი” და “თავისუფალი დემოკრატები” მჭიდრო პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. ირაკლი ალასანია განმარტავს, რომეს არის მხოლოდ თანამშრომლობა და ბლოკის ან ალიანსის შექმნა არ იგეგმება.

“ეროვნული ფორუმის” განცხადებით, ისინი ამ ეტაპზე ერთიან კოორდინაციზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ რვიანის ფორმატში შემავალ ყველა პარტიასთან, რომლებიც სახალხო აჯანყებასა თუ ხელისფლების აქციებით შეცვლას არ ემხრობიან. თუმცა პარტიის წარმომადგენელი ანი მიროტაძე იქვე იმასაც დასძენს, რომ რვიანის ფორმატის პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შემდეგ დიალოგს სულ მალე ლეიბორისტულ პარტიასთანაც გამართავენ. შესაძლებელია, სახალხო კრებასა და “ქართული პარტიასთან” თანამშრომლობითაც დაინტერესდნენ. ლეიბორისტებმა “ფორუმის” ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაცია პირველად “რეზონანსიდან” გაიგეს.

“რა არის მათი წინადადებები და კოორდინაციის ქვეშ რას გულისხმობენ, ეს არ ვიცი. თქვენგან გავიგე, რომ თურმე კონსულტციებს აპირებენ. გამოაცხადებენ ალბათ რა სურთ და ამის შემდეგ იქნება ჩვენი პასუხი,” - ამბობს პარტიის გენმდივანი გიორგი გუგავა. “ - ისე, მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომთა საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ამ ვითომ მოლაპარაკებებით მხოლოდ რეჟიმი იგებს, საარჩევნო გარემოს შეცვლა კი შეუძლებელია.

“ჩვენ ვთვლით, რომ უფრო რადიკალური შემტევი ფრონტი უნდა გაიხსნას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. პოლიტიკურ შედეგს მივიღებთ მაშინ, თუკი რვიანი დატოვებს მოლაპარაკების მაგიდას. ამით ნაბიჯით დასავლეთში სააკაშვილის ტრაბახს, რომ თურმე მას ოპოზიციასთან დიალოგი შეუძლია, ძალას დავუკარგავდით. ამ ნაბიჯით ოპოზიციაც უფრო გაძლიერდებოდა და ერთიანი აქციებით შეგვეძლო მიზანს მიგვეღწია.”

გუგავა დასძენს, რომ “ჩვენ რევოლუციების წინასწარ დაანონსებას არ ვიზიარებთ. საქართველოში ასეთი რევოლუციები როგორ მთავრდება, ვიცით. როცა ბრძოლას აცხადებ, უკან არ უნდა დაიხიო და გამარჯვებამდე უნდა მიხვიდე. ეს მზაობა ჯერჯერობით არჩანს. მომავალში რა იქნება, არ ვიცი.”

“სახალხო კრებისა” თუ “ქართული პარტიის” მიერ ცალ-ცალკე, წინასწარ დაანონსებულ აქციებში ჩართვას რვიანის ფორმატში მომუშავე პოლიტიკური ძალები არ აპირებენ. ჯერჯერობით მაინც. რვიანის ფორმატის პარტიების გაცხადებული თანამშრომლობის ფონზე რევოლუციის მომხრე პარტიებიდან  “ქართული პარტიამ” პირველი შეთავაზება გააკეთა ნინო ბურჯანაძის მიმართ, რომ აქციების პროცესში კოორდინაცია და შეთანხმება შედგეს. წინასწარ გაკეთდა განცხადება იმაზეც, რომ “ქართული პარტია” ირაკლი ალასანიასთან არ ითანამშრომლებს.

“თავისუფალი დემოკრატების” პრეს-სამსახურის უფროსი ვაკო ავალიანი ამბობს, რომ “თუკი დაიწყო გამოსვლები, აქციები... - ეს ჰიპოთეტური მოსაზრებებია. ამ ეტაპზე არც ერთ პარტიასთან ბლოკში გაერთიანებას, ალიანსის შექმნას და ა.შ. მისი პარტია არ გეგმავს”.

ვაკო ავალიანი: “პარტიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ნაკლებად საინტერესოა ვინ ვისთან ერთიანდება და რას აკეთებს. ჩვენი გეგმაა ავაშენოთ პარტიული სტრუქტურები, შეიცვალოს საარჩევნო გარემო და საარჩევნო გარემოს შეცვლის ფონზე არჩევნებში გავიმარჯვოთ. ჩვენ რვიანის ფორმატში როგორც ფორუმთან, ისევე დანარჩენ 6 პარტიასთანაც ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ.

“არც ის გვაინტერესებს, რა განაცხადეს ირაკლი ოქრუაშვილმა ან სოზარ სუბარმა. რაც ოქრუაშვილმა განაცხადა, მასზე შესაბამისი პასუხი მიიღო. ალასანიამ თქვა, ოქრუაშვილი არ ღირს პასუხის გაცემად, სხვა საკადრის პასუხს კი პირადად მიიღებს, როცა ამისდრო დადგებაო”.

ავალიანის თქმით, ფორუმთან შეხვედრის ინიციატივა კახა შარტავას, “ქალთა პარტიისა” და აკაკი ასათიანის პარტიისაგან მოდიოდა და მათთან თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, მას, 10 დღის წინ, “ეროვნულ ფორუმთან” ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა, სადაც მჭიდრო ურთიერთობებზე შეთანხმება მოხდა, თუმცა ფორუმთან ბლოკში გაერთიანებას არ აპირებენ.

“ჩვენს პოლიტიკურ ძალებს ურთიერთობის თავისი ისტორია აქვს და ბუნებრივი იქნება, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მათთან ბევრად უფრო მჭიდრო კონსულტაციები გვქონდეს. “ეროვნულ ფორუმთან” ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძლედება. ეს ორი ძალა სამომავლოდ ძალიან კარგ და სოლიდურ პარტნიორებად წარმომიდგენია. სწორედ ასეთ ურთიერთობაზე ვართ შეთანხმებულები, მაგრამ არანაირ ალიანსებზე და გაერთიანებებზე საუბარი არ არის”, - განმარტავს ალასანია.

“ეროვნული ფორუმის” პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ბიუროს ხელმძღვანელი ანი მოროტაძე ამბობს, რომ ბლოკმა გადაწყვიტა კოორდინაციაზე მოლაპარაკებები ყველა პარტიასთან დაიწყოს - ჯერ რვიანის ფორმატის პოლიტიკურ ძალებთან, შემდეგ კი- რევოლუციურად განწყობილ პარტიებთან. თუმცა, კონკრეტულად რა შეთავაზებები კეთდება ფორუმის მხრიდან, ეს არ ხმაურდება.

“ასეთი ტიპის შეხვედრა ჩვენ სხვა ოპოზიციურ პატიებთანაც გვქონდა. პირველ ეტაპზე რვიანში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან დავიწყეთ მოლაპარაკებები თანამშრომლობაზე. ჯერ რესპუბლიკურ პარტიასთან ვერ მოხერხდა, რადგანაც დავით უსეფაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა და ამ კვირაში დაბრუნდება საქართველოში. ამ დღეებში შევხვდებით ქრისტიან-დემოკრატებსაც. ამის შემდეგ დაგეგმილი გვაქვს, რომ შეხვედრა შედგეს ლეიბორისტულ პარტიასთანაც.

“ჩვენი თვალსაზრისით, ოპოზიციური პარტიები ცალ-ცალკე არ უნდა გამოდიოდნენ და ამიტომაც ძირითადად, საუბარი იყო ოპოზიციის მჭიდრო თანამშრომლობაზე, მაგრამ თანამშრომლობა არ გულისხმობს ბლოკს თუ ალიანსს და მსგავსი რამ  ჩვენს უახლოეს გეგმებში არ შედის.

“რაზე მოხდება შეთანხმება, ვინ დარჩება კონსულტაციების რეჟიმში, ვისთან უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ, ვისთან - არა, ამას დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპისათვის სხვა რამის თქმა არ შემიძლია,” - აცხადებს მიროტაძე.

მისივე განმარტებით, “სახალხო კრებასთან” და “ქართულ პარტიასთან” კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შეხვედრები მათთანაც დაიგეგმოს.

მიროტაძე ამბობს, რომ “ქართული პარტია და სახალხო კრება რაღაცა აქციებს აპირებენ. კონკრეტულად - რას, არ ვიცით და ამიტომაც მონაწილეობას არ ვიღებთ. თუ იქნება უფრო მეტად გარკვეული ამ რაღაცის იქით რა იქნება და თუ იქნება საზოგადოების დაკვეთაც, რა თქმა უნდა ეროვნული ფორუმი მიიღებს გადაწყვეტილებას აქციებში ჩაერთოს. თუმცა ამ ეტაპზე ეს არ იგეგმება. სხვა პრტიების დაგეგმილ აქციებში, “სახალხო კრება” იქნება თუ “ქართული პარტია”,  ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ.”