„ლარი არ უნდა იყოს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება და მოქალაქეებს ეკონომიკურ საქმიანობაში ნებისმიერი სასურველი ვალუტის გამოყენების საშუალება უნდა მიეცეთ“... „ეროვნული ბანკი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად, სავალუტო საბჭო შეიქმნას“, - ამ ინოვაციური იდეების ავტორი ნაციონალი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე და მის უკან მდგომი „ახალი პოლიტიკური ცენტრია“.
ჯაფარიძის განმარტებით, ეს ლარის სტაბილურობის მისაღწევად მართებული გადაწყვეტილება იქნება. დეპუტატის იდეებს თავისი ახსნაც აქვს. კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის პასუხისმგებლობაზე საუბარი უკიდურესად საშიშია, რაც დარტყმას აყენებს ფინანსურ სისტემას, აფრთხობს ინვესტორებს და აძლიერებს არასტაბილურობის განცდას. ჯაფარიძის აზრით, ეს მიანიშნებს, რომ მომავალი წლის თებერვალში, როდესაც გიორგი ქადაგიძეს ვადა ამოეწურება, „ქართული ოცნება“ შეეცდება, პირდაპირ მართული პრეზიდენტი აირჩიოს ეროვნულ ბანკში, რაც საბოლოოდ ჩამოშლის ეროვნულ ვალუტას.
„სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, სწრაფად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ დავიცვათ სახელმწიფო და ხალხი არასტაბილურობისგან და სავალუტო კრიზისებისგან. აღნიშნული ცვლილებების მომზადება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში, რათა მომავალი წლიდან შესაძლებელი იყოს მონეტარული სისტემის ახალ მოდელზე გადასვლა“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნაციონალებს ეს აბსურდული იდეები უნდა წამოეჭრათ თავიანთი მმართველობის დროს და არა ახლა, როცა მათ სურთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მებრძოლის მანტია მოისხან. ექსპერტის თქმით, ეს პოპულისტური ნაბიჯი არც ეკონომიკურ გათვლებს და არც სახელმწიფო უსაფრთხოებას არ უკავშირდება.
„ეროვნული ბანკის გაუქმების იდეა თავიდან ბენდუქიძეს ეკუთვნოდა, მაგრამ ეროვნულ ბანკს არა გაუქმება, არამედ აპოლიტიკური ხელმძღვანელის სათავეში ჩაყენება სჭირდება, რომელიც მონეტარული პოლიტიკისკენ იქნება მიმართული და პოლიტიკური პარტიის დანამატის როლს არ შეასრულებს. ამ შემთხვევაში, მხედველობაში მაქვს ნაცმოძრაობა. რაც შეეხება რამდენიმე ვალუტის შემოღებას, ეს იდეაც თავის დროზე იმავე ბენდუქიძის დროს ჰქონდათ, მახსოვს, ეს იდეა წამოაყენა ეკონომიკის მინისტრის თანაშემწემ, მაგრამ ლარი ერთდერთი საგადამხდელო საშუალებაა და ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაიქცა და არაპროგნოზირებადია, დღესაც მოსახლეობა არ გადასულა სხვა ვალუტაზე - ევროზე ან დოლარზე. ამიტომ, პირიქით, ლარს მოფრთხილება სჭირდება და უნდა გაძლიერდეს მისი კურსი. სხვა უცხოური ვალუტის შემოსვლის გამოცდილება კი 90-იანი წლების დასაწყისშიც გვქონდა, როცა კუპონიც იყო, დოლარიც, რუსული რუბლიც და სხვადასხვა ვალუტაც. ამიტომ ეს იდეა არ გაამართლებს. მით უმეტეს, ეს გააჟღერა პიროვნებამ - ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც პროფესიით ეკონომისტიც არ არის. ეტყობა, ასეთი იდეები ჩასახულია რომელიღაც ორგანიზაციაში, რადგან ფიქრობენ, როგორ ავნონ სახელმწიფოებრობას. ეს მავნებლობაა. დარწმუნებული ვარ, ეს არასოდეს განხორციელდება, ისევე, როგორც შემოაგდეს თემა, თითქოს ვიღაცა ემიგრანტების ფულის დაბეგვრას აპირებს. ამ იდეებს ნაცმოძრაობა „რუსთავი 2“-სა და მის სატელიტ საინფორმაციო სააგენტოებს ხალხში გასავრცელებლად აწვდის“, - აცხადებს პაატა აროშიძე.
მისივე თქმით, ჩვენ უნდა გამოვიდეთ სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოებიდან. ამ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს, საფინანსო ინსტიტუტებს, ბიუჯეტს, საგადამხდელო ბალანსს პრობლემა შეექმნება. ვთქვათ, ერთდრულად ბრუნვაში შემოვიდა ლარი, დოლარი და ევრო - ანუ სამივე თანაბარზომიერი ვალუტა, ასეთ შემთხვევაში, ბიუჯეტი რომელ ერთეულ ვალუტაში უნდა შედგეს - ლარში, დოლარში თუ ევროში? ასევე, ხარჯები რომელ ვალუტაში უნდა იქნას გაწერილი? ექსპერტის თქმით, არის ქვეყნები, სადაც რამდენიმე ვალუტა ერთად მიმოიქცევა, მაგრამ ეს არ არის ეკონომიკურად გრანდი ქვეყნები. ამიტომ ექსპერტი თვლის, რომ, თუ მაინცდამაინც, სხვისი იდეის გადმოღება გვსურს, დაე, განვითარებული ქვეყნების იდეა გადმოვიღოთ და არა უკუღმართობა. მაგალითად, გერმანიამ და საფრანგეთმა ევროს შემოსვლისთანავე უარი თქვეს თავიანთ ვალუტაზე, გერმანულ მარკასა და ფრანგულ ფრანკზე და დღეს ერთიანი ვალუტა მოქმედებს ევროპაში. არადა, ფრანგული ფრანკი ევროპაში უძლიერესი ვალუტა იყო.
„კარგი რომ ყოფილიყო, ფრანგ ტრადიციონალისტებს და გერმანელ ბანკირებს ვინ ათქმევინებდა უარს საკუთარ ეროვნულ ვალუტაზე?“ - კითხულობს პაატა აროშიძე.
ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნაციონალების ასეთი ტიპის იდეები მავნებლურია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე, როგორც დაუშვებელია მოგების გადასახადის გაუქმება, რაც ქვეყნის ნგრევისკენაა მიმართული.
„რამდენჯერმე გაიელვა ასეთმა აზრმა, რად გვინდა ეროვნული ბანკი, სავალუტო საბჭო იყოს მის მაგივრად. წესით, სავალუტო საბჭოები იქმნება ისეთ ქვეყნებში, სადაც ჰიპერინფლაცია მაღალია და ვალუტის მართვას სჭირდება ძალოვანი მეთოდები. საქართველოში ეს სიტუაცია ნამდვილად არ არის. ეროვნული ბანკის ფუნქციონირება აუცილებელია. ის, რომ დღეს ეროვნული ბანკი არაეფექტურია და არ ასრულებს მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ ამოცანებს, სულაც არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი უნდა გაუქმდეს. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის შეცვლისა და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების შემთხვევაში, ის სრულფასოვნად შეასრულებს მასზე დაკისრებულ ამოცანას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშესაწყობად. აქ გვაქვს წმინდა კადრობრივი პრობლემა და არა თვითონ ინსტიტუციის პრობლემა“, - აღნიშნა ლია ელიავამ.
მანვე გაიხსენა ის დრო, როცა 2008 წელს იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაგვისვა მართული კადრი, გიორგი ქადაგიძის სახით, და ამ კადრმა დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა, ხან ინფლაცია გაექცეოდა 14, 5 %-მდე, ხან კურსი უვარდებოდა მინუს 3, 3%-მდე და ეს იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის უუნარობის, უნიათობის და უცოდინრობის შედეგი. ასე რომ, ექსპერტი ელის, რომ ამ მწარე გამოცდილების ფონზე ეროვნული ბანკი აუცილებლად დაკომპლექტდება კომპეტენტური კადრებით, რომლებსაც ეკონომიკაში რაღაც მაინც გაეგებათ და წარმოდგენა აქვთ, როგორ უშველონ ქვეყნის მაკროეკონომიკურ გაჯანსაღებას. მით უფრო, ექსპერტის თქმით, შვიდი წლის განმავლობაში გვქონდა ეს პრობლემა და, იმედია, მომავალი შვიდ წელიწადში პრობლემა აღარ იარსებებს.