„კონდოტიერი რომ გახდება ადამიანი, ამაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა იყოს პოლიტიკაში?“

„კონდოტიერი რომ გახდება ადამიანი, ამაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა იყოს პოლიტიკაში?“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფოს საჯარო მოხელეა და ოდესის გუბერნატორის სტატუსით კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკვე იღებს. საქართველოში კი ანალიტიკოსები აღნიშნულ საკადრო გადაწყვეტილებაზე მსჯელობას განაგრძობენ და საქართველო–უკრაინის შემდგომ ურთიერთობებთან დაკავშირებით ფრთხილ პროგნოზებსაც გამოთქვამენ.

სპეციალისტთა და საკითხით დაინტერესებულ პირთა ნაწილი ფიქრობს, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ გადადგმული უცნაური ნაბიჯების შესახებ თუ მკაფიო განმარტებები არ გაკეთდა, სამომავლოდ, შესაძლოა, ერთგვარი ჩრდილი არა მხოლოდ საქართველო–უკრაინის ურთიერთობას, არამედ, შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის საკითხსაც მიადგეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მედიცინის და პოლიტიკურ მეცინიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ზურაბ მარშანია for.ge–სთან საუბრისას, სწორედ, ზემოთ ხსენებულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს მთავრობას კონკრეტული კითხვებით მიმართავს.

ზურაბ მარშანია: ძალიან მომეწონა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, როდესაც აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა არის, უბრალოდ, სამარცხვინო ქცევა. სააკაშვილმა უცხო სახელმწიფოს რომელიღაც ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ანაცვალა ყველაფერი, რაც მანამდე ჰქონდა. ეს გაუგონარი რამ არის მსოფლიოს ისტორიაში. კონდოტიერი რომ გახდება ადამიანი, ამაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა იყოს პოლიტიკაში?

თუმცა, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები ამგვარ პოზიციას, რა თქმა უნდა, არ იზიარებენ, „ნაციონალური მოძრაობისზოგიერთი წევრი იმასაც აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისთვის მიუღებელი მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებაში ბრუნდება.

- თუ მოიყვანენ რამე სხვა მაგალითს, როცა რომელიმე ქვეყნის ლიდერი სხვა ქვეყნის საჯარო და პოლიტიკურ სამსახურში ჩამდგარიყოს, პოლემიკას გასაგებად მივიჩნევდი, მაგრამ დღეს ამ საკითხზე პოლემიკა აბსოლუტურად ზედმეტად მიმაჩნია - ეს თავიდან ბოლომდე აბსურდია. როცა ადამიანი თავის ქვეყანაში არ არის მოთხოვნადი, კონდოტიერი უნდა გახდეს? მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვას და უცხო ქვეყნის საჯარო და პოლიტიკურ სამსახურში უნდა ჩადგეს? სად არის ლოგიკა? საერთოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ლოგიკა, სახელმწიფოებრიობის განცდა, ქვეყნის და ერის სიყვარული მოეკითხება? ამ კითხვებზე საქართველოს მოსახლეობამ გასცა უკვე პასუხი და ნათელია ყველაფერი.

როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება დაამახსოვროს ოდესელებს თავი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა?

- ოდესაში ორი წელიწადი საქართველოს გენერალური საკონსულოს ხელმძღვანელი ვიყავი, კარგად ვიცნობ ამ ხალხს და ამ დიდებულ ქალაქს. როდესაც ოდესელს რამეს ეკითხებიან, ის კითხვას კითხვითვე პასუხობს. მეც ოდესურად, კითხვით გიპასუხებთ - საქართველოში რით დაამახსოვრა ხალხს თავი? აი, ასევე დაამახსოვრებს იქაც. თუმცა, საქართველოში 9 წელი თუ აბოგინა ჩვენმა მოსახლეობამ, ჩვენდა სამარცხვინოდ, ოდესაში ამდენი ხანი ნამდვილად ვერ გაძლებს.

დღეს ოდესის გუბერნატორის სტატუსის მქონე ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტი საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე, რამდენად მოსალოდნელია ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების ერთგვარად გაციება?

- ამ ნაბიჯს მე ვერ დავარქმევდი არამეგობრულს, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის უცნაური ნაბიჯი. თანაც, ეს პირველი შემთხვევა არ არის, მანამდე იყო ადეიშვილის შემთხვევა, თუმცა ზურაბ ადეიშვილი მაღალ საჯარო თანამდებობაზე არ ყოფილა. ბევრი კითხვა მაქვს და მზად ვარ ეს კითხვები არა მხოლოდ პირად საუბრებში, საჯაროდაც დავსვა.

პირველ რიგში, კითხვები საქართველოს ხელისუფლებასთან, კონკრეტულად კი საქართველოს მთავრობასთან მაქვს. ვიცით, რომ „ლიდერშიპი“, სწორედ, მთავრობაშია. ჩვენ უფრო საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ამიტომ პრეზიდენტთან კითხვები არ მაქვს. მით უმეტეს, რომ მან, მისდა სასახელოდ, მოძებნა საკუთარ თავში გაბედულება და საკმაოდ რელევანტური ოფიციალური განცხადება გააკეთა. არანაირი პოზიცია არ გამოუთქვამს მთავრობას, საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელთა განცხადებებმა კი პასუხის ნაცვლად მეტი კითხვები დაბადა.

დიპლომატიურ სამსახურში საკმაო ხანს ვიყავი და ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და, მით უმეტეს, საელჩო მთავრობის პოლიტიკური ნების განმხორციელებელი უწყებებია. ამიტომაც, კითხვა მაქვს მთავრობასთან: რას აპირებს ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომ მსგავსი ნაბიჯები აღარ განმეორდეს უკრაინისგან? უმოქმედობით არაფერი კეთდება და პირიქით, უფრო ცუდი ნაბიჯების პროვოცირება ხდება. თუ ასე გაგრძელდება, ამ პროცესს, შესაძლოა, ემსხვერპლოს კიდეც საქართველო-უკრაინის თანამშრომლობა. ამის უკან კი დგას მთელი შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობა, რაც არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის, არამედ, უსაფრთხოების კუთხითაც მნიშვნელოვანი საკითხია.

ქვიშაში თავის ჩაყოფითა და სირაქლემას პოზიციით კარგი არაფერი მოხდება. ფაქტებს თავიანთი სახელი უნდა დაერქვას. აბსოლუტურად გაუმართლებელია ზოგიერთის მოსაზრება, რომ, ვითომდა ვიღაცის პროვოცირებულია ეს და ვიღაც დაინტერესებულია საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გამწვავებით.

საჭიროა, საქართველოს მთავრობამ განმარტება მოითხოვს მეგობარი სახელმწიფოს მთავრობისგან თუ რა და რატომ ხდება. არის ბევრი სხვა კითხვაც, რომელიც არა მხოლოდ მე მაქვს, არამედ, ბევრს ებადება.

ფაქტია, მართლაც საფრთხის ქვეშ არის ორი სახელმწიფოს ურთიერთობა, მაშინ როდესაც ხინჯსაც კი ვერავინ იპოვის საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში ჩვენი თითქმის 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის პერიოდში. იყო იუშენკოს, კუჩმას, იანუკოვიჩის, კრავჩუკის პრეზიდენტობაც, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა.

აბსოლუტურად ვიზიარებ ქართველი ახალგაზრდების სულისკვეთებას, რომლებმაც ახლახან უკრაინის საელჩოსთან აქცია გამართეს და სამართლიანი გულისწყრომა გამოხატეს სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის გამო. შესანიშნავი აქცია იყო, მაგრამ ძალიან მეტკინა გული, რომ ვუყურებდი ამ ბავშვებს. კი მაგრამ, ბავშვების ზურგს უკან უნდა ამოვეფაროთ? ბავშვებმა უნდა თქვან ჩვენი სათქმელი? კეთილი ინებონ და ვისაც ეკუთვნის, იმან თქვას სათქმელი. ჩვენ თუ არ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, არავინ არაფრად დაგიდევთ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს. ისეც კადრულობს ზოგიერთი საზღვარგარეთ და შეუმდგარ სახელმწიფოს გვიწოდებს. არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რომ ეს გვიწოდონ. მე მგონი, პოროშენკოც უნდა დაფიქრებულიყო ამაზე, ვიდრე სააკაშვილს გუბერნატორად დანიშნავდა. რაღაც შეფასება უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში მაინც აღარ მოხდეს მსგავსი რამ.

კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ვინ და როგორ უნდა განმარტოს შექმნილი სიტუაცია, რა მიგაჩნიათ თქვენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებად?

- განმარტება უნდა გააკეთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ამისთვის არსებობს დიპლომატიური სამსახური. ორივე ქვეყნის დიპლომატიურ უწყებებში კვალიფიციური კადრები მუშაობენ. უკრაინაში ჩვენი ელჩი, მიშა უკლება ბრწყინვალე დიპლომატია და შესწევს უნარი, ყველაფერი ეს გააკეთოს, მაგრამ თუ არ იქნება შესაბამისი დავალება და მთავრობის პოლიტიკური ნება, ვერ გააკეთებენ. ველოდები პოლიტიკურ ნებას, რომ გაირკვეს და შესაბამისად, ამოიწუროს ორივე ქვეყნის სახელმწიფოთა სამეგობროდ ის გაუგებრობა, თუ რაც ჰქვია ამას, რაც დღეს არის.

ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციაზე. ამ საკითხზე საქართველოს პოზიცია თუ იქნება ხისტი, ეს მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. სწორედ, მის ინტერესში შედის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუარესება. ვარაუდს კი ვერ გამოვთქვამთ, თუ ფაქტებით არ იქნება გამყარებული.