გაიცვლება თუ არა სარკოზის დოკუმენტის შესრულება მსო-ში?

გაიცვლება თუ არა სარკოზის დოკუმენტის შესრულება მსო-ში?

[რუსიკო მუმლაძე]
ევროსაბჭოში საქრთველოს გარეშე გადაწყვეტილების მიღებას აპირებდნენ. დააპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება თავისი ხალხის ნების გარეშე მისცეს უფლება რუსეთს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს? გახდება თუ არა ამის საფუძველი სააკაშვილი-სარკოზი-მედვედევის დოკუმენტის რუსეთის მხრიდან შესრულება?
- ბევრ რამეს ნათელი ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოეფინება.

- “ჯერ სარკოზი-სააკაშვილის-მედვედევის დოკუმენტი შეასრულონ და მერე ვილაპარაკოთ. თუ შეასრულეს და გახდნენ პარტნიორები, ჩვენ რუსების ბოღმა კი არ გვაქვს?”, - ეს პასუხი პრესა.გე-მ პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანისგან მიიღო. კითხვა კი ასეთი იყო: “სარკოზის დოკუმენტს თუ შეასრულებენ, მივცემთ უფლებას რუსეთს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს?”.

ბუშის ადმინისტრაციის წასვლის შემდეგ, ნაომარი საქართველო საერთაშორისო არენაზე მალევე გახდა მივიწყებული ქვეყანა. ეს ხან სააკაშვილის ექსცენტრიულ საგარეო და არადემოკრატიულ საშინაო პოლიტიკას, ხანაც ობამას გაწონასწორებულ და მსოფლიოს გადამტვირთველ პოლიტიკურ კურსს, ხანაც რუსეთის ჭკვიანურ მოქმედებებს და უკრაინულ-ყაზახურ შედეგებს ბრალდებოდა. ფაქტი კი ფაქტად რჩებოდა - საქართველოს პრეზიდენტს აღარ ჰქონდა სერიოზული დონის შეხვედრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველ იარაღად აღარ განიხილებოდა.

წელიწადნახევრის შემდეგ, რატომღაც სიტუაცია შეიცვალა. მართალია, ამერიკის პირველმა პირმა, ობამამ ბირთვულ სამიტზე ჩასული სააკაშვილი პირადად არ მიიღო, მაგრამ ცოტა ხანში, ის საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ მიიღო. ლიტვამ სეიმის რეზოლუციაში სიტყვა ოკუპაცია დააფიქსირა, მანამდე კი ეს სამართლებრივი ტერმინი ჩეხეთში გამოიყენეს, რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტ მედვედევის ამერიკაში ვიზიტის დროს, სიტყვა - ოკუპაცია ხმამაღლა ითქვა და აშშ-ის ადმინისტრაციამ მკვეთრად დააფიქსირა, რომ რუსეთთან საქართველოს საკითხში მას რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს.

თუმცა, რუსეთმა ევროსაბჭოში რამდენიმე დღის წინ სერიოზულად აბურდა სიტუაცია და უნდოდა, რომ რუსეთ-საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები ქართული დელეგაციის გვერდის ავლით განეხილათ. თუმცა, როგორც პრესა.გე-ს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა უთხრა, რუსეთმა პრესაში დაანონსებული ქმედების განხორციელება ვერ შეძლო და ქართულმა დელეგაციამ საკუთარი პოზიციის დაცვა მოახერხა.

მეზობელ ქვეყანას უნდოდა, რომ რუსეთ-საქართველოს ვალდებულებების გადახედვის პროცესი ქართული დელეგაციის გარეშე წარმართულიყო. ამ თემას პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმარა რიგგარეშე სხდომაზე და თქვა: “ევროპას კარგად ახსოვს, პატარა ქვეყნების გვერდის ავლით, რა შედეგით სრულდებოდა ამ პატარა ქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მისი გვერდის ავლით ვერ მოხდება”.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რამდენადაც რუსეთსა და საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, ექსპერტების აზრით, გააქტიურდება ჩვენზე საუბარიც და ისიც გადაწყდება, რომელი გიგანტის მფარველობის ქვეშ დავრჩებით, თანაც ისე, რომ ჩვენ ამას არც კი შეგვეკითხებიან. თუმცა, ამ ეტაპზე, ბედის პოლიტიკური ბორბალი საქართველოს სასარგებლოდ ტრიალებს, მაგრამ როდემდე, არავინ იცის.

5 ივლისს ჰილარი კლინტონი ჩამოდის საქართველოში. ერთი შეხედვით, დასავლეთმა და ამერიკამ ჩვენზე აქცენტირება დაიწყო. თუმცა, საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურების პროცესი ექსპერტების მხრიდან უკავშირდებოდა ჩვენს ირანთან დაახლოებასა და ობამას ადმინისტრაციის განცხადებას – რუსეთს დავეხმარებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდესო.

ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას რუსეთი 1993 წლიდან ცდილობდა, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლება დიპლომატიურად მანიპულირებდა ამ თემით, ვიდრე მითვისებულ ტეტრიტორიებს არ დაგვიბრუნებთ, გაწევრიანების უფლებას არ მოგცემთო. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი კი აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება პუტინის ერთი გაღიმებისთვის რუსეთს ყველაფრის უფლებას მისცემს.

როგორც ჩანს, საქართველო ამ კოზირს უკვე მეორე ომით დამძიმებული სიტუაციის სანახევროდ გაბათილებაში დახარჯავს. ანუ სავარაუდოდ, დევნილებისა და რუსული ჯარების 6 აგვისტოს მდგომარეობაში დაბრუნების სანაცვლოდ, რუსეთი მსო-ში ვიზას მიიღებს... არადა, ადრე - ეს ჯარები საერთოდ გვყავდა საქართველოდან გაყვანილი და ძირითადად, “ძველი” დევნილების დაბრუნების თემაზე ვვაჭრობდით რუსეთთან.

რა მოხდა ევროსაბჭოში?
მიხეილ მაჭავარიანი: “ევროსაბჭოს აქვს რამდენიმე ძალიან კარგი რეზოლუცია მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებები ხმათა ძალიან დიდი უმრავლესობით გადიოდა თავის დროზე. რუსეთის დელეგაცია ძალიან ნერვიულობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან იქ კონკრეტულად არის გაწერილი, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი საქართველოდან, უნდა გაუქმოს აღიარება, უნდა დააბრუნოს დევნილები და აღადგინოს სტატუს-ქვო.

ყველა რეზოლუცია, რომელიც იქ არის მიღებული, ძალიან საზიანოა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენთვისაა ძალიან მომგებიანი. ეს დოკუმენტი შენახულია და რუსეთისთვის ძალიან დიდი თავისტკივილია. ლავროვი იყო ჩასული და განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ამ რეზოლუციების შესრულებას. ასეთ განცხადებებს ევროსაბჭოში ძალიან მტკივნეულად იღებენ ხოლმე, რადგან, ფაქტობრივად, ეს ორგანიზაციის შეურაცხყოფაა.

თანაც საერთაშორისო არენაზე კეთდება ეს განცხადებები…
- რა თქმა უნდა. რუსეთი ცდილობდა, რაღაცნაირად ნიველირება გაეკეთებინა ამ დოკუმენტის. ის, რასაც აპირებდნენ ევროსაბჭოში, საქართველოსთვის ცუდი არაა. რეზოლუციის მაგივრად, კომიტეტს უნდა მიეღო გადაწყვეტილება და არა - პლენარულ სხდომას. წელიწადში ერთხელ მონიტორინგის კომიტეტს პლენარულ სესიაზე მოეხსენებინა, როგორ ასრულებენ საქართველო და რუსეთი თავის ვალდებულებებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მონიტორინგიდან ვერასოდეს გამოვიდოდა, მაგრამ ამის გაკეთება საქართველოს დელეგაციის გვერდის ავლით, იყო მიუღებელი. რაც კეთდებოდა, ცუდი ჩვენთვის არ იყო, რადგან საქართველოს ყველა ვალდებულება აქვს შესრულებული, მაგრამ გააჩნია, როგორ აკეთებ ამას. როცა აქ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუდ ჩავუშოღლუ იყო ჩამოსული ჰქონდა პრინციპული საუბარი საპარლამენტო დელეგაციასთან და პალამენტის თავმჯდომარესთან. შევთანხმდთ, რომ ეს საკითხები არ გადაწყდებოდა ამ სესიაზე, არამედ - ოქტომბრის სესიაზე.

იქ არის ერთ-ერთი მომხსენებელი უოლშერი, რომლის მიმართ საქართველოს დელეგაციას ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, რადგან ეს ადამიანი ბრძანდებოდა მოსკოვში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საელჩოში. ამის გამო, ევროსაბჭოს დეპუტატთა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი დაწერილი მოხსენება საერთოდ არ განიხილონ, რადგან მან მთავარი - ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი დაარღვია.

იყო მცდელობა პოლიტიკური ჯგუფების მიერ, საქართველოს გვერდის ავლით მიეღოთ გადაწყვეტილება (ერთი ჯგუფია edg და alde). საბოლოოდ, alde-ს ფრაქციამ არ მისცა თავმჯდომარეს უფლება, ასეთი გადაწყვეტილება გამოეტანა. წარმოიდგინეთ, როგორი დონე იყო, ფაქტობრივად, პოლიტიკურ სკანდალია.

ფრაქციამ უთხრა თავმჯდომარეს, რომ შენ არ გაქვს უფლება, ამ გადაწყვეტილებაზე ჩვენი სახელით ილაპარაკოო. ყველაზე დიდმა ფრაქციამ, რომლის წევრიც “ნაციონალური მოძრაობაა”, მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავმჯდომარეს არ დაეთანხმებოდა და საქართველოს გარეშე არ მიიღებდა გადაწყვეტილებას.

მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ჩვენი საწინააღმდეგო ნამდვილად არ არის…
- ნამდვილად, მაგრამ ჩვენ ვთვლთ, რომ ამ გადაწყვეტილებაში ბევრი დეტალია. ეშმაკი დეტალებშია და სწორედ იმ დეტალებზე უნდა ვილაპარაკოთ.

როდის გახდა თქვენთვის ეს ცნობილი?
- ფაქტობრივად, კვირას. პროცესი მაშინაც დაწყებული იყო, როცა საქართველოში ჩავუშოღლუ იმყოფებოდა. არ ვიცი, მან უბრალოდ, არ გვითხრა, თუ მერე როგორც იძახდა, თავადაც ფაქტის წინაშე აღმოჩნდა.

პეტრე ცისკარიშვილმა რომ მოითხოვა მასთან შეხვედრა, მან უთხრა, ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, რადგან პოლიტიკური ჯგუფები აყენებდნენ ამ საკითხებსო. ამ პოლიტიკურ ჯგუფებში იყვნენ სოციალისტები და ულტრამემარცხენეები, ანუ ყოფილი კომუნისტები. ჩავუშოღლუმ თქვა, ამ პოლიტიკურ ჯგუფების გავლენის ქვეშ ვიმყოფებიო.

მონიტორინგის კომიტეტზე, ჩვენი დელეგაციის ძალიან აქტიური მონაწილეობით, ეს პროცესი შეჩერდა. ჩვენი მხრიდან ესწრებოდნენ ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი და გიორგი თარგამაძე. მათი აქტიური მონაწილეობით, რუსეთმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

როგორი რაღაცა იყო, წარმოიდგინეთ, რუსეთმა დაანონსა, პრესაში გამოაცხადა, რომ ხვალ ეს საკითხი იხურება, რეზოლუცია ამაზე აღარასოდეს იმსჯელებს და ეს გადავა ვალდებულებებში. აღმოჩნდა, რომ მათ ვერ გაიმარჯვეს, ჩვენ კი, ჩვენი პოზიცია დავიცავით. ჩავუშოღლუ 2-3 ივლისს მოსკოვში მიბრძანდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი, რუსეთის წინაშე დააყენებს იმ რეზოლუციების შესრულების საკითხს.

იმის იმედი შეიძლება, გვქონდეს, რომ ეს რეზოლუციები ოდესმე შესრულდება?
- იმედი უნდა გვქონდეს. ჯერ ჩეხეთის პარლამენტმა ახსენა ოკუპაცია, მერე ლიტვამ მიიღო რეზოლუცია ოკუპაციის შესახებ, შტატების ადმინისტრაციაში გაჩნდა ტერმინი ოკუპრებული. ჩვენ ახლა ეს ტერმინი უნდა დავამკვიდროთ და რაც შეიძლება, მეტ ქვეყანასთან ვიმუშაოთ, რათა მეტი რეზოლუცით მივიღოთ აღიარება - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.

მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, რუსეთი ამ მდგომარეობას ვეღარ შეინარჩუნებს, რაშიც ახლაა. ხვალ იქნება, თუ ზეგ რეზოლუციების შესრულებამდე მივალთ. აქამდე ჩვენ ყველაფერი უნდა მივიყვანოთ, რომ ფაქტის წინაშე დადგეს რუსეთი.

პირობას დებს ხელისუფლება, მიუხედავად ამერიკის ზეწოლისა, არასოდეს მისცემს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლებას?
- საქართველოს ხელისუფლება დებს პირობას. არაერთხელ გაცხადებულა, თუ რუსეთი ცნობს საქართველოს ტერტორიულ მთლიანობას და პატივს სცემს მის სუვერენიტეტს, ამ თემებზე რუსებსა და ჩვენს პარტნიოებს დაველაპარაკებით.

ევროსაბჭოში მარტო ჩვენი პოზიცია კი არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ ბალტიისპირელების, პოლონელების, ჩეხების პოზიციაც. ისინი ამბობდნენ, ჩვენს გარეშე რატომ იღებთ ასეთ გადაწყვეტილებას? კაი, ქართველები ქართველები არიან, მაგრამ ჩვენ, კაცო, ვინ ვართ? ჩვენ ხომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ლამის ერთხმად და რატომ გინდათ, რომ თავზე გადაგვახტეთო. ჩვენ ამ ხალხს ვერ ვუღალატებთ, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენს ხალხს ვერ ვუღალატებთ – საქართველოს მოქალაქეებს, მერე ჩვენს პარტნიორებს, თორემ, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ჩვენ ჩვენს თავთან არ ვართ მართალი.

თუ რუსეთი აღიარებს მაშინ?
- თუ რუსეთი ამას აღიარებს, კი…

მხოლოდ განცხადებაზე ენდობით რუსეთს?
- ვენდობით, თუ ის განაცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მისთვის ფაქტია და აუცილებლად გადახედავს აღიარებას, ანუ მას გააუქმებს.

სხვა რამეს გეკითხებით, ჯარებს თუ გაიყვანს, მაშინ ენდობით?
- არა, ეს თანმდევი პროცესია. ევროსაბჭოს რეზოლუციაში ეს ძალიან კარგად წერია: ჯარების გაყვანა 6 აგვისტოს პოზიციაზე, სააკაშვილი-მედვედევი-სარკოზის დოკუმენტში - დევნილების დაბრუნება და აღიარების გაუქმება.

ანუ სარკოზის დოკუმენტს თუ შეასრულებენ, მივცემთ უფლებას, რომ გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში?
- ჯერ შეასრულონ და მერე ვილაპარაკოთ. თუ შეასრულეს და გახდნენ პარტნიორები, ჩვენ რუსების ბოღმა კი არ გვაქვს? მთავარია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ, გაიყვანონ ჯარები, დააბრუნონ დევნილები და შეუწყონ ხელი პროცესს. ჩვენ და აფხაზებს, ჩვენ და ოსებს შორის სულ შუღლის ჩამოგდებას კი არ ცდილობდნენ, არამედ - ხელი არ შეგვიშალონ ურთიერთობაში.

რუსეთი სანდო პარტნიორია?
- რომ არ არის სანდო პარტნიორი, ამიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში. ეს ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით – საქართველოში, როგორი არასანდოა რუსეთი”.