სეტყვა ქართლსა და კახეთს ერთდროულად უტევს

სეტყვა ქართლსა და კახეთს ერთდროულად უტევს

მაისი აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვით გამორჩეული პერიოდია. ბოლო რამდენიმე დღეა სტიქია ერთდროულად უტევს კახეთს და ქართლს. თუკი კახეთისკენ სპეციალური დანადგარებით მოსავლის დაცვა ხერხდება, ქართლში მოსახლეობა მხოლოდ ბუნების ლმობიერების იმედზეა.

სტიქიამ გორის მუნიციპალიტეტის 40 სოფელი დააზარალა, მაგალითად, მერეთში მოსავლის 95% განადგურებულია. ადგილობრივები წელს შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ძირითადად განადგურებულია, ხეხილი, ვაზი და სასოფლო სავარგულები. გლეხების დიდ ნაწილს მოსავლის მოსაყვანად ბანკებიდან კრედიტები აქვთ აღებული რის დაფარვასაც, ალბათ, ვეღარ შეძლებენ.

მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და პარლამენტარი სოსო ვახტანგაშვილი სოფელ სობისში ჩავიდნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ. მათი ინფორმაციით, ზარალის დამთვლელი კომისია უახლოეს დღეებში შეიქმნება, რომელიც სტიქიის შედეგებს აღწერს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ჯერ კიდევ ორი დღის წინ დაისეტყვა, მაშინ მოსავლის 30% დაზიანდა, გუშინდელმა სტიქიამ კი მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა.

სეტყვის გამო, გორის რაიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგროდაზღვევის“ პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებიც დაზარალდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიებში სატელეფონო შეტყობინებები შედის, რის საფუძველზეც სადაზღვევო აგენტები ადგილზე ეტაპობრივად გავლენ და სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლიან, ჯერჯერობით ზარალის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია.

აგროდაზღვევაში მონაწილე ფერმერებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. პროგრაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, გორის რაიონში მცხოვრები 333 ფერმერი ჩაერთო. სახელმწიფო პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დააზღვიონ მოსავალი შემდეგ სტიქიურ მოვლენებზე: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს ყველა ფერმერს ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამაში, რათა თავიდან აიცილოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი.

წელს სეტყვის თავიდან აცილების თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა კახეთში, სადაც სეტყვის საწინააღმდეგო აპარატურა დამონტაჟდა. მართალია, სტიქიის შემოტევის სრულად თავიდან აცილება ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ წინა წლებთან შედარებით პროგრესი შესამჩნევია.

მაგალითად, კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო აგრეგატების მუშაობის შედეგად კახეთში გუშინ სეტყვა არ მოვიდა. მცირე ზომის სეტყვა მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში წამოვიდა, რამაც მიწის ფართობი მცირედით დააზიანა.

„შეიძლება ითქვას, რომ ზიანი, პრაქტიკულად, არ არის. ის საშიშროება რაც იყო და რა მასშტაბითაც იყო, მთლიანად გავანეიტრალეთ სეტყვის საწინააღმდეგო აგრეგატების მეშვეობით“, - აღნიშნა შიოლაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ ღამე იყო ძალიან დიდი ღრუბლის მასა, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნიდა კახეთს. „სეტყვის საწინააღმდეგო ყველა აგრეგატი ჩაირთო. ორჯერ მოხდა შეიარაღება ამ აგრეგატების და ორჯერ მოხდა სამიზნე წერტილების დამუშავება. არავის ჩარევა არ გახდა საჭირო, რადგან ამ აგრეგატებმა მთლიანად უზრუნველვყვეს მთელი კახეთის დაცვა. სეტყვის საშიშროება შვიდ მუნიციპალიტეტში იყო - სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა და საგარეჯო. მთელი ღამის განმავლობაში ამ აგრეგატებმა კარგად იმუშავეს“, - აღნიშნა შიოლაშვილმა.

თუმცა სიღნაცში ძლიერი სეტყვის თავიდან აცილება 28 მაისს მაინც ვერ მოხერხდა. ხორნაბუჯსა და ყარაღაჯში საღამოს შვიდის ნახევრიდან რვის ნახევრამდე მძვინვარებდა სტიქია და ზარალი თითქმის 100%-ს უტოლდება. მოსახლეობა, რომელსაც ნაკვეთები დაზღვეული ჰქონდა, სადაზღვეო კომპანიები აუნაზღაურებენ, თუმცა სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობიდან დაზღვევა ბევრს არ ჰქონია. უკვე შეიქმნა ზარალის შემსწავლელი კომისია, რომელმაც დასეტყვილი ნაკვეთები მოინახულა და 29-30 მაისს ზარალი სრულად შეისწავლა. სეტყვის თავიდან აცილება ამ ტერიტორიაზე იმიტომაც ვერ მოხერხდა, რომ ერთ-ერთი დანადგარი სისტემაზე მიერთებული არ იყო, ამიტომ გასროლაც ვერ მოხდა. იგი 31 მაისს ჩაირთო.