„თავდაცვის სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს იმისათვის, რომ 2016 წელს, ნატოს ვარშავის სამიტზე მიიღოს „MAP“, - ასეთია საქართველოს თავდაცვის მინისტრის გზავნილი, რომელიც თავდაცვის მინისტრის რანგში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა იყო 2016 წელს დაგეგმილი ნატოს ვარშავის სამიტი.
„ვარშავის სამიტი, როგორც ამ შეხვედრაზე, ასევე დღეიდან მომავალი წლის 9 ივლისამდე, ნებისმიერ ჩემს შეხვედრაზე იქნება საუბრის მთავარი თემა. ჩვენი პოზიცია, დამოკიდებულება ცნობილია - ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველო გადავიდეს ნატოსთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ექსპერტი, „სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსართხოების საკითხებში“ შორენა ლორთქიფანიძე თვლის, რომ საკმაოდ ადრეა საუბარი 2016 წლის ვარშავის სამიტის პრესპექტივებზე, რადგან ეს დამოკიდებულია არა საქართველოს სურვილზე, არამედ - საერთაშორისო ურთიერთობებეზე.
„თავისთავად, ის ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრი პირველი ვიზიტით წავიდა ბრიუსელში, ეს უკვე გვაფიქრებინებს, რომ მთავრობა ალიანსში გაწევრიანების გზაზე დგას. იცით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება მოითხოვა მეზობელმა თურქეთმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რადგან თურქეთის როლი ნატოში საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას იღებს 28 ქვეყანა. თავისთავად კარგია, რომ დაიწყო MAP-ის რეანიმაცია, რადგან ნატოსთან ურთიერთობის გაგრძელებით, სხვა ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით, ეს ტენდენციები ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე.
ექსპერტი, საერთაშორსო ურთიერთობების საკითხებში თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, მიიღებს თუ არა საქართველო ვარშავის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ეს დამოკიდებულია ვაშინგტონის და ევროპული ქვეყნების მხრიდან პოლიტიკურ ლობირებაზე. შარაშენიძე თვლის, რომ ამ მიმართულებით, პირველ რიგში, სამუშაოა ბერლინში.
„გადაწყვეტილებას იღებენ არა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, არამედ იღებენ დედაქალაქებში. ძალიან ბევრი დამოკიდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, მაგრამ უფრო მეტად დამოკიდებულია ევროპული დედაქალაქების და ვაშინგტონის პოლიტიკურ ლობირებაზე. პირველ რიგში, სამუშაო არის ბერლინში, პოლიტიკურ წრეებში. ბერლინის პოზიცია იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი. ბუნებრივია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მზად არის და თითქმის, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ჩვენ გაცილებით წინ ვართ წასული, ვიდრე სხვა სახელმწიფოები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებაზე. როგორც თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გადაწყვეტილება ცენტრის ადგილმდებარეობაზე უკვე მიღებულია და ქართული მხარე საბოლოო პასუხს ალიანსისგან ელოდება.
„დღეს შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ მათ პასუხს ველოდებით, რათა რეალურად უკვე დაიწყოს სამუშაოები. ჩვენ მივიღეთ გენერალური მდივნისგან პირობა, რომ ის საქართველოში ამ წლის განმავლობაში ჩამოვა და სიმბოლურად, შეიძლება, სწორედ, ამას დავამთხვიოთ საწვრთნელი ცენტრის გახსნა. ვინაიდან თარიღი არ ვიცით, ეს ჯერჯერობით გეგმაა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.