ბიზნესი მოგების გადასახადის გაუქმებას მოუთმენლად ელის

ბიზნესი მოგების გადასახადის გაუქმებას მოუთმენლად ელის

მთავრობა მოგების გადასახადისგან ბიზნესის გათავისუფლების საკითხს უახლოეს მომავალში წარადგენს. საინეტრესოა, რას მოუტანს იგი ქვეყნას? ბიზნესმენები და სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მოგების გადასახადიდან გათავისუფლება ეკონომიკისთვის ძლიერი ბიძგის მიმცემი იქნება.

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ახალი მნიშვნელოვანი ინიციატივა დაადასტურა.

„ჩვენ მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის განცხადება ამასთან დაკავშირებით. ალბათ, საკითხი უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა კალაძემ.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მთავრობას მოგების გადასახადის გაუქმების საკითხის დაჩქარებას სთხოვენ.

„ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მოგების გადასახადი გაუქმდეს. ვიცით, რომ პარლამენტის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ამაზე აქტიურად მუშაობენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, დააჩქარონ ამ კანონზე მუშაობა. ეს ძალიან სერიოზულ ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის  პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ.

როგორც მან აღნიშნა, სჯობს, დრო დაიხარჯოს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს, ვიდრე ისეთ კანონებზე, რომელიც „რეალურად, უკან გადაგმული ნაბიჯია“. როგორც ჭირაქაძემ აღნიშნა, მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით მათ ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრაზეც ისაუბრეს.

„ვიცით, რომ ხელისუფლება ამ თემას პოზიტიურად უყურებს, თუმცა საქმის კურსში ვართ პრობლემის შესახებაც, რადგან მოგების გადასახადის გაუქმება იწვევს ხელისუფლებისთვის დამატებითი რესურსების მოძიების, სხვა არხების გამოძებნის შესაძლებობას. ეს რომ მარტივი არ არის, გვესმის, მაგრამ ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს - დღეს არის დრო, მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღება, რათა ქვეყანაში ეკონომიკა გამოცოცხლდეს, ახალი ინვესტიციები უფრო მეტად წამოვიდეს, ინვესტორებს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობა გაუჩნდეთ“, - აღნიშნა ჭირაქაძემ და დასძინა, რომ ასევე მნიშვნელოვანი თემაა საპენსიო რეფორმა, თუმცა უკვე მრავალი წელია, მისი გადადება ხდება.

კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორი გიორგი მარგველაშვილი დაგეგმილ ცვლილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ თუ ეს ინიციატივა ძალაში ნამდვილად შევა, ეკონომიკისთვის იგი, შესაძლოა, რევოლუციურიც აღმოჩნდეს. მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს ქვეყანაში რეინვესტირების სტიმულს ქმნის, რაც ცალსახად პოზიტიური მომენტია.

დაგეგმილ ცვლილებას ეხმიანება ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელიც. მისი აზრით, ეს ბიზნესისთვის ცალსახად მომგებიანი იქნება. რაც შეეხება ეკონომიკას, თუკი იგი მიმართული იქნება რეინვესტირების კუთხით, ამას კიდევ უფრო კარგი შედეგი ექნება.

მოგების გადასახადის შესაძლო გაუქმებას ემხრობა აუდიტორი ირაკლი შავიშვილი. მისი თქმით, ეს ბიზნესს ზედმეტ კალკულაციას თავიდან აარიდებს და თანხა, რომელიც საწარმოში დარჩება, მის განვითარებას მოხმარდება.

„ზუსტად არ ვიცი, რაზე მუშაობს ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ თუ ისე მოხდა, როგორც ინფორმაცია გავრცელდა, ეს ბიზნესისთვის ძალიან კარგი შეღავათი იქნება. მოგების გადასახადის გაუქმებით ბიზნესს ზედმეტი კალკულაცია აღარ დასჭირდება. იქნება მარტივი გაანგარიშება - რასაც დამფუძნებელი წაიღებს სახლში, დაიბეგრება მხოლოდ ის. რაც საწარმოში დარჩება, ისევ საწარმოს მოხმარდება.

თუ ასე მოხდა, ბიზნესი აირიდებს თავიდან ბევრ რეგულაციას, აწარმოებს ჩვეულებრივ ბუღალტრულ აღრიცხავს თავისთვის და ისე გაანაწილებს თანხას“, - აცხადებს ირაკლი შავიშვილი.