სასკოლო ასაკი უცვლელი დარჩა

სასკოლო ასაკი უცვლელი დარჩა

პარლამენტმა სასკოლო ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. უმცირესობის დეპუტატ კობა სუბელიანის ინიციატივა იმ ბავშვებისთვის, რომელთაც იანვრამდე შეუსრულდებოდათ 6 წელი, სკოლაში სწავლის დაწყების უფლების მიცემას ითვალისწინებდა.

უმრავლესობის წევრები სუბელიანის ინიციატივას ეწინააღმდეგებოდნენ და ინიციატივისთვის მხარის არდაჭერის მიზეზად ფსიქოლოგების რეკომენდაციები მოჰყავდათ. მათი თქმით, იქმნება სკოლამდელი მომზადების პროგრამა, სადაც აღნიშნული კატეგორიის ბავშვებს ჩართვის საშუალება ექნებათ. ინიციატივას 39 მომხრე 10 წინააღმდეგი ჰყავდა, კანონის მიღებას კი 50 ხმა სჭირდებოდა, ამიტომ კანონპროექტი ჩავარდა.

წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იყო. ამასთანავე, მშობლის სურვილის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება მიეცემოდათ იმ პირებსაც, რომელთა ასაკი 5 წელზე მეტი იქნებოდა.

კენჭისყრის დაწყებისას განცხადება გააკეთა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ. მისი თქმით, სწორედ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, არც განათლების სამინისტრო და არც კომიტეტი წარმოდგენილ ინიციატივას მხარს არ უჭერს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნას განათლების მინისტრი გამოეხმაურა. თამარ სანიკიძის თქმით, პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, სწორია. მსჯელობა წამოიჭრა იმიტომ, რომ სენსიტიური თემაა. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ამაზე მაშინაც ემსჯელათ, როდესაც 6 წლიანი დაწიეს 5 წლიანამდე. აი, აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, თუ რა მოტივით მიიღეს მათ ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ, რომელიც პარლამენტის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

აღსანიშნავია, რომ მშობლები თვეების განმავლობაში მიმართავდნენ პარლამენტარებს თხოვნით, შეეცვალათ მათ მიერვე მიღებული გადაწყვეტილება და ბავშვებისთვის, რომლებსაც 6 წელს მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებდა, სწავლის დაწყების უფლება მიეცათ. მშობლებს ჰქონდათ სპეციალისტების არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი მცირე დროის პერიოდი ბავშვის სასკოლო მზადყოფნის თვალსაზრისით არაფერს ცვლის.

მშობელთა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ ვერ მიიღეს არგუმენტირებული დასაბუთება მოქმედი კანონის სასარგებლოდ. მათი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ამით პარლამენტის უმრავლესობამ და განათლების სამინისტრომ საბოლოოდ დაადასტურა, რომ მათთვის ბავშვების ინტერესებზე პრიორიტეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებებია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მშობლებს ერთადერთი გამოსავალი რჩებათ - ეს კერძო სკოლაა. საქმე ის არის, რომ კერძო სკოლების დიდმა ნაწილმა 2015 წლის შემოდგომაზე სწავლის დაწყება დაახლოებით 1 თვით გადასწია. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე, იმ ბავშვებს, რომელთაც 2015 წლის 19 ოქტომბრამდე უსრულდებათ 6 წელი, შეეძლებათ კერძო სკოლაში ეზიარონ საწყის განათლებას. სამომავლოდ კი უფლება ეძლევათ საჯარო სკოლაში გადაინაცვლონ. მშობლების უმეტესობა სწორედ ამ კომბინაციით აპირებს ფონს გასვლას. კერძო სკოლებს კი დამატებითი კონტინგენტის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდათ. განათლების კანონის გვერდის ავლის მეთოდები, ალბათ, მომავალშიც დაიხვეწება.