ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსულ კომპანიებს საქართველოს რკინიგზის მეშვეობით ტრანზიტის განხორციელების მზარდი ინტერესი აქვთ. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი ამბობს, რომ ამაში არაფერი ახალი არ არის, ეს მუშაობა და სატრანზიტო გადაზიდვები რუსეთიდან საქართველოს რკინიგზის საშუალებით წლებია მიმდინარეობს და პროცესი არ შეფერხებულა.
„უფრო კონკრეტულად, ალბათ, რკინიგზის სამსახური მოგაწოდებთ ამ საკითხზე ინფორმაციას, მაგრამ ეს ხდებოდა, ხდება და კიდევ უფრო მეტი დაინტერესებაა, რამდენადაც მე ვიცი, რუსული კომპანიებიდან, რომ ეს სატრანზიტო მიმართულება უფრო მეტად იყოს მათი მხრიდან გამოყენებული. ეს დაკავშირებულია ჩვენს საზღვაო პორტებთან. ასე რომ, საინტერესო თემაა და საინტერესო პერსპექტივა აქვს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ამასთან, პრემიერის წარმომადგენელი ამბობს, რომ რკინიგზის რაიმე მონაკვეთის გასხვისების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრის წინ ზურაბ აბაშიძე აპირებს, რომ შეხვდეს საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს, იმ შემთხვევაში, თუ მათაც რაიმე საკითხი აქვთ გასავლელი რუსულ მხარესთან.
ეკონომიკის მინიტრის განცხადებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთბრუნვის აღდგენაზე საუბარი არ არის. რაც შეეხება შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვას, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ მარშრუტით ტვირთბრუნვა მიმდინარეობს და აქ ახალი არაფერი არ არის.
„ბატონ ზურასთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთბრუნვის აღდგენაზე საუბარი არ არის და ვერც იქნება, ვიდრე პოლიტიკური პრობლემები არსებულ მდგომარეობაშია და მათი სტატუსი არ შეიცვლება. რაც შეეხება შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვას, დღესაც მიმდინარეობს ეს ტვირთბრუნვა და აქ ახალი არაფერი არ არის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ექსპეტრი, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რუსული კომპანიების მხრიდან საქართველოს დერეფნების ტრანზიტულად გამოყენება აქამდეც ხდებოდა, ამ მიმართულებით არანაირი აკრძალვა აქ არ მოქმედებდა.
„კვირიკაშვილმა ვერ გაიგო რაზე ლაპარაკობდა აბაშიძე. არ მესმის ზურაბ აბაშიძე რატომ საუბრობს ამ საკითხზე. ეს არ არის პოლიტიკური თემა, შესაბამისად, არც მოლაპარაკების თემა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი. გადაზიდვების გაზრდა ჩვენს ინტერესში უნდა იყოს. თუ რკინიგზას ექნება მეტი გადაზიდვები, გვექნება მეტი შემოსავალი. შეზღუდვა ამ კუთხით არ არსებობდა. ეს არის რკინიგზის ბიზნესი. მოდის დამკვეთი, რომელსაც ტრანზიტულად უნდა ტვირთის გატარება საქართველოს ტერიტორიიდან და ატარებს. ის რუსული წარმომავლობის არის, თუ ამერიკული, კანონმდებლობით შეზღუდვა არ აქვს დაწესებული“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.