დიასპორული კაპიტალის სამშობლოში დაბრუნება ვერ ხერხდება

დიასპორული კაპიტალის სამშობლოში დაბრუნება ვერ ხერხდება

ბოლო 20 წელიწადში საქართველოდან საზღვარგარეთ 1,5 მილიონზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა და უცხოეთში საკმაოდ დიდი დიასპორაც შექმნეს. ჯერჯერობით არც მათი უკან დაბრუნება და არც დისპორული კაპიტალის სამშობლოში დაბანდება არ ხერხდება. არადა, ეს პოტენციალი ქვეყანას აშკარად ასათვისებელი აქვს.

დიასპორულ-პროფესიულ ფორუმზე გამოსვლილსას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი რესურსი, რომლის გამოყენება შესაძლებელია. ამ პოტენციალის გათვალისწინებით, დღეს საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა.

„ჩვენ გვაქვს მთავარი პრობლემა, ეს არის ჩვენი რესურსების არასწორად გამოყენება. ვერ ვხედავთ ჩვენ რესურსებს, რომელიც არის უნიკალური. რამდენიმე თვის წინათ დავამუშავეთ თითოეული რეგიონის პოტენციალი და აღმოჩნდა, რომ ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს - ეს არის ბუნებრივი და სხვა რესურსები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. დღეს საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა, საქართველოში არ უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რისა გამოც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან, საქართველოში არ ბრუნდებიან. ამიტომაც მთავრობას დიასპორული კაპიტალის მოზიდვა სურს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში რამდენიმე გეგმა უკვე არსებობს.

რას სთავაზობს სახელმწიფო ამ მიმართულებით საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს? როგორ აპირებს მთავრობა ქართული დიასპორის დანაზოგების ბიზნესად ქცევას?

მინისტრის მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი ამბობს, რომ დიასპორის დანაზოგების ბიზნესში მიმართვა დიდი ხანია სურს მთავრობას, რადგან ქვეყანაში ფულადი გადმორიცხვების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე მოდის. სამინისტროს ერთ-ერთი გეგმა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის გადარიცხვის სისტემის გამარტივებაა.

უწყებას უკვე ჰქონდა კონსულტაციები საბანკო სექტორთან, „კაპიტალ ბანკთან“ კი მემორანდუმიც გააფორმა. ფულადი გზავნილების სისტემის გამარტივების კონკრეტულ მექანიზმებს სამინისტრო უკვე ბანკისგან ელოდება.

რაც შეეხება ემიგრამნტების ბიზნესით დაინტერესებას, სამინისტრო დეტალური ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ისეთი პროგრამების შესახებ, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ და „შეღავათიანი აგროკრედიტები“.

„ჩვენ მოვიწვიეთ ყველა ის სამთავრობო უწყება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უშუალოდ ახორციელებს სამთავრობო პროგრამებს. ეს არის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები და შესაბამისად მათთან გვექნება ინტენსიური მუშაობა, რომ შევადგინოთ გარკვეული გზამკვლევი, საგზაო რუქა იმ ადამიანებისთვის, რომ გასაგები იყოს“, - აცხადებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი.

სამინისტრო ემიგრანტების ბიზნესში ჩასართავად, ვისაც ამის საშუალება აქვს, თანაინვესტირების ფონდთან შუამავლობასაც შეეცადა, მაგრამ როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ამ მხრივ კონკრეტული შედეგები არ არის, რადგან ფონდი აქამდე დიასპორისგან წამოსული პროექტებით არ დაინტერესებულა.