სოფელ უფლისციხის მოსახლეობა გორი-უფლისციხის საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრება. მოსახლეობის უკმაყოფილება იორდანიიდან დაავადებული ცხვრის შემოყვანამ გამოიწვია. რამდენიმე კვირის წინ ექსპორტზე საქართველოდან იორდანიის მიმართულებით ათი ათასამდე სული ცხვარი გავიდა, თუმცა, ცხვარი გაურკვეველი მიზეზების გამო, იორდანიის სახელმწიფომ არ მიიღო, რის შემდეგაც საქონელი საქართველოში, კერძოდ უფლისხიცეში დააბრუნეს. იმპორტირებული ცხვარი ადგილობრივი არ ყოფილა, ანუ საექსპორტოდ უფლისციხიდან არ გაგზავნილა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, თეო ტლაშაძის ინფორმაციით, მოსახლეობის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ რამდენიმე დღის წინ ათასამდე სული ცხვარი გარდაიცვალა. ხოლო ცოცხალ საქონელს გაურკვეველი დაავადების ნიშნები აღენიშნება.
„სოფელ უფლისციხეში დაახლოებით ერთი კვირის წინ შეიყვანეს ათი ათასი სული ცხვარი, რომელიც იორდანიიდან მოაბრუნეს. საქონელი რეალიზაციისათვის გაყავდათ, თუმცა იორდანიის სახელმწიფომ უარი თქვა მიღებაზე. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცხვარი გემით ერთი თვის მგზავრობის შემდეგ, უფლისციხის საძოვრებზე შეიყვანეს. პირუტყვი გაურკვეველი სენით არის დაავადებული. რამდენინმე დღის წინ აუღეს ანალიზები შესაბამისმა სამსახურებმა, თუმცა მოსახლეობამ პასუხი არ იცის.
ხალხი პანიკაშია, რადგან ათასი ცხვარი გარდაიცვალა და ორმოში ჩამარხეს. დანარჩენ ცხვარსაც სისხლი გასდის და ერთმანეთს კბენს. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტულ გზას გადაკეტავს, რომელიც გორიდან უფლისცხეში შედის. საფრთხე არა მხოლოდ უფლისციხეს, არამედ მთელ რეგიონს ემუქრება“, - განაცხადა თეო ტლაშაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი დეპუტატის, თემურ აფხაზიშვილის თქმით, მიზეზი თუ რამ გამოიწვია ცხვრის დახოცვა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაადგინონ. გასარკვევია საკითხიც, თუ რატომ მოხდა დაავადებული ცხვრის სოფელ უფლისციხეში შეყვანა.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო უფლისციხეში ცხვრების დაცემის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. სააგენტოს სპეციალისტები ვითარებას ადგილზე სწავლობენ. კლინიკური ნიშნებით, ასევე პათანატომიური გაკვეთის შედეგებით ჯანმრთელ და დაცემულ ცხოველებში ინფექციური დაავდების ნიშნები არ აღინიშნება. ამასთანავე, პათოლოგიური მასალა ლაბორატორიული კვლევისთვის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, წინასწარი ვარაუდით ცხვრების დაცემა ცხოველების შენახვისა და მოვლის პირობების დაუცველობამ, ასევე, ხანგრძლივმა ტრანსპორტირებამ და შიმშილმა გამოიწვია.
მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი ეთანხმება სურსათის უვნებლობის სააგენტოს მოსაზრებას:
„ერთი წუთით წარმოიდგინეთ პირუტყვი, რომელიც ლამის ორი თვის განმავლობაში ღია ზღვაში, გემზე იმყოფება. ჩემი აზრით, მათი მდგომარეობა კვების ბრალია იმიტომ, რომ ღია ზღვაში ცხვარს ისე ვერ გამოკვებავ, როგორც საჭიროა. როგორც ვიცი, ცოფზეც აქვთ ეჭვი, მაგრამ საქართველოში ცხვარს ცოფი არასდროს ჰქონია. ჩვენთან თურქულიც არ არის იმიტომ, რომ მთავრობა უფასო ვაქცინაციას ატარებს. დაავადებები, რომელზეც ეჭვი შეაქვთ, გამორიცხულია. ცხვრების დახოცვა უფრო შიმშილისა და დასუსტების ბრალია“, - აღნიშნავს გონაშვილი, რომელიც იმ მიზეზებზეც საუბრობს თუ რატომ რატომ დააბრუნეს საექსპორტოდ გაყვანილი ცხვარი საქართველოში.
„ჩემი ინფორმაციით, რაც მოხდა, ბიზნესოპერატორებს შორის დაპირისპირების ბრალია: არაბულმა კომპანიამ პრობლემები შეუქმნა ქართულს, რომ აქედან წაყვანილი ცხვარი საუდის არაბეთში სარეალიზაციოდ შესულიყო. ამის შემდეგ კომპანია შეეცადა, ცხვარი იორდანიაში შეეყვანა, მაგრამ იქაც არ მიიღეს და იძულებული გახდნენ უკან დაებრუნებინათ.
საუდის არაბეთის ბაზარი ჩვენ 2010 წელს დავკარგეთ. წელს ეს ბაზარი დიდი მცდელობის შედეგად გაიხსნა, რაშიც სახელმწიფოც აქტიურად იყო ჩართული, მაგრამ ამ ქვეყანამ ექსპორტიორებს ძალიან რთული მოთხოვნები დაუწესა. სხვათა შორის, მეც ეჭვი მეპარება, რომ უკან დაბრუნებული ცხვრის ნაწილი ქართული არ იყო. როგორც ვიცი, სწორედ იმ პერიოდში დაიწყეს სომხეთიდან ცხვრის შემოყვანა, თანაც ამ პერიოდში ასეთი რაოდენობის ცხვარი ჩვენთან არ არის“, - აცხადებს „ბიპიენთან“ საუბრისას გონაშვილი.
მისი აზრით, ქართული ცხვრის ექსპორტს ძალიან ბევრი რამ უშლის ხელს. პირველი და უმთავრესი პრობლემა კი იმიჯია, რომელიც ბოო დროს საკმაოდ შეილახა.