ლარმა ტურისტულ სააგენტობს პრობლემა შეუქმნა

ლარმა ტურისტულ სააგენტობს პრობლემა შეუქმნა

ლარის გაუფასურებამ ტურისტულ სააგენტოებს ზაფხულის სეზონზე მომხმარებელთა რაოდენობა, დაახლოებით, 30%-ით შეუმცირა. უფრო მეტად საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში გამგზავრებას სთავაზობენ. სააგენტოებში ყველაფრის მიზეზად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და ლარის დევალვაციას ასახელებენ.

“ლავ თრეველში” აცხადებენ, რომ მომხმარებელი, შარშანდელის მსგავსად, უპირატესობას თურქეთის კურორტებსა და ეგვიპტეში დასვენებას ანიჭებს, თუმცა მოთხოვნადია ევროპის ქვეყნებიც.

სააგენტო “გუდ თრეველში” კი აცხადებენ, რომ პრიორიტეტული ქვეყნები შეიცვალა - თუ შარშან უპირატესობას თურქეთსა და ეგვიპტეს ანიჭებდნენ, წელს ევროპა ძალიან პოპლარულია. განსაკუთრებული დაინტერესებით კი უნგრეთი, ჩეხეთი და საბერძნეთი სარგებლობს. აღნიშნულ ქვეყნებში დასვენების ღირებულება 200 ევროდან იწყება.

სააგენტოში ამბობენ, რომ ტურების გაძვირება მხოლოდ ლარის გაუფასურებამ გამოიწვია და დოლარში დაწესებული ფასის გამო, მომხმარებელს საგრძნობლად მეტი თანხის გადახდა უწევს.

“თუ ადრე ტური 300 დოლარი ღირდა, ეს დაახლოებით 500 ლარი იყო, დღეს კი ეს უკვე 700 ლარია. განსხვავება დიდია და, შესაბამისად, ადამიანებს ეშინიათ გარისკონ და ამხელა ბიუჯეტი საკუთარ თავზე აიღონ”, - აცხადებენ სააგენტოში.

“კალიფსო თრეველში” კი ამბობენ, რომ მათთან ტურები ყოველთვის არის, მაგრამ ფასები, რა თქმა უნდა, მცირედით გაძვირებულია: “ძირითადად რუსულენოვანი ქვეყნების შემოსვლას ველოდებით, გარე ტურებზე მოთხოვნადი და პოპულარული ტურისტული ქვეყნები ადგილობრივებისთვის დუბაი ეგვიპტე და თურქეთია. რაც შეეხებათ უცხოელ ტურისტებს, გაზაფხულზე უფრო მთიანი რეგიონების ტურებს ირჩევენ.”

“ვორლდ თრეველში” ცდილობენ ფასების მხრივ სტაბილურობა შეინარჩუნონ: “ადგილობრივებისთვის აქტუალური ტურისტული ქვეყნები - ეგვიპტე და თურქეთია. უცხოელი ტურისტებისთვის კი, გააჩნია სეზონს, საქართველოს მთიან რეგიონს აირჩევენ თუ საზღვაო კურორტს. ჯერჯერობით ვცდილობთ სტაბილური ფასები შევინარჩუნოთ”.

სხვათა შორის, ლარის დევალვაციამ ჯერ კიდევ 2 თვის წინ სააღდგომო ტურებზე იქონია გავლენა. რამდენადაც პილიგრიმული პაკეტები გაძვირდა, მომხმარებელთან რაოდენობამაც იკლო.

არადა, ტურისტული კომპანიები, ისრაელთან სავიზო რეჟიმის გამარტივების გამო, მოთხოვნის ზრდას ელოდებოდნენ, თუმცა მოხდა პირიქით - მომხმარებლების ნაწილმა წმინდა მიწაზე სააღდგომო მოგზაურობაზე უარი თქვა.

“ნიტა თრეველში” მაშინვე დაადასტურეს მომხმარებელთა შემცირების ფაქტი. მათ კლების პროცენტული მაჩვენებელი არ დაუსახელებიათ, თუმცა მიანიშნეს, რომ შემცირება საგრძნობია. “ნიტა თრეველში” განაცხადეს, რომ ამ ყველაფრის ერთადერთი მიზეზი ლარის დევალვაციაა. რადგან პარტნიორებთან ანგარიშსწორებას დოლარით ახდენენ, პაკეტების ღირებულებაც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, ლარში გაძვირდა.

მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას უჩიოდნენ “სამტ თრეველშიც”, სადაც აღნიშნეს, რომ ტუროპერატორებს პარტნიორებისგან სერვისების შეძენა ლარის ოფიციალურ კურსზე 2%-ით ძვირად უწევთ, ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე კი, პაკეტების ღირებულება კიდევ უფრო ძვირდება. სერვისების ნაწილი, მაგალითად სასტუმროების სეგმენტში, დოლარშიც გაძვირებულია. ყოველივე ეს კი მომხმარებელთა რაოდენობაზე აისახა.