შემოვლითმა რკინიგზამ ყველა პრობლემას გვერდი აუარა

შემოვლითმა რკინიგზამ ყველა პრობლემას გვერდი აუარა

კვირა არ გავა, რომ შემოვლითი რკინიგზის წინააღმდეგ მოსახლეობა არ გამოვიდეს და ახალ-ახალი პრეტენზია არ წამოაყენოს. ეს იმიტომ ხდება, ამჯერად საქმე ეხება დეპოს მშენებლობას და ეკოლოგიური მდგომარეობის შესაძლოგაუარესებას.

ზაჰესის მოსახლეობა დასახლებაში დეპოს მშენებლობას აპროტესტებს.
ჩიქვანაიას ქუჩის მაცხოვრებლების თქმით, “საქართველოს რკინიგზა” მათ სახლებთან ახლოს დეპოს მშენებლობას იწყებს, რამაც, შესაძლოა, საცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნას.

მოსახლეობა შიშობს, რომ მშენებლობის დაწყების შემთხვევაში მათი საცხოვრებლები, სავარაუდოდ, ნგრევას დაექვემდებარება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მშენებლობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ და პასუხს შპს “საქართველოს რკინიგზისგან” ითხოვენ.

ჩიქვანაიას ქუჩის მცხოვრებნი მათ დასახლებაში ჰაერის დაბინძურებაზეც საუბრობენ და სასწრაფო გამოკვლევების ჩატარებას ითხოვენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ მათ სახლებთან გამავალ რკინიგზაზე ყოველდღიურად ნავთობით დატვირთული შემადგენლობები მოძრაობს, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შემოვლითი რკინიგზის პროექტს მოსახლეობა უპირისპირდება. ზაჰესის და ავჭალის მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ჩივის, რომ “საქართველოს რკინიგზის პროექტი უამრავ პრობლემას უქმნის. განსაკუთრებით კი, მიწის მფლობელებს გაუჩნდათ თავსატეხი.

რკინიგზის ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისთვის ანაზღაურებულია 14 000 000 ლარი. 860 ნაკვეთიდან გამოსყიდულია 630 მათგანი; 78 საცხოვრებელი სახლიდან გამოსყიდულია - 54; 22 ბიზნესიდან კომპენსირებულია - 14.

როგორც ცნობილია, “საქართველოს რკინიგზა” ახორციელებს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს, რომლის ამოცანაა თბილისის ცენტრალური ნაწილის გათავისუფლება სარკინიგზო ინფრასტრუქტურისაგან. გამოთავისუფლებულ 100 ჰექტარ მიწაზე კი, იგეგმება ბიზნეს ცენტრების, გასართობი ცენტრების, მწვანე ზოლისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.

რკინიგზაში აცხადებენ, რომ გამოსასყიდად დარჩენილი 230 ნაკვეთის მფლობელს საკუთრებაში არსებული ფართის ორმაგი ოდენობის ალტერნატიული მიწის ნაკვეთით დააკმაყოფილებს.

თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინა ხიდაშელი კი მიიჩნევს, რომ რკინიგზის მიერ შემუშავებულ პაკეტში ახალი და სანუგეშო არაფერია. პრობლემა, რომელიც მოსახლეობამ დასვა, ამ შეთავაზებით არ გვარდება.

როგორც ხიდაშელი განმარტავს, პრობლემა ის არის, რომ აღნიშნული მიწის ფართები შემოსავლიანობის თვალსაზრისით სათანადოდ არ არის შეფასებული და კომპენსაცია მის რეალურ ღირებულებასთან შედარებით ძალიან მცირეა.

“საქმე ისაა, რომ “საქართველოს რკინიგზა” ამ ნაკვეთების მთლიანად შესყიდვას კი არ ახორციელებს, არამედ მხოლოდ იმ ნაწილის, რომელიც მათ სჭირდებათ. არადა, რკინიგზის გაყვანის შემდეგ, იმ ნაკვეთის დანარჩენი ნაწილი გამოუსადეგარი ხდება და მისი მესაკუთრე ვეღარ დაამუშავებს, ანუ კარგავს მუდმივი შემოსავლის წყაროს.

არის ასევე კაკლიანი მიწები, რომელიც მფლობელებს ძალიან კარგ შემოსავალს აძლევს. რკინიგზა კი, მათ მხოლოდ მიწის და ხეების ღირებულებას უხდის და ამ კაკლების მოჭრით დაკარგულ შემოსავალის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება ალტერნატიულ მიწის ფართებს, ეს უნდა იყოს ჩამორთმეული მიწის ღირებულების ადეკვატური. უნდა შესთავაზონ იმავე გეოგრაფიულ არეალში და არა, სადღაც, გადაკრგულ ადგილას ხრიოკი მიწა. რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი მე ვერ ვიპოვე პასუხი ვერც ერთ კითხვაზე და პრობლემაზე, რომელიც აღნიშნული მიწის მფლობელებს აქვთ, - აცხადებს ხიდაშელი.