აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის პოლიტიკური გარემო მზადდება?!

აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის პოლიტიკური გარემო მზადდება?!

 

რუსეთისა და თურქეთის ბიზნესმენების მოღვაწეობა აფხაზეთში... ესპანელი ბიზნესმენების მხრიდან აფხაზეთით დაინტერესება და წვრილ-წვრილი ბიზნესმენები სხვა ქვეყნებიდანაც: სომხები, შუააზიელები, უკრაინელები... ახლა უკვე ისრაელი და გერმანელი ბიზნესმენები! ყოველივე ამას აფხაზური მედია “საერთაშორისო ასპარეზზე გარღვევად” და “ისტორიულ მომენტად” აფასებს.  

“ეს მიანიშნებს არაფერს, გარდა იმისა, რომ ვიღაცა ცდილობს აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმიზაციის მოხდენას”, - ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე.

აფხაზეთში ბიზნესმენების ამოქმედებას მისი დამოუკიდებლობის წინაპირობად არ თვლის კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, თუმცა მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველოსთვის სავალალოა.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის დირექტორ გიორგი ხუციშვილის ინფორმაციით, “აფხაზეთის საგარეო ეკონომიკური კავშირები ფართოვდება, რაც რეგიონის აღიარებისთვის პოლიტიკურ გარემოს ცვლის”.

როგორც სააგენტო “პირველს” ხუციშვილმა განუცხადა, “საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში არსებული ევროპული სტრატეგია - “ჩართულობა აღიარების გარეშე” აფხაზეთში სამრეწველო-ეკონომიკური თუ სოციალური პროექტების განხორციელებას მხოლოდ პოლიტიკური აღიარების გარეშე სრულიად ლეგიტიმურს ხდის”.

“აფხაზეთის საგარეო ეკონომიკური კავშირები ფართოვდება. ამ მიმართულებით მეტი მოძრაობა შეინიშნება და ებრაული და გერმანული კომპანიების წარმომადგენლების აფხაზეთში ვიზიტები გამონაკლისი არაა. აფხაზეთში საქართველოს მეგობარი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან კერძო ინვესტორებიც იყვნენ ჩასულები და იქ მიწის შეძენაზე მოლაპარაკებები გამართეს. ეს პროცესები რეალურად მიმდინარეობს. რამდენად შეიძლება, ამან პოლიტიკური შედეგები გამოიწვიოს, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ, როგორც წესი, ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკური დამოკიდებულების შეცვლას იწვევს. არ ვამბობ, რომ ამ კავშირებს აფხაზეთის აღიარება მოჰყვება, თუმცა ფაქტია, რომ აღიარებისთვის პოლიტიკური გარემო იცვლება”, - განაცხადა ხუციშვილმა.

ამასთან, კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ “საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული პროცესების შეჩერება არ ძალუძს და მხოლოდ საპროტესტო ნოტები შეუძლია დააგზავნოს”.

“თუ რომელიმე სახელმწიფომ გადაწყვიტა, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობები დაამყაროს, ოფიციალური თბილისი ამას წინ ვერ აღუდგება. მაგალითად, თურქეთი რამდენიმე წელია, თავისუფლად ვაჭრობს აფხაზეთთან და საქართველოს ხელისუფლება ამას ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან აპროტესტებდა, თუმცა ვერაფერი შევცვალეთ”, - დასძინა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ებრაელები მზად არიან, აფხაზეთს სამხედრო ტექნოლოგიები მიაწოდონ. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშსა და ებრაულ ჰოლდინგ “გლობალ სიესთი”-ის ხელმძღვანელობას შორის შესაბამისი მოლაპარაკებები 13 აპრილს მოსკოვში გაიმართა, რის შემდეგაც ებრაული დელეგაცია აფხაზეთში გაემგზავრა, სადაც 15 აპრილამდე დარჩება.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას აფხაზეთში გერმანელი ბიზნესმენების დელეგაცია იმყოფებოდა. მათ იქ კონკრეტული პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს. გასულ კვირას კი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, პირველად ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ უცხოელი ბიზნესმენების მხრიდან აფხაზეთში ბიზნეს-პროექტების განხორციელების იდეა საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით არასწორია. თუმცა აღნიშნულ ფაქტს აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინაპირობად არ თვლის.

პაატა ზაქარეიშვილი: “ყოველივე ეს აღიარებამდე რომ მივიდეს, არა მგონია. მაგრამ უცხოელ ბიზნესმენთა მხრიდან ასეთი დაინტერესება, რა თქმა უნდა, აფხაზეთისთვის სერიოზული ნაბიჯია. ეს კი საქართველოს ხელისუფლების იმ უგუნური პოლიტიკის შედეგია, რაც მან ებრაელებთან მიმართებაში გაატარა. გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ რაც არ უნდა ავანტიურისტული იყოს საქართველოს ხელისუფლება, მისი გვერდის ავლით ბიზნესწარმოების დაწყება აფხაზეთის ტერიტორიაზე უცხოელების მხრიდან არასწორია. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კერძო კომპანიებია და სახელმწიფოსთან არაფერ შუაშია. დაახლოებით იგივე მოსაზრება მაქვს გერმანულ კომპანიებთან დაკავშირებითაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთია სამწუხარო რეალობა. თუ საქართველოს ხელიუსფლებას ჰგონია, რომ “ოკუპაციის” დაძახებით რამე შეიცვლება, ძალიან ცდება”.

კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის თვალსაზრისითაც, უცხოელი ბიზნესმენების ამოქმედება აფხაზეთში არ უნდა მივიღოთ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის წინაპირობად.  როგორც ის “რეზონანსთან” საუბრისას აცახდებს, ებრაული კომპანიის მიერ აფხაზეთში ბიზნესსაქმიანობის დაწყება საქართველოს ხელისუფლებისადმი მხოლოდ დემარშია.

არეშიძე აღნიშნულ ფაქტს საქართველოში ორი ებრაელი ბიზნესმენის დაკავებას, მანამდე კი ერთ-ერთი ებრაული კომპანიის ქვეყნიდან გაძევებასა და კიდევ ორი ბიზნესმენის შევიწროებას უკავშირებს. “საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პარტნიორის გადაკიდება მოახერხა, რაც სამწუხაროა”, - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია “გლობალ სიესთის” 7 წარმომადგენელი უკვე აფხაზეთში იმყოფება და დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრებს მართავს, მანამდე კი ისინი ბაღაფშს მოსკოვში შეხვდნენ.

მამუკა არეშიძე: “აღნიშნულ კომპანიას ყოფილი მაღალი სამხედრო პირები ხელმძღვანელობენ. რაც შეეხება იმას, რეალურად მოხდება თუ არა სამხედრო შეიარაღების მიწოდება ისრაელის მხრიდან, ამაში ეჭვი მეპარება. აფხაზეთი სავსეა იარაღით და ამის საჭიროება არ არსებობს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ისრაელი აფხაზეთს სპეცრაზმის გაწვრთნაში დაეხმაროს. ანალოგიურ საქმიანობას ის გვინეასა და კონგოში ეწევა. ასევე არაა გამორიცხული, ისრაელმა საქართველოს ჯინაზე აფხაზეთს უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდოს. არსებობს სხვა აზრი, რომ ეს აფხაზეთზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით შეიძლება, ხდებოდეს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. მეც და ბევრი სხვა ანალიტიკოსიც აღნიშნულ ქმედებას განვიხილავთ, როგორც ისრაელის დემარშს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ”, - უთხრა “რეზონანსს” არეშიძემ.

რაც შეეხება გერმანელი ბიზნესმენების აფხაზეთში ჩასვლას, ექსპერტი ფიქრობს, რომ ისრაელებთან შედარებით აფხაზეთში მათ ამოქმედებას სხვა შეფასება უნდა მიეცეს.

მამუკა არეშიძე: “ასეთი ტიპის ბიზნესმენების იქ ჩასვლა პირველი არ არის. შარშან აფხაზეთში ესპანელი ბიზნესმენები იყვნენ ჩასულები, რაზეც დიდი აჟიოტაჟი ატყდა. გარდა ამისა, აფხაზეთში დღეს 2 ქვეყნის (რუსეთისა და თურქეთის) ბიზნესმენები იქ უკვე მოღვაწეობენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში წვრილ-წვრილი ბიზნესმენები სხვა ქვეყნებიდანაც არიან: სომხები, შუააზიელები და უკრაინელებიც. საინტერესოა ის, როგორ მოხვდნენ გერმანელი ბიზნესმენები აფხაზეთში და ვის მიერ იყო ორგანიზებული მათი იქ ჩასვლა. არ არის გამორიცხული, რომ ეს რუსული მხარის ინიცირებულია. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია გერმანიაში მცხოვრები აფხაზური დიასპორის მიერ. ადვილი შესაძლებელია ისიც, რომ ეს ადამიანები სულაც არ ასრულებენ თავიანთ ბიზნესმისიას აფხაზეთში და მხოლოდ იმის დემონსტრირებისთვის არიან, რომ აფხაზეთში “დაწყებული” ბიზნესსაქმიანობა ყველას აჩვენონ. ასე რომ, ასეთი ტიპის წამოწყებები იქ არაერთხელ ყოფილა და არის კიდეც, რაც მიანიშნებს არაფერს, გარდა იმისა, რომ ვიღაცა ცდილობს აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმიზაციას”.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი იმასაც დასძენს, რომ რაც არ უნდა ფულზე ორიენტირებული იყოს უცხოური ბიზნესკომპანიების მოღვაწეობა აფხაზეთში, ყველა შემთხვევაში პოლიტიკური კონტექსტი ვერ აცდება.

“უცხოური კომპანიებისგან ნებისმიერ ტიპის ბიზნესაქტივობას აფხაზეთში პოლიტიკური ახსნა ექნება, რადგან მათ კავშირი, ან კონტრაქტის გაფორმება მოუწევთ დე ფაქტო და არა ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი.