„რისკიან კომპანიებს“ მთავრობა კლანჭებიდან არ გაუშვებს

„რისკიან კომპანიებს“ მთავრობა კლანჭებიდან არ გაუშვებს

[ეკა ბაქრაძე]

განა პირველი შემთხვევაა, რომ მთავრობა დღეს ერთს ამბობს, ხოლო ხვალ მეორეს აკეთებს. ეს თავისებური სტილი უკვე კარგა ხანია დამკვიდრებულია. ასეა ამჯერადაც აუდიტორების მიერ კერძო კომპანიების შემოწმების კრიტერიუმებში თანდათან ყველაფერი იცვლება.

შემოსავლების სამსახური მაღალი რისკის მქონე ბიზნესებს თავად შეამოწმებს. ამ განცხადებას საგადასახადო ცვლილებების პრეზენტაციიდან ერთი დღის შემდეგ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებს. როგორც ცნობილია, მთავრობა ბიზნესს პირველად აძლევს უფლებას თავად აირჩიოს, საგადასახადომ შეამოწმოს თუ შემოსავლების სამსახურში აკრედიტებულმა კერძო აუდიტორმა.

ჯაბა ებანოიძის განმარტებით, აუდიტორების ამოქმედებით შემოსავლების სამსახური მნიშვნელოვან დროს დაზოგავს, ხოლო ადამიანურ რესურსებს მაღალი რისკის მქონე საწარმოების შემოწმებაში უფრო ეფექტურად გამოიყენებს. მისივე განცხადებით, საგადასახადო, ძირითადად, ფოკუსირებული მსხვილ გადამხდელებზე იქნება. 
რომელი ბიზნესები იქნება მიჩნეული მაღალი რისკის მქონედ, ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. არ არის ცნობილი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც დადგინდება ამა თუ იმ საწარმოს რისკიანობა, ხოლო თუკი მთავრობის მუშაობის სპეციფიკას მივიღებთ მხედველობაში, მაშინ გამორიცხული არ არის, „რისკიანი კომპანიების“ რიცხვი თანდათან გაიზარდოს და არარეალურ მაჩვენებელსაც მიაღწიოს.

არადა, სულ რაღაც 2 დღის წინათ მთავრობის დიდმოხელეები სულ სხვაგვარად ენამზეობდნენ. ქვეყნი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბიზნესმენებთან შეხვედრისას გულდაგულ ამტკიცებდა, რომ კერძო სექტორს უფლება ექნება, შემოწმების მიზნით ლიცენზირებულ აუდიტორულ ან საკონსულტაციო კომპანიებს მიმართოს. აუდიტორის მომსახურების შემთხვევაში, შემოწმება გადამხდელს შემოსავლების სამსახურში შემოწმებულ პერიოდად ჩაეთვლება.

კერძო აუდიტორული ან საკონსულტაციო კომპანიის არჩევის შემთხვევაში, გადამხდელი თავისუფლდება აღმოჩენილი დარღვევის ჯარიმისგან. 

„ჩვენ გვინდა, უფრო მეტი მოტივაცია მივცეთ კერძო სექტორს, რომ ეს ინიციატივა რაც შეიძლება მალე გამოიყენონ“, - განაცხადა ნიკა გილაურმა. 

რაც შეეხება აუდიტორული კომპანიის მომსახურების ფასს, გილაურის განმარტებით, მას ბაზარი განსაზღვრავს. პრემიერის თქმით, ამ პროცესში რამდენიმე აუდიტორული კომპანია იქნება ჩართული და, შესაბამისად, კონკურენციაც გაჩნდება. 

„ამ კომპანიებს შორის იქნება კონკურენცია ფასთან დაკავშირებით. ჩვენ ფასს არ განვსაზღვრავთ“, - განაცხადა გილაურმა. 

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა შეთანხმებულია აუდიტორულ კომპანიებთან. ექსპერტებს მთავრობის ინიციატივა მოსწონთ, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა მაინც აქვთ. ზურაბ ტყემალაძის თქმით, თუკი შემოსავლების სამსახური გადაწყვეტს, რომ მეწარმე შეცდომაში აუდიტორის დასკვნის გამო შევიდა, ამ შემთხვევაში პასუხი სწორედ აუდიტორმა უნდა აგოს.

„ეს კარგი ინიციატივაა, თუმცა მარტო ინიციატივა არაფრის მთქმელია. ამჯერად საინტერესოა, რა პასუხისმგებლობა ექნება აუდიტორულ კომპანიას. თუ აუდიტორი ჩემს კომპანიაში რაიმე დარღვევას აღმოაჩენს და მე მას გამოვასწორებ და შემდეგ თუ საგადასახადო მომედავა, რომ ეს ქმედება არასწორი იყო, ამ შემთხვევაში პასუხი აუდიტორულმა კომპანიამ უნდა აგოს. მეორეს მხრივ, როდესაც აუდიტორის პასუხისმგებლობაზეა საუბარი, საინტერესოა ამ ნორმის აღსრულება როგორ უნდა მოხდეს, როდესაც აუდიტორული კომპანიის საწესდებო კაპიტალი 2 ათას ლარს შეადგენს?“ - ამბობს ტყემალაძე.