ახალ კოდექსს რეკორდულ დროში ამტკიცებენ

ახალ კოდექსს რეკორდულ დროში ამტკიცებენ

[ეკა ბაქრაძე]
მთავრობას ახალი საგადასახადო კოდექსს ორიგანილური ხერხით “გააქვს”. ერთი მხრივ, ბიზნესმენებს და უცხოურ ორგანიზაციებს ხვდება და მათ შენიშვნებს ვითომდა ისმენს, მეორე მხრივ კი კანონპროექტი პარლამენტში შეაქვს, სადაც ახალი კოდექსი პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცეს კიდეც. როდისღა უნდა მოესწროს შენიშვნების გამოთქმა და მისი განხილვა-გაზიარება, ძნელი სათქმელია. ალბათ მას შემდეგ, როცა მას ელვის უსწრაფესად დაამტკიცებენ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლი მტკიცებით, ახალი საგადასახადო კოდექსის საბოლოო ვარიანტი მზად 2 ივლისს იქნება. მისი თქმით, კოდექსის პირველად ვარიანტთან შენიშვნები იყო. თუმცა, მთავრობასთან აქტიური მუშაობის შედეგად შეთანხმება მოხერხდა და ახალი კოდექსი ყველასთვის მისაღები იქნება.

ფინანსთა მინისტრი ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედ უცხოურ ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდება. მინისტრი კოდექსის პროექტს ისეთ ორგანიზაციებს გააცნობს როგორებიცაა “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში”, “საფრანგეთის ბიზნესსაბჭო” და “ქართულ შვეიცარული ბიზნეს-ასოციაცია”.

ასეთი ნაბიჯის გადადგმა ფინანსთა მინისტრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალი საგადასახადო კოდექსის კრიტიკაში საერთაშორისო სავაჭრო პალატაც ჩაერთო. სავაჭრო პალატის საგადასახადო კომისიის თავმჯდომარე პროექტის შესწავლის შემდეგ აცხადებს, რომ რამდენიმე საკითხი კოდექსში საფუძვლიანად შესაცვლელია. ზურაბ ნიკვაშვილის მტკიცებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ აქამდე გაცხადებული პრინციპები დოკუმენტში სათანადოდ არ ასახულა.

სავაჭრო პალატის წარმომადგენლის განმარტებით, ახალ კოდექსში გაჩნდა მცირე მეწარმის ცნება, თუმცა საგადასახადო ტვირთი მასზე გაზრდილია. ასევე, რამდენიმე მიმართულებით იზრდება ჯარიმებიც. მაგალითად, ნიკვაშვილს ზედნადების გარეშე ტვირთის გადაზიდვა მოჰყავს, რისთვისაც კოდექსის პროექტის მიხედვით ჯარიმა ხუთმაგდება.

სანამ ბაინდურაშვილი ვიღაცებს ხვდება და პრეზენტაციებში დრო გაჰყავს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა თავის საქმეს აკეთებს. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. გამოდის, რომ ხარვეზები მეორე მოსმენამდე უნდა გასწორდეს, რისთვისაც ძალიან ცოტა დროა გამოყოფილი, თორემ მესამე მოსმენა რომ ფორმალობაა, ეს ყველამ კარგად იცის.

კენჭისყრამდე კოდექსის დეტალებზე განმარტებები ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გააკეთა, დეპუტატების კითხვების უმეტესება კი, უკვე განხილული და ცნობილი საკითხების გადამოწმებას ეხებოდა. კერძოდ, უმრავლესობის წევრებმა მინისტრს კიდევ ერთხელ სთხოვეს დაედასტურებინა ის გარემოება, რომ პრესის დაბეგვრა არ იგეგმება.

გარდა ამისა, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კონკრეტულად სამედიცინო აპარატურის იმპორტი არ დაიბეგრება და აღარ დაიბეგრებიან უმაღლესი სასწავლებლები და კერძო სკოლები. ახალ საგადასახადო კოდექსს პარლამენტი საბოლოოდ მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცებს, ხოლო ძალაში 2011 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მთავარ პრიორიტეტებად საგადასახადო სისტემის მიმართ ნდობის ამაღლება, გონივრული ადმინისტრირების განხორციელება, სტაბილური საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბება, ბიზნესის მაქსიმალურად ლეგალიზება, მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება და კანონის ორმაგი ინტერპრეტირების გამორიცხვა სახელდება.

ასევე, ჩნდება ე.წ. მიკრობიზნესის ცნება, რომელიც ყოველგვარი საგადასახდო ვალდებულებისგან იმ მიკრომეწამეების გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომელთა წლიური ბრუნვა 30 ათას ლარამდეა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით ცვლილება შეიტანა მოქმედ საგადასახადო კოდექსშიც, რომლითაც სატელეფონო საუბრები აქციზით იბეგრება, ხოლო სპირტიან სასმელებზე, მათ შორის ლუდზე, აქციზი ორმაგდება.

პარლამენტისა და მთავრობის მტკიცებით, კოდექსზე მსჯელობა მისი მიღების შემდეგაც გაგრძელდება.