საქართველოში თაღლითობის მსხვერპლი არაერთია... თაღლითობა კანონით დასჯადია, მაგრამ თაღლითისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, რეალურად, იშვიათად ხდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თაღლითები ძალიან დახვეწილი მეთოდებით ,,მუშაობენ”, ანუ კარგად იციან, კანონი სრულიად უსაფრთხოდ როგორ დაარღვიონ. რა უნდა ვიცოდეთ, თაღლითობის მსხვერპლი რომ არ გავხდეთ, როგორ ხდება კანონების მოშველიებით ,,აბეზარი” დაზარალებულების თავიდან მოცილება, ამასთან, საქმის ,,მოუსავლეთში” გადასროლა, რატომ არ სჯიან პროფესიონალ თაღლითებს და რატომ არ უნდა ვენდოთ მათ, ვინც გარიგებებს, ქონებრივი გარანტიების გარეშე, ,,საკუთარი” ნოტარიუსების დახმარებით გვთავაზობენ და სად არის გამოსავალი? - ,,ქართული სიტყვა” აგრძელებს ტრადიციულ საუბარს ადვოკატ ელზა ჯმუხაძესთან, რომელიც აცხადებს, რომ თაღლითობა ეროვნული უბედურებაა. “ეს მძიმე დანაშაული საქართველოში წახალისებულია, რაც საფუძველს ქმნის, რომ გამწარებული ადამიანები ერთმანეთს გაუსწორდნენ”, - ირწმუნება ყოფილი ჟურნალისტი ელზა ჯმუხაძე, რომელიც წლებია, საადვოკატო საქმიანობას ეწევა.
- ელზა, თაღლითობის ეროვნულ უბედურებად გამოცხადებაღა გვაკლდა... რა ხდება?
- თაღლითობა დანაშაული - სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის დეფინიციაში პირდაპირაა მითითებული: იმისთვის, რომ პირის ქმედება თაღლითობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია, დაზარალებული მოტყუებული იყოს. ჩვენი უბედურება ისაა, რომ თაღლითი, როგორც წესი, ძალიან განათლებული, ან გამოცდილია, გულუბრყვილო, დაუდევარი მსხვერპლი კი სწორედ იქ ტყუვდება, სადაც, წესით, არ უნდა ტყუვდებოდეს. საქმის წარმოების პროცესში სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვეთა და მტკიცება გვიჭირს, რადგან ყველაფერი, ერთი შეხედვით, კანონის დაცვითაა მომხდარი...
- იმის მტკიცება, რომ ერთმა ადამიანმა მეორე მოატყუა, რატომ ჭირს? ყველაფერი ეს ხომ ძალიან მარტივად მისახვედრია?
- მიხვედრა ადვილია, მაგრამ დანაშაულის დამტკიცება სულ სხვა, არცთუ ადვილი პროცესია, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქმეში თუნდაც ერთი წერილობითი დოკუმენტი ფიგურირებს, რომელიც მხარეთა შორის ამა თუ იმ შინაარსის გარიგების (მხარეთა შორის სამოქალაქო ურთიერთობის) ფაქტზე მიუთითებს.
- მაგალითად?
- მაგალითად, თუ მომჩივანი და მოპასუხე ხელს აწერენ ხელშეკრულებზე ან, თუნდაც, მარტივ გარიგებაზე, ეს სამართალდამცავებს კანონიერ საშუალებას აძლევთ, საქმე თავიდან მოიშორონ, ანუ საქმეში არსებული მტკიცებულებები ისე კი არ შეაფასონ, როგორც ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის მამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოებები, არამედ, - ჩვეულებრივი, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე მხარის არაკეთილსინდისიერების დამადასტურებელი ფაქტები, რაც, ბუნებრივია, დასჯადი არაა. თუ ასე გავაგრძელებთ, საბოლოოდ გამოვა, რომ თაღლითობა ქვეყანაში ერთ-ერთ სარფიან საქმიანობად იქნება აღიარებული, რასაც ზურგს უტყუარი საკანონმდებლო გარანტია გაუმაგრებს. მოკლედ, ,,ჭეშმარიტი თაღლითები” ალესილი დანის პირზე აწ და მარადის ისე ივლიან, სამართალდამცავთა მხრიდან ნიავიც არ დაუბერავთ, მსხვერპლადქცეულ ადამიანებს კი, სამართლიანობის აღდგენაზე ოცნება ოცნებადვე დარჩებათ. ამიტომ იძულებულნი გახდებიან, თაღლითები დახოცონ და ჯავრი ასე იყარონ!
- არაკეთილსინდისიერი ქცევა დასჯადი რატომ არაა?
- ცნება ,,არაკეთილსინდისიერი” სამოქალაქო კანონმდებლობაში შინაარსით იგივეა, რაც სისხლის სამართლებრივ კანონმდებლობაში - ,,დამნაშავე”. კანონდამრღვევი პირის ქცევის ამ ორგვარად კვალიფიცირების დროს განსხვავება დამდგარ შედეგშია: თუ პირის ქმედება დანაშაულად კი არა, არაკეთილსინდისიერებად შეფასდა, ამისთვის არ და ვერ დაიჭერენ. კანონმდებლობა პირდაპირ გვეუბნება, რომ ის საქმე, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნები არ იკვეთება, სამოქალაქო სასამართლოს განსჯადია. სწორედ ამიტომ, ზარმაცი, უგულისყურო თუ არაკვალიფიციური სამართალდამცავები იმას კი არ ცდილობენ, თაღლითების მიერ წინასწარი განზრახვით ჩახლართულ სიტუაციებში სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მამტკიცებელი ფაქტები გამოავლინონ და გამოკვეთონ, არამედ, საქმეს ზერელედ, გულგრილად ეკიდებიან და იმ მოთხოვნას ,,ეფარებიან”, რასაც კანონმდებლობა აყენებს. ამ მოთხოვნით კი, დანაშაული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით და ალბათობის მაღალი სტანდარტით უნდა მტკიცდებოდეს. ეს გასაგებია და ძალიანაც კარგია, მაგრამ როცა ხედავ, რომ ერთი და იმავე პირს ერთი და იმავე მეთოდით, ასევე, ერთი და იმავე ნოტარიუსის დახმარებით ათობით, ასობით ადამიანი ჰყავს გაუბედურებული, ძნელი სამტკიცებელი აღარ უნდა იყოს, რომ ეს პირი გაქნილი თაღლითია და პასუხიც კანონის წინაშე უნდა აგოს!
- ანუ, სამართალდამცავები დაზარალებულებს თაღლითების დასჯაზე უარს ეუბნებიან?
- ცდილობენ, დაზარალებულები დაარწმუნონ, რომ ის, ვინც მათ, მაგალითად, ბინა გაუყიდა, თავისი უნამუსო ქცევით ოჯახს ჭერი თავზე ჩამოამხო და ცივ ქვაზე დასახლებული დატოვა, ანუ არაკეთილსინდისიერად მოიქცა, დამნაშავე არ არის!
- ამ, რბილად რომ ვთქვათ, ზერელე პასუხის გასაჩივრება არ შეიძლება?
- მას შემდეგ, რაც ჩვენი კანონებში განსწავლული და ,,ჭკუით დაძეძგილი” სამართალდამცავები საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის კვალს ,,ვერ აღმოაჩენენ”, თავიანთ ძვირადღირებულ კომპიუტერებს გახსნიან და ,,კოპი-ფეისტ”-ით, ორ წუთში შექმნიან გამწარებული მომჩივნებისთვის გასაგზავნ სტანდარტულ ,,პასუხებს”, სადაც მხოლოდ გვარ-სახელები და თარიღი იცვლება. მოკლედ, მომჩივანს, ერთ მშვენიერ დღეს, ფოსტით ეცნობება, თქვენი საჩივარი შევისწავლეთ, დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და სამოქალაქო სასამართლოს მიმართეთო. გამწარებული მომჩივანი ამ სტანდარტულ პასუხს ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრებს, რომლის კომპიუტერშიც, ასევე, ინახება სამწინადადებიანი, დაუსაბუთებელი პასუხის ,,კლიშე”, რომელიც მთავრდება ,,რჩევით”, სამოქალაქო სასამართლოს მივმართოთო და სწორედ აქედან იწყება თაღლითობით დაზარალებულისთვის ნერვების წყვეტისა და ტანჯვის მეორე სერია!
- რატომ?
- როგორც გითხარით, სამოქალაქო კანონმდებლობაში არ არსებობს დამნაშავის ცნება. შესაბამისად, დავის სამოქალაქო წესით განხილვის შემთხვევაში, პირის დაკავება გამორიცხულია. თუკი თავს ზევით ძალა აღარ გვეყოფა და სამართლიანობის აღსადგენად სამოქალაქო სასამართლოს მივადგებით, ეს სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე გამოაცხადებს, ანუ არავის დაიჭერს. მოკლედ, თუ პროკურატურამ დაზარალებული სამოქალაქო სასამართლოსკენ გადაამისამართა, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ პერსპექტივაში, არც ზიანი ანაზღაურდება და დამნაშავეც დაუსჯელი რჩება. მეტიც, დამნაშავე, რომელიც სამოქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში კარგადაა გაწაფული, კანონის ლაბირინთებში ისე შეგითრევს, რომ თუ წესიერი დაცვა არ გყავს, უკან გამოსასვლელ გზასაც ვეღარ იპოვი და საქმეს წააგებ!
- არ მჯერა, რომ დაზარალებულმა თაღლითთან, ან მასთან, ვინც არაკეთილსინდისიერად მოექცა, საქმე წააგოს...
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ დავა მოიგოს, მაგრამ მთავარია, დაზარალებულისთვის სასურველი შედეგი დადგება თუ არა, ანუ მოხდება თუ არა ზიანის ანაზღაურება. გარდა ამისა, ასეთი დავების დროს უმეტესწილად ჭირს და ხშირად შეუძლებელიცაა სასამართლოს წინაშე იმის მტკიცება, სად და როგორ მოტყუვდა დაზარალებული, რომელსაც საკუთარი ნებით აქვს ხელი მოწერილი იმ დოკუმენტზე, რომელმაც დაღუპა!
- როგორ ახერხებენ თაღლითები, რომ მსხვერპლს ხელი დოკუმენტებზე მოაწერინონ? - აჯადოებენ თუ ჰიპნოზით ზემოქმედებენ?
- სხვათა შორის, არც მსგავსი რამის გამორიცხვა შეიძლება, მაგრამ მთავარი მაინც ერთი ნიუანსია: ნოტარიუსთან შედგენილ ყოველგვარ აქტში, როგორც წესი, ხაზგასმითაა მითითებული, რომ ამა თუ იმ ნებას სრულიად ქმედუნარიანი მხარეები ყოველგვარი ძალდატანებისა და მოტყუების გარეშე გამოხატავენ და ამას ადასტურებს ნოტარიუსის ბეჭედი. ამიტომაც, პროფესიონალი თაღლითები ხშირად ცდილობენ, მსხვერპლთან ურთიერთობა (რომლის საბოლოო და ფარული მიზანი მოტყუებაა) აუცილებლად დოკუმენტურად, ნოტარიუსის თანდასწრებით გააფორმონ. ასეთი დოკუმენტი მომავალში თაღლითების სამართლებრივი დაცვის გარანტია ხდება, რადგან სწორედ ამ დოკუმენტის გამო ჭირს ხოლმე იმის მტკიცება, რომ მსხვერპლი, რომელიც საკუთარი ნებით აწერს ხელს დოკუმენტს, მოტყუებულია. ნოტარიუსთან მისვლის შეთავაზებით, თაღლითები ახერხებენ, მსხვერპლის უფრო მეტი ნდობა მოიპოვონ. მოკლედ, ადამიანი სწორედ მაშინ ტყუვდება, როდესაც არ ამოწმებს, ვისთან აქვს საქმე და გარიგების დასადებად ისეთ ნოტარიუსთან მიდის, რომელიც თავს არ იწუხებს, პოტენციურ მსხვერპლს ის სამართლებრივი შედეგები აუხსნას, რაც ამა თუ იმ სანოტარო აქტზე ხელმოწერის შედეგადაა მოსალოდნელი.
- ნოტარიუსებს კანონი არ ავალდებულებს, ადამიანს აუხსნან, ხელს რაზე აწერინებენ?
- წესიერი ნოტარიუსი, რა თქმა უნდა, ვალდებულია, მხარეებს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები განუმარტოს, მაგრამ არიან ნოტარიუსები, რომლებიც ამას ან გულგრილობით, ან გარკვეული დაინტერესების გამო არ აკეთებენ! სწორედ ასეთ ,,ნაძრახ”, ნოტარიუსებთან თანამშრომლობენ პროფესიონალი თაღლითები და სამართალდამცავებმა ზეპირად იციან, რომელი ნოტარიუსი რისი მკადრებელია, რადგან საჩივრებს, მტკიცებულებების სახით, ის სანოტარო აქტებიც ერთვის, რომლებმაც მომჩივანები დააზარალა. დაკვირვებული თვალი აუცილებლად შენიშნავს, რომ რომელიღაც კონკრეტული თაღლითი აუცილებლად რომელიღაც კონკრეტულ ნოტარიუსთან ,,თანამშრომლობს” და, რეალურად, საქმე გვაქვს ჯგუფურ დანაშაულთან. მიუხედავად ამისა, პრაქტიკა ადასტურებს, რომ თაღლითობის თანამზრახველი ნოტარიუსების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტების მტკიცებაც ძალიან ჭირს, რადგან გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით გამოძახებული ნოტარიუსები აცხადებენ, მხარეებს ყველაფერი დეტალურად განვუმარტე, რასაც ხელისმოწერით ადასტურებენო. იგივეს აცხადებენ გამოკითხვაზე დაბარებული თაღლითებიც და დაზარალებულს საპირისპირო ფაქტის მტკიცება არ შეუძლია. საბოლოოდ, გამოდის, რომ მხარე, რომელმაც არ წაიკითხა, რაზე მოაწერა ხელი ან წაიკითხა და ვერაფერი გაიგო, რჩება მხარედ, რომლისთვისაც მიყენებული ზიანი სახეზეა, მაგრამ ამისთვის არავინ ისჯება!
- როცა ნოტარიუსი და თაღლითი ,,ერთ ხმაში მღერიან” და ერთმანეთის მიერ ჩადენილ დანაშაულს ფარავენ, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ განზრახ დანაშაულს ჯგუფურად ჩადიან?
- ასეთ დროს, წესიერი გამოძიების პირობებში, რა თქმა უნდა, გამოიკვეთება განზრახი დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ფაქტი, მაგრამ სადაა ეს წესიერი გამოძიება?! როდესაც ათი საჩივრიდან ცხრაში ყველაფერი ერთი და იგივე თაღლითისა და ,,მისი”, ნოტარიუსის ხელითაა ,,გაპრავებული”, მაგრამ ეს არ გინდა, დაინახო, პირიქით, ერთი სული გაქვს, დაზარალებული სამოქალაქო სასამართლოსკენ გადაამისამართო, სამართალდამცავის ასეთ ქმედებას სამსახურეობრივ გულგრილობად ვაფასებ და ხმამაღლა ვაცხადებ: ისინი თაღლითობის თანამონაწილენი თუ არა, დანაშაულის ხელშემწყობნი და წამხალისებლები არიან!
- ადამიანს შეიძლება გული გაუსკდეს, თუ არ ეცოდინება, რომ გამოსავალი არსებობს!
- ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამოსავალი ის იქნება, რომ ნოტარიუსები დავავალდებულოთ, ნებისმიერი სანოტარო აქტის შედგენა ვიდეო-ფირზე ჩაწერონ და ეს ჩანაწერი საარქივო მასალის შენახვის ვადით შეინახონ. სხვათა შორის, სანოტარო მოქმედება “სკაიპის” საშუალებით უკვე ხორციელდება. თუ ნოტარიუსს ეცოდინება, რომ ჩანაწერს ვერ გააყალბებს, იძულებული გახდება, თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულოს და აქტზე ხელისმოწერამდე მხარეებს გარიგების მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები კარგად განუმარტოს.
გარდა ამისა, მოქალაქეებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააცნობიერონ, რომ აუცილებელია, ნებისმიერი გარიგების დადების პროცედურა კვალიფიციურმა იურისტმა გააკონტროლოს. დოკუმენტზე ხელისმოწერამდე შესაძლებელია, ადამიანმა ამ დოკუმენტის პროექტი (ხელმოუწერელი ეგზემპლარი) მოითხოვოს, რათა ექსპერტიზა სპეციალისტთან გაიაროს. ცნობილია, რომ ეშმაკი დეტალებშია და სამართლებრივ ქვეტექსტებში მიმალული საფრთხეების გაშიფვრა მხოლოდ კვალიფიციურ იურისტს შეუძლია. სამწუხაროდ, ჩვენში მიაჩნიათ, რომ ადვოკატთან მაშინ უნდა მივიდნენ, როდესაც უჭირთ. რეალურად კი, ადვოკატი ადამიანს, პირველ რიგში, იმისთვის სჭირდება, რომ მისგან კვალიფიციური რჩევა მიიღოს და გასაჭირში არ ჩავარდეს!
- მას შემდეგ, როცა აღმოვაჩენთ, რომ ნოტარიუსის ბეჭედდასმული ქაღალდი გვიჭირავს, მაგრამ რიგზე ყველაფერი კი არა, არაფერია, რა ხდება?
- ყველაზე მარტივ შემთხვევას გეტყვით, როდესაც სასამართლოს გვერდის ავლითაა შესაძლებელი, თავი დავიზღვიოთ: კანონით, ნოტარიუსთან შესაძლებელია ვალის აღიარების ხელწერილის დადება, მაგრამ მანამდე კარგად უნდა ვიცოდეთ, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელი ზიანის ასანაზღაურებლად რა საშუალება არსებობს. ინფორმაცია იმის შესახებ, პოტენციურ მოვალეს რაიმე სახის ქონება აქვს თუ არა, საჯაროა და მისი მოპოვება პრობლემა არაა. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ვალს არ დააბრუნებს, გამსესხებელს (კრედიტორს) უფლება აქვს, იგივე ნოტარიუსს მიმართოს და ყოველგვარი სასამართლო ინსტანციების გავლის გარეშე, ათ წუთში 120 ლარად აიღოს აღსრულების ფურცელი, რაც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების, ანუ პრაქტიკულად, მოგებული პროცესის ტოლფასია. ამ აღსრულების ფურცლით კრედიტორი მოვალის წინააღმდეგ იწყებს სააღსრულებო წარმოებას და ვალდებულია, სააღსრულებო ფურცლის ღირებულების გარდა, სააღსრულებო წარმოების ხარჯებიც გაიღოს. თუ არსებობს ვალის აღიარების ხელწერილი, მაგრამ არ არსებობს ამ ვალის ამოღების საშუალება ქონების ან ოფიციალური შემოსავლის სახით, შედეგი ნოლის ტოლფასია, ანუ სააღსრულებო საქმის წამოწყება და დამატებითი ხარჯების გაწევა არ ღირს!
არის შემთხვევები, როდესაც ქონება ან შემოსავალი სახეზეა, მაგრამ ღირებულებით იმდენად მცირეა, შესაძლებელია, ვალის მხოლოდ მცირეოდენი ნაწილის ამოღება, ან ვალის პატარ-პატარა, უბარაქო დოზებით დაბრუნება.
- ვინც გარიგების დადებისას მიმნდობ გამსესხებელს დაუმალავს, რომ ვალის დაბრუნების პერსპექტივა არ აქვს, ანუ რეალურად, იტყუება, რა ელის?
- სწორედ ესაა თაღლითობა. ამ დროს მსხვერპლი სწორედ იმ ნიშნითაა შერჩეული, რომ თაღლითისგან განსხვავებით, მიმნდობი და იურიდიულად უმეცარია. თუ დასტურდება, რომ ადამიანი ვინმესთან ისეთ გარიგებაშია შესული, რომელშიც საღად მოაზროვნე კაცი კვალიფიციური კონსულტაციის შემდეგ არ შევიდოდა, სწორედ ასეთ დროსაა შესაძლებელი, იმ პირის ქმედება, ვინც ადამიანს სისულელის ჩადენისკენ უბიძგა, დანაშაულად შევაფასოთ.
როგორც გითხარით, ასეთი ,,სასწაულები” ჩვენში არ ხდება და მომხდარში თაღლითობის კვალს ვერ აღმოაჩენენ ხოლმე, რაც პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ კლასიკური დამნაშავე დაუსჯელი რჩება და სამოქალაქო წესით საქმის განხილვის შედეგად, მხოლოდ მოპასუხის ,,ცივილური სტატუსი” ექნება... საუკეთესო შემთხვევაში, მოპასუხე დარეგისტრირდება მოვალეთა რეესტრში და, თუ ათი წლის განმავლობაში, მის სახელზე არ გამოჩნდება არც ქონება და არც რაიმე სახის ფულადი შემოსავალი, ათი წლის გასვლის შემდეგ, ვალი ჩამოიწერება.
მოკლედ, უქონელ მოვალეს რაც გინდა, ის დააკისრე, მოყენებულ ზიანს მაინც ვერსაიდან აინაზღაურებ - შეგრჩება მხოლოდ ფულის, დროის და ნერვების ხარჯვის ფასად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც, მართალია, წერია, რომ პროცესი მოგებული გაქვს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება შეგიძლია, მხოლოდ გადაამრავლო და ,,სხვადასხვა ალაგას შეინახო”, რადგან მაინც ვერაფერში გამოიყენებ. თაღლითი, რომელმაც ყველაფერი ეს თავიდანვე მშვენივრად იცის, წაგებული ნამდვილად არ რჩება და სწორედ ეს ახალისებს ჩვენში თაღლითობას, როგორც დანაშაულს!
- ეს პროკურატურამ არ იცის?
- მერე, რა, რომ იცის?! სამწუხაროდ, ჩვენში ჯერ კიდევ მყარად აქვს გადგმული ფესვი შერჩევით სამართალს და ორმაგ სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი და იმავე ტიპის ქმედებას ერთს დანაშაულად უთვლიან, მეორეს - არა! “ქართული სიტყვის” მკითხველმა თითქმის ზეპირად ისწავლა ერთი საქმე, სადაც “ნაციონალების” დროს ბიზნესმენს თაღლითობა დაბრალდა, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობები. დღეს ასეთ კაცს პროკურატურაში ეუბნებიან, რითი ვამტკიცოთ, რომ თქვენს მიმართ ბრალის წარდგენისას კანონი დაირღვა და უკანონო განაჩენიც დადგაო. პარალელურად, იგივე პროკურატურას ერთი სული აქვს, გაქანებული თაღლითობის საქმეებში მოდავე პირებს შორის გაფორმებული რაიმე სახის წერილობითი შეთანხმება აღმოაჩინოს და დაუყოვნებლივ გამოიტანოს სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება!
სამართალდამცავთა მხრიდან გამოვლენილი გულგრილობების გარდა, პრობლემა მაინც ჩვენში მოქმედი კანონმდებლობის მოუქნელობაშია, რასაც მშვენივრად იყენებენ თაღლითები. ამ კანონმდებლობის ისე დახვეწა და გნებავთ, გამკაცრება, რომ დამნაშავეებს პარპაშის საშუალება მოესპოთ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ჩვენს კანონმდებლებს ამაზე საფიქრელად, ეტყობა, ან არ სცალიათ, ან პრობლემად არ მიაჩნიათ, რომ საქართველო თაღლითობამ წალეკა!
სტატისტიკურად, ეს დანაშაული ყველა სხვა დანაშაულს უსწრებს და საამისოდ სამართალდამცავ სტრუქტურებში სპეციალური ჯგუფებიცაა შექმნილი, რომელთაც, მხოლოდ და მხოლოდ, თაღლითობის ფაქტების შესახებ საჩივრებზე რეაგირება ევალებათ, მაგრამ როგორც გითხარით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების სფეროში გადაისროლონ და ამის საშუალებას სწორედ მოუქნელი კანონმდებლობა იძლევა!
- მაინც, როგორი უნდა იყოს მოქნილი კანონმდებლობა, რომელსაც ვერც თაღლითები დაუძვრებიან და გვერდს ვერც სამართალდამცავები აუვლიან?
- ეს კომპლექსურადაა დასამუშავებელი, პირველ რიგში კი, იმ პრაქტიკული დეტალების გათვალისწინებით, რაც სახეზეა. ჩემი ნება რომ იყოს, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლში ცვლილებას შევიტანდი და თაღლითობის ჩადენაში ბრალდებული პირისთვის სანქციას მით უფრო გავამკაცრებდი, თაღლითობა რაც უფრო დახვეწილი მეთოდებითა და კანონის ცოდნით იქნებოდა ჩადენილი;.
- მაინც, რა უნდა ვქნათ, რომ თაღლითების მსხვერპლნი არ გავხდეთ?
- უქონელ ადამიანთან დადებული ნებისმიერი სახის გარიგებით უკვე იმდენი ადამიანი დაზარალდა, ბავშვმაც კი იცის: სესხის ხელშეკრულებას ათი ნოტარიუსიც რომ ამოწმებდეს, თუ სესხი უზრუნველყოფილი არაა სესხის რაოდენობაზე მნიშვნელოვნად ძვირი უძრავი, ან მოძრავი ქონებით, ეს ხელშეკრულება მხოლოდ ხარჯი და ფარატინა ქაღალდია.
ნუ გვგონია, რომ ადამიანის მოტყუება მხოლოდ ფულის გასესხების დროსაა შესაძლებელი. თაღლითების ფანტაზიას და უსინდისობას საზღვარი არ აქვს. ამიტომ, მუდმივად იქონიეთ კონტაქტი პატიოსან, კვალიფიციურ იურისტებთან და ვიდრე რაიმე სახის გარიგებაში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებთ, დეტალები შეუთანხმეთ!