ხელისუფლებას გასაფუჭებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს

ხელისუფლებას გასაფუჭებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს

ინტერვიუ კონსერვატიული პარტიის ლიდერ ზვიად ძიძიგურთან

 

ბატონო ზვიად, რას იტყვით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია. თუმცა, ხელისუფლება ამას არ იზიარებს...

- როდესაც ოპოზიცია საუბრობს დარღვევებსა და დანაშაულებზე, რომელიც ქვეყანაშია, მაშინ ამბობენ, რომ ოპოზიცია გაბოროტებულია, ურეიტინგოა, შეურაცხადია და ამიტომ ამბობს ამ ყველაფერს. როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის დოკუმენტში დაწერს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციაა, მედია თავისუფალი არ არის, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები დაცული არ არის, პატიმრები ნაწამებნი არიან, დევნილების უფლებები დარღვეულია, ამ ყველაფერზე საუბარია ამ დოკუმენტში, მეტი რა უნდა დაწეროს დიპლომატიურმა ორგანომ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტისგან ეს იყო ძალიან მკაცრი შეფასება. შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდშიც კი არ მახსოვს ასეთი მკაცრი შეფასება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მაშინდელი დარღვევების შესახებ. ეს ძალიან სიპტომატურია.

 

რა მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტისგან?

- ამერიკის შეერთებული შტატები უკვე თითს უქნევს მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას.

 

რამდენად იქნება მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის ამერიკის ეს შენიშვნა?

- სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ ასეთი ტიპის მესიჯები უმნიშვნელოვანესია. დღეს რვა პარტია ქუთაისში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელსაც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლობა მიჰყვება, ასევე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების პრაქტიკულად მთელი წარმომადგენლობა, დიპლომატიური კორპუსის მხრიდან დიდი დაინტერესებაა ამ პროცესის მიმართ, “რვიანის" საქმიანობაზე, პრაქტიკულად, ეს ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ოპოზიციის როლი პოზიტიურად არის შეფასებული დიპლომატიური კორპუსის მხრიდან. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენაა. სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, თუ კიდევ ვინმეს შერჩენია იქ საღი აზრი და განსჯის უნარი, ადეკვატური ნაბიჯები გადადგას.

 

რას გულისხმობთ ადეკვატურ ნაბიჯებში?

- ვგულისხმობ იმას, რომ ერთმა ამომრჩეველმა ერთი ხმა მისცეს არჩევნებზე და ეს იყოს გარანტირებული. ამავე დროს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატები იმ პროპორციით იყვნენ წარმოდგენილი, რა პროპორციითაც ხმებს მიიღებენ. 2008 წლის არჩევნებში ოპოზიციამ, ჯამში, მიიღო 700 ათასი ხმა, ხელისუფლებამ - მილიონი ხმა, მაგრამ დღევანდელი პარლამენტი 120 ნაციონალისა და 30 ოპოზიციონერისგან შედგება. თუმცა, 30 დეპუტატიც არ არის, რადგან ჩვენ სადეპუტატო მანდატები დავხიეთ, მაგრამ ხედავთ, თანაფარდობა რამდენად დისონანსშია იმ პროპორციებთან, რომლებიც ხმების მიღების თვალსაზრისით არსებობს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდია დაინტერესება, რადგან ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია. ამიტომაც უჭერს დიპლომატიური კორპუსი სამართლიან მოთხოვნებს მხარს. რვა პარტია ვამბობთ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ხელისუფლების ცვლილება, ზოგადად პოლიტიკური ბალანსის ცვლილება არჩევნების გზით. ამ მიმართულებით ვსაქმიანობთ კიდეც.

 

თუმცა, მოლაპარაკების პროცესი ჩიხშია შესული. ფიქრობთ, რომ ხელშესახებ ცვლილებას მიაღწევთ?

- ნიშნისმოგებით გვეუბნებიან: ხომ ხედავთ, არაფერი არ გამოდისო. განა არ ვიცოდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლება “გაჭედავდა" და ყველაფერზე უარს იტყოდა. ეს ვიცოდით, მაგრამ მაინც წავედით მოლაპარაკებებზე.

 

რომ ყველა რესურსი ამოწუროთ?

- ჩვენ მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას კი არ უნდა დავანახვოთ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც უნდა დავანახვოთ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, თანაც უკვე საქმეში ხალხი უნდა ჩავრთოთ. ბევრი ამბობს, რომ მოსახლეობაში არ არის საარჩევნო თემები პოპულარული. გარწმუნებთ, რომ გაცილებით პოპულარულია, ვიდრე რევოლუციური თემები. არავის არ უნდა, ამ ქვეყანაში ისევ ექსცესებით შეიცვალოს ხელისუფლება. ყველას მიაჩნია, რომ სწორი და მნიშვნელოვანი იქნება ამ დროს ხალხის ნება. ეს იქნება გადამწყვეტი. ამიტომ ეს პროცესი ჩიხში შესულად სულაც არ მიმაჩნია. ქუთაისის შეხვედრის შემდეგ თელავის შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ასევე ჩვენი საქმიანობა გრძელდება დიპლომატიურ კორპუსთან, საზღვარგარეთ. თუ ეს ჩიხში შესვლა ჰგონია ვინმეს, კატეგორიულად არ დავეთანხმები.

 

ხალხის ჩართვაზე საუბრობდით. ხალხი რა ფორმით უნდა ჩაერთოს?

- როდესაც ხალხს შევხვდებით და ინფორმაციას მივაწვდით, რაშია საქმე, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მოსახლეობა ჩვენს მხარდამჭერებად გადავაქციოთ, ამ პროექტის მხარდამჭერებად. ისინი ზოგადად არიან ასეთი ტიპის პროცესების მხარდამჭერები, მაგრამ მათ დეტალურად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია. ამიტომ საინფორმაციო ხასიათის გასვლებს ვაკეთებთ. ჩვენი მხრიდან მოსახლეობა სერიოზულად იქნება ინფორმირებული ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ამ პერიოდში წამოიჭრა. სააკაშვილი ყველა თავის გამოსვლაში გაღიზიანებულად რომ საუბრობს “რვიანზე", ლანძღვა-გინების რეჟიმში რომ არის გადასული, ეს ვინმეს ჩვენი ჩიხში შესვლა ჰგონია. ჩიხში ხელისუფლებაა შესული. როდესაც მათ არგუმენტები აქვთ, ასეთი გაღიზიანებულები და ჭკუაზე გადასულები არ არიან. მაშინ ისინი არგუმენტირებულად საუბრობენ.

 

ახლა არა აქვთ არგუმენტები?

- რა არგუმენტი აქვთ, რომ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები არ გვინდა ჩვენ, ოპოზიციას? ჩვენ შევთავაზეთ წინადადება, რომ მაჟორიტარებზეც თანახმა ვართ რაღაც ვარიანტების გათვალისწინებით. ამაზეც არ უნდათ, რომ წამოვიდნენ. მინდა, თქვენი მკითხველისთვის მცირე განმარტება გავაკეთო: დღევანდელი სისტემით მაჟორიტარული არჩევნები ნიშნავს, რომ სახელისუფლებო კანდიდატს მხარს უჭერს გამგეობა, უშიშროება, საბიუჯეტო რესურსი. ამის შედეგად სახელისუფლებო კანდიდატს 20-პროცენტიანი ფორა აქვს საარჩევნო მარათონში. ჩვენ ვამბობთ, რომ შეჯიბრება იყოს არა 300-მეტრიან, არამედ 500-მეტრიან დისტანციაზე, ანუ 30 პროცენტიანი ბარიერის ნაცვლად შემოვიღოთ 50-პროცენტიანი ბარიერი. ეს არის ის, რასაც ხელისუფლებას ვთავაზობთ, მაგრამ არც ეს უნდათ. მაშინ თქვან, რომ ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება თვითონ უნდათ. თქვან, რომ 75-ვე მაჟორიტარული ოლქის მოგება უნდათ. ხელისუფლებას სურს, ორი მესამედი შეინარჩუნოს მომავალ პარლამენტში.

 

საკონსტიტუციო უმრავლესობა...

- საკონსტიტუციო უმრავლესობა იმიტომ უნდათ, რომ სააკაშვილს ჯერ თავისი პოლიტიკური ბედი არა აქვს გადაწყვეტილი, არ იცის, რას იზამს. წავა თუ არა იმაზე, რომ მესამედ იყაროს კენჭი, თუ პრემიერს გადაულოცავს ყველა ძალაუფლებას, თუ თავს იმპერატორად გამოაცხადებს. ეს ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის პარლამენტში სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ის კონსტიტუცია, რომელიც შეცვალეს და რომელსაც დემოკრატიული უწოდა, იმასაც ისევე უტირებს დედას, ისევე დაჩეხს, როგორც გააკეთა წინა კონსტიტუციის

შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში სიახლე, განვითარება გვინდა. არ გვინდა ასეთი მაღალი ფასები, არ გვინდა ასეთი სოფლის მეურნეობა, არ გვინდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ასეთი დაძაბული იყოს, არ გვინდა, ახალგორსა და კოდორზე იურისდიქცია ისევ არ ხორციელდებოდეს. არ გვინდა, რომ მასწავლებლებს, ექიმებს, დევნილებს ყრიდნენ “უპრაგონოდ", ბოდიში ამ გამოთქმისთვის, ქუჩაში. გვინდა, რომ ტელემედია

თავისუფალი იყოს, სამუშაო ადგილები იქმნებოდეს. ამის გაკეთება სააკაშვილს არ შეუძლია. მისმა რვაწლიანმა მმართველობამ უკვე დაადასტურა ის, რომ ყველაზე მეტი რისი გაკეთებაც შეუძლია სააკაშვილს, ეს არის. რაც შეეხება გაფუჭებას, მინდა, ნაციონალური მოძრაობის ლოზუნგის პერიფრაზი გავაკეთო: “გასაფუჭებელი მათ კიდევ ბევრი აქვთ".

 

ბატონო ზვიად, თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტს თავისი პოლიტიკური მომავალი არა აქვს გადაწყვეტილი. როგორ ფიქრობთ, თუ ის პრემიერად იყრის კენჭს, დასავლეთი კარტბლანშს მისცემს?

 - არა, არ აძლევს, ეს სახეზეა. ამიტომაც სააკაშვილი თუ დღეს გაბრაზებულია, გაბრაზებულია არა მარტო ოპოზიციაზე, არამედ გაბრაზებულია იმ დიპლომატებზე, რომლებიც მას პირდაპირ ეუბნებიან, ოპოზიციის მოთხოვნა ამ შემთხვევაში სამართლიანიაო. როდესაც ოპოზიცია ქუჩაში იყო, მაშინ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ცალსახად ჰქონდათ მხარდაჭერა დიპლომატიური კორპუსისგან.

 

დღეს არა აქვთ?

- დღეს პირიქით არის. დღეს ცალსახა მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ.

 

რვიანს"?

- დიახ. ამიტომაც არის აპატურაის, ნატოს ესოდენ მაღალჩინოსნის შეხვედრა “რვიანთან", ევროკავშირის ელჩის შეხვედრა ჩვენთან, ამერიკისა და სხვა საელჩოების წარმომადგენლების მუდმივი მუშაობა “რვიანთან". ეს თავისთავად ადასტურებს იმას, რომ დიდი ინტერესია ამ ფორმატისა და ამ პროცესის მიმართ.

 

ოქრუაშვილირვიანის" მუშაობას, რბილად რომ ვთქვათ, აკნინებს...

- მორატორიუმი გვქონდა გამოცხადებული “ქართულ პარტიასა" და რვა პარტიას ერთმანეთთან, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილმა თავისი განცხადებებით დაარღვია. მინდა ვურჩიო ბატონ ირაკლის, რომ პარიზიდან დანახული სინამდვილე, ეტყობა, რეალობას არის მოკლებული. სხვა რეალობის წინაშე ვიმყოფებით ყველანი. თუ ოპოზიციური პარტიები ენერგიას ერთმანეთთან კინკლაობაში არ დავხარჯავთ და დაპირისპირება იქნება სააკაშვილთან, ამ შემთხვევაში გაცილებით მოგებული იქნება საქმეც, საქართველოც და მისი მოსახლეობაც. ამიტომ თავს შევიკავებდი ოქრუაშვილის მწვავე

კრიტიკისგან. მის გამოთქმებს სასიკვდილო დაპირისპირება მოჰყვა ბურჯანაძე-გაჩეჩილაძეს შორის. ახლა ისევ დაიწყო, რაც შეიძლება დიდი გაღიზიანებებით გაგრძელდეს პარტიებს შორის. ჩვენ ვწვალობთ, რომ ოპოზიციაში თანამშრომლობის ატმოსფერო იყოს, მაგრამ ამ საქმეში ეს კაცი აშკარად ხელს გვიშლის.