ვინ მოითხოვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შეცვლას

ვინ მოითხოვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შეცვლას

საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის მორიგი შეხვედრის ფონზე კიდევ ერთხელ წამოიჭრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის კონტექსტში. განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ბრიუსელში მყოფი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი „ცალსახად და მკაფიოდ მოითხოვს“ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შერბილებას. პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ექსპერტთა ნაწილიც თვლის, რომ ასეთი დათმობა რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. ბოლო დღეებში ასევე სადისკუსიო თემად იქცა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის, უფლებამოსილების საკითხიც.

სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და დაგმო რუსეთის მიერ ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერა საქართველოს რეგიონებთან – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. მოსკოვის ქმედება შეფასდა როგორც უკანონო აქტი, რომელიც „აფერხებს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით ამჟამად მიმდინარე ძალისხმევას“.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისმა და ბრიუსელმა, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, დაადასტურეს „მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ მხარდაჭერა და მზადყოფნა გამოთქვეს კიდევ უფრო გააძლიერონ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა“.

სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და ამაში ახალი არაფერია, თუმცა ბრიუსელში გაკეთებულ კომენტარში ის ამას ევროკავშირის მტკიცე მოთხოვნად მოიხსენიებს:

„ევროკავშირი ცალსახად და მკაფიოდ მოითხოვს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შევიტანოთ ცვლილებები კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ... ეს არის სწორედ ევროკავშირის მოთხოვნა. ამაზე იყო საუბარი, თუ რა უშლის ხელს ამ კანონში ცვლილებების შეტანას... ჩვენი არგუმენტები და მათი არგუმენტები ემთხვევა ერთმანეთს – ადამიანს, რომელიც შეგნებულად არ არღვევს სახელმწიფო საზღვარს, ჩვენ არ უნდა ვაპატიმრებდეთ. რა თქმა უნდა, არ უნდა მოვეფეროთ და მადლობა არ უნდა ვუთხრათ, მაგრამ უნდა ვუთხრათ, რომ მან დაარღვია კანონი და სასჯელი უნდა მიიღოს არა სისხლის სამართლის“.

კანონში შესატანი ცვლილებები, რაზეც პაატა ზაქარეიშვილი ლაპარაკობს, პარლამენტმა პირველი მოსმენით 2013 წლის 17 მაისს დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, რომლებიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მხრიდან შესვლის წესების დარღვევისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები 400 ლარით დაჯარიმდებიან და აღარ დაექვემდებარებიან სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლის დროსაც სასჯელი ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ პარლამენტში ამ ცვლილებების განხილვის პროცესი შეჩერდა. კანონის შერბილების მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ასეთი კომპრომისი საქართველოს ინტერესებზე მეტად რუსეთის ინტერესებს შეესაბამება, რადგანაც მოსკოვმა თბილისს არაერთხელ მოსთხოვა ამ კანონის გაუქმება.

„მიუღებელია, როდესაც დაგეგმილ გადაწყვეტილებებს თბილისი რომელიმე გარე ძალას აბრალებს. შეუძლებელია, რომ ევროკავშირს თბილისისთვის ამ კანონის შეცვლა მოეთხოვა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი ფორჩხიძემ. მისთვის გაუგებარია, რა საჭიროა რუსეთისთვის ხელსაყრელ დათმობაზე წასვლა, მაშინ როცა თავად რუსეთი პრაქტიკულად არანაირ ანგარიშს არ უწევს საქართველოს და სულ უფრო მეტ აგრესიას ავლენს საქართველოს მთავრობის დათბობის პოლიტიკის საპასუხოდ:

„მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ უნდა მოხდეს ოკუპაციის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა. მგონია, რომ მისი შერბილება საქართველოსთვის მისაღები შედეგის დადგომის გარეშე არ შედის საქართველოს ინტერესებში და თქვენ გადაწყვიტეთ, ვის ინტერესებში იქნება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს იქნება რუსეთის ინტერესებში, რადგანაც რუსეთს აწყობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად ასახავს იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს 2008 წლის შემდეგ, იყოს ეროზირებული, აღარ არსებობდეს და საქართველომ შეცვალოს თავისი პოზიცია“.

ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შერბილება შედეგს გამოიღებს, ასევე არ ჰგონია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ შორენა ლორთქიფანიძეს და, მით უმეტეს, რუსეთის მხრიდან უკრაინაში გამოვლენილი აგრესიის ფონზე. ანალიტიკოსი ჩვენთან საუბრისას გამოხატავს შიშს, რომ შესაძლოა საქართველოს კეთილი ნება რუსეთმა სათავისოდ გამოიყენოს:

„არის ინიციატივა, შეიძლება კეთილშობილური, რომ დადებით პროცესებს მისცეს ბიძგი და ამას ვხედავ, მაგრამ რამდენად შევძლებთ, რომ ამ პროცესში შევიდეთ ბოლომდე, ამასთან დაკავშირებულ საშიშროებასაც ვხედავ. ჩემი ძირითადი წუხილი არის ის, თუ რამდენად შეძლებს საქართველო აკონტროლოს ეს პროცესი და სადამდე წავა ეს პროცესი“.

რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების საკითხის ჭრილში ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პრაღის არაფორმალური დიალოგის თემამ და მასში მონაწილე ზურაბ აბაშიძის – პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის – უფლებამოსილების საკითხმა. გავიხსენოთ, რომ, მაგალითად, თავისუფალი დემოკრატების აზრით, ზურაბ აბაშიძე საეჭვოდ გააქტიურდა და კომენტარებს იმ საკითხებზეც კი აკეთებს, რაც მის კომპეტენციაში არ შედის - მაგალითად, ნატოსთან დაკავშირებით. სპეციალური წარმომადგენლის საკითხით პრეზიდენტიც დაინტერესდა. რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული საგანგებო განცხადების შინაარსი მან 31 მარტს პარლამენტში გამოსვლისას გაიმეორა და აღნიშნა, რომ სპეციალური წარმომადგენლის მანდატი „კანონით ზუსტად არ არის განსაზვრული“. პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს, რომ ზურაბ აბაშიძის „ქმედებათა სრული ინტეგრაცია მოხდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკაში და სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციის გზით“.

ზურაბ აბაშიძემ პრეზიდენტს ბრიუსელიდან უპასუხა. ის იქ ჩავიდა საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ამ ეტაპზე კარგად არ ესმის, თუ რას გულისხმობს საქართველოს პრეზიდენტი, რადგანაც, მისი თქმით, საგარეო უწყებასთან კოორდინაცია ყოველთვის მჭიდრო იყო:

„დღიდან ამ ფორმატის დაარსებისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იღებს მასში მონაწილეობას. შესაბამისი ინფორმაცია შემდგომ ეგზავნება ყველა უწყებას, რომელსაც რაღაც შეხება აქვს ქართულ-რუსულ პრობლემატიკასთან. თუ იქნება რაღაცა წინადადება, იდეა იმისათვის, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ზოგადად ეს მუშაობა, ყურადღებით მოვისმენდი, რა თქმა უნდა“.

კარასინ–აბაშიძის ფორმატის მიმართ ბოლო დროს გამწვავებულ ინტერესს გადაჭარბებულად მიიჩნევს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი. ის თვლის, რომ ეკონომიკური თუ კულტურული საკითხების შესათანხმებლად შექმნილი პრაღის ფორმატი საკომუნიკაციო არხის ფუნქციას ასრულებს და მისი შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იქნებოდა გამართლებული.

თავის მხრივ, ბრიუსელში მყოფმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ევროპელი პარტნიორები პრაღის არაფორმალური დიალოგის გაგრძელების რეკომენდაციას იძლევიან და ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ პროცესს.