როგორ მოაწყო ლადო ბედუკაძემ ციხეში მეგობრების კონსპირაციული შეხვედრა და რა გაუმხილა ბიზნესმენმა პატიმარს
28 მარტს ბიზნესმენი ბესო ხარძიანი მოკლეს. მას თბილისში, საკუთარი სახლის სადარბაზოში დაუდგენელმა პირმა რამდენჯერმე ესროლა. ხარძიანს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, მათ შორის ფეხსა და თავში, საკონტროლო გასროლით. ექსპერტების თქმით, საქმე პროფესიონალ ქილერთან გვაქვს, რომელმაც ფეხში იმიტომ ესროლა, მსხვერპლს გაქცევა ვეღარ შეძლებოდა.
ცნობილი ბიზნესმენი წინა ხელისუფლებამ დააპატიმრა და იგი ციხიდან 2012 წელს გათავისუფლდა. ალბათ მხოლოდ ოჯახის ახლობლებმა თუ იციან, რა ჯოჯოხეთი გამოიარა ხარძიანმა გლდანის ციხეში და როგორ ცდილობდნენ მის გატეხვას როგორც ფსიქოლოგიურად, ისე მორალურად...
,,შენთან ადვოკატია, გაემზადე', - კარმუშკიდან გამოსძახა პატიმარ #0578-ს ოფიცერმა, მეტსახელად პავლოვიჩმა. პატიმარმა ფეხსაცმელი ჩაიცვა, ბიჭებს გადაეხვია და კამერიდან გავიდა. არავინ იცოდა დააბრუნებდნენ თუ არა ადვოკატთან, მღვდელთან ან, უბრალოდ, პაემანზე დაძახებულ პატიმარს უკან საკანში. არც ის იცოდა ვინმემ, მართლა ადვოკატი ეძახდა თუ დასაკითხად ან საწამებლად გაჰყავდათ, ამიტომ კამერიდან ყოველი გასვლა ნერვების თამაში იყო, უკან დაბრუნება კი - ზეიმი. ასე თუ ისე, პატიმრები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ, ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, მეგობრობდნენ და ერთმანეთის ტკივილი სტკიოდათ.
#0578 ადმინისტრაციის კორპუსში მალე გადაიყვანეს. მართლა ადვოკატი ელოდა. პატიმარი შესასვლელ კართან ზურგით იჯდა, ადვოკატი კი ღია კარს უყურებდა, საუბრობდნენ და თან ადვოკატი კარის წინ ჩავლილ პატიმრებს ათვალიერებდა.
,,ვახ, ბესო... რა უქნიათ ამ არაკაცებს, ნახე, რას ჰგავს' - მოულოდნელად თქვა ადვოკატმა და #0578-მა მაშინვე მიიხედა, თუმცა თვალი ვეღარავის მოჰკრა.
,,ვინ ბესო, რა ბესო?!' - გაიოცა პატიმარმა.
,,ბესო ხარძიანი. კუს ტბის მფლობელი. მაგან ჩაიარა ახლა, მაგარი გამხდარია. მაგასთან ვმუშაობდი ერთი პერიოდი, მაგარი კაცია', - თქვა ადვოკატმა.
,,ბესოს მეც ვიცნობ. თან ძალიან კარგად. ამიტომ, აქედან რომ გახვალ, გაიგე, ვინ არის მაგის ადვოკატი, ერთად შემოდით და ეგებ როგორმე ერთ ოთახში მოვხვდეთ. მოვიკითხავ მაინც', - უთხრა #0578-მა და კამერაში მალევე დაბრუნდა.
სამი დღის შემდეგ #0578-ს ისევ ადვოკატთან დაუძახეს.
,,არ გამოვა ბესოს ნახვა, მაგის ადვოკატს ველაპარაკე და გამორიცხულია, ერთ ოთახში დაგვსვანო. უფრო რეალურია, მოძღვარი მოვიდეს და ორივე გაგიყვანოთ. ეგ უფრო შეიძლება. მოყვანილი გვყავს მღვდელი და ვნახოთ, როგორ იქნება. ორი მამაოა, ორივე ერთად იქნება და ეგებ, გამოვიდეს', - უთხრა ადვოკატმა და გავიდა.
#0578 საკანში დააბრუნეს, თუმცა ზუსტად 15 წუთში კამერიდან ისევ გამოიყვანეს, მამაო გეძახისო. ოთახში ორი მღვდელი იჯდა, ერთს წინ პატიმარი ეჯდა და როგორც კი #0578-მა სილუეტს თვალი მოჰკრა, მაშინვე იფიქრა, ეს ბესო არ არისო, თუმცა სახეზე რომ შეხედა...
,,რა გჭირს, ბესო?!' - გაოცებულმა ჰკითხა.
,,ჩემს წინ დაჯექი, მე მიყურე და ისე ილაპარაკეთ, თითქოს ჩვენ გვესაუბრებით, თორემ ორივეს კარცერში გაგისვრიან', - ღიმილით უთხრა მამაომ და #0578-იც მის წინ დაჯდა.
,,მესამე კვირაა, კარანტინში ვყავარ. კარანტინი შენც იცი, რა არის, 12 კვადრატული მეტრი და 30 კაცი მინიმუმ. არ ავყავარ კორპუსზე. რა არ ვცადე, ვისთვის არ ვათქმევინე, არაფერი გამოვიდა. ფსიქოლოგიურად მამუშავებენ. ტბა წაიღეს, ყველაფერი წაიღეს, ახლა ქეში გადაიხადეო, მეუბნებიან. არ მაქვს ეს დედააფეთქებული ქეში და რა გადავიხადო... შვილები გავხიზნე ევროპაში და ამათი დედაც ვატირე, რაც უნდათ, ის უქნიათ. სამი კვირაა ლუკმა არ ჩამიდია პირში. როგორ ვჭამო იმ სუნსა და სიბინძურეში? სამჯერ დაშალეს კარანტინი, სამჯერ მაყურებინეს პატიმრების ცემა-გვემა. დავიღალე! აქედან გავიდე და ყველაფერი წაიღონ, კი აქვთ ისედაც წაღებული', - ბესო აშკარად ცუდ დღეში იყო.
,,მომისმინე, მე ლადოს ვნახავ, ბედუკაძეს, შევეცდები, რაღაცები მოგაწოდო, თუ ლადო მოიტანს, თამამად გამოართვი, დანარჩენებს არ ენდო', - უთხრა #0578-მა და ოფიცრებმაც დაიძახეს, დრო გავიდა, კამერებში დაბრუნდითო.
საკანში დაბრუნებულმა #0578-მა თავის მეგობარს უთხრა, ლადო გვჭირდებაო. ლევანი ლადოს დიდი ხანია იცნობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ბედუკაძე მეორე დღეს იყო მორიგე, საკანში მივიდა, ბიჭებს მოუსმინა.
,,არ არის იოლი. ლუპით უყურებენ ბესოს, შევეცდები, რამე მივაწოდო', - დაპირდა ლადო.
,,თუ იმდენს მოახერხებ, რომ ამ საღამოს საკნიდან გამიყვან და ბესოს პირისპირ მანახებ, სულ რამდენიმე წუთით მაინც, კარგი იქნება. ეგებ აზრზე მოვიყვანო ცოტა, ძალიან მოტეხილია', - სთხოვა #0578-მა.
საღამოს #0578-ის საკნის კარი ხმაურით გაიღო. ბედუკაძე შემოვიდა, პატიმრებს გადახედა, მერე #0578-ს უთხრა, შენ გამომყევი, შენი ცემის ხასიათზე ვარო და ისიც ,,წელმოწყვეტილი' გაჰყვა.
კარანტინის გვერდით არსებულ ფუქსებში #0578-ს ბესო ელოდა. ლადომ ჩუმად თქვა, სულ 10 წუთი გაქვთო და პატიმრებმაც თავი დაუქნიეს.
,,მე როგორც ვიცი, ბევრი გყავს ამ ხელისუფლებაში ნაცნობი და მეგობარი. შეაწუხე, რაც წაგართვეს, შეირგონ და ეგებ გაძვრე. ახლა ამხელა მაყუთი და კიდევ სროკი, მაგრად ტეხავს', - ჩუმად თქვა #0578-მა.
,,გახსოვს, ბუში რომ ჩამოვიდა საქართველოში?! მაშინ ვანომ დამირეკა, მერაბიშვილმა, მიშამ და ბუშმა მაგიდის ჩოგბურთი უნდა ითამაშონო და კონკრეტული ფირმის ჩოგნების ყიდვა მთხოვა. საქართველოში ვერ ვიშოვე, გერმანიიდან ჩამოვატანინე და 12 ათასი ევრო დამიჯდა. როგორც შენ არ გითამაშია ჩოგბურთი, ისე მაგათ. მერე იყო კიდევ რამდენიმე შემთხვევა, ვანოს დასჭირდა რაღაცები და გავაკეთე, მაგრამ არა, ვერ გაძღნენ და აქ ვარ ახლა. ვანოს შევუთვალე, მიშველე-მეთქი და ბესო ხარძიანს საერთოდ არ ვიცნობო, ასეთი პასუხი დამიბრუნა. და ვის ვუთხრა სხვას, ვანომ თქვა უარი, გამოდის, ბოლომდე მწირავენ. მთავარი ახლა ოჯახია და კიდევ ის, რომ ცოცხალი დავრჩე. ხომ ხედავ, რა სუნი მიდის, იმ ჯოჯოხეთში ვარ. ყოველდღე მოდიან ჩემები და ყოველდღე ახალი ტანსაცმელი მოაქვთ გამოსაცვლელი, მაგრამ ერთ საათში მაინც ასე ვარ', - უხერხულად შეიშმუშნა ბესო.
,,სუნს ჩივი, კაცო, ნუ გადამრიე. მთავარია, გადავრჩეთ. მთავარია, აქედან ცოცხლები და კარგ მატორზე გავიდეთ და გარეთ კი მივხედავთ, ვინც მისახედია', - ჩუმად თქვა #0578-მა.
,,ჰო, ოჯახი და საკუთარი თავი. ეგ არის რაც შემრჩა და მთავარია, ვიცოცხლოთ', - დაეთანხმა ბესო და ლადომაც შემოიხედა, საკმარისია, მეც ჩემი ვალდებულება მაქვსო.
ამის შემდეგ #0578-სა და ბესოს ერთმანეთი აღარ უნახავთ. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ შეხვდნენ შემთხვევით გასვენებაში. ღიმილით გადაეხვივნენ ერთმანეთს.
,,როგორ ხარ, ბესო?!' - ჰკითხა #0578-მა.
,,გადასარევად. წართმეულს ვიბრუნებ. მეუბნებიან, გაჩერდი, დაგბრიდავთო, მაგრამ ახლაც თუ გავჩერდი, აღარ ყოფილა საშველი. ბედუკაძე ხომ არ გინახავს გამოსვლის შემდეგ?! მადლობაც ვერ ვუთხარი წესიერად მაგ კაცს', - ჩუმად თქვა ბესომ.
,,კი, შემხვდა ერთხელ. მე ვუთხარი ორივეს მაგივრად მადლობა', - გაეღიმა #0578-ს.
,,კარგი, აბა. ტბას რომ დავიბრუნებ, ავიდეთ და ერთად ვიცურაოთ', - ღიმილით დაემშვიდობა ბესო.
* * *
28 მარტს თბილისში, ბიზნესმენი ბესო ხარძიანი მოკლეს...
პატიმარი #0578