პარლამენტში ცივი ომი მიდის - უმრავლესობა, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეების საბოლოოდ შეთანხმებული კანდიდატურები გასული კვირის ბოლოს უნდა დაესახელებინა, ჯერაც ვერ შეთანხმდა. ყველა კომიტეტს 2 კანდიდატურა ჰყავს, კოალიციაში შემავალი პარტიები კი, მართალია, პარტინტერესების გამო ერთმანეთს ღიად არ უპირისპირდებიან, სამაგიეროდ, კოალიციას ჩუმად ემუქრებიან. ეს მუქარა კი მურმან დუმბაძის ანონსის ფონზე, ორმაგად საშიშია - მისი თქმით, პარლამენტში უმრავლესობა დაიშლება და კოალიციის წევრებისგან ახალი ფრაქცია შეიქმნება.
ბოლო ინფორმაცია 4 კომიტეტის თავმჯდომარის 4 კანდიდატურის შესახებ უმრავლესობის სხვადასხვა ლიდერებმა, ხან გია ვოლსკიმ, ხან დიმიტრი ხუნდაძემ გვამცნეს. როგორც ითქვა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გახდება, საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტისა – თამაზ მეჭიაური, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა – ზვიად კვაჭანტირაძე, დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტს კი თემურ ჭკუასელი უხელმძღვანელებს. ამ დეპუტატებს კოალიციიდან კონკურენტებიც ჰყავთ, არაოფიციალურად, ჭკუასელს ,,ფორუმელი' შალვა კიკნაველიძე ეპაექრება, რომელსაც, ცხადია, ფორუმი ლობირებს. იგი კომიტეტის წინა თავმჯდომარის, გუბაზ სანიკიძის რჩეული, მოადგილე და თანაპარტიელია, შესაბამისად, ფორუმელები კომიტეტის თავკაცად მის დატოვებაზე ზრუნავენ. მართალია, ითქვა, რომ თემურ ჭკუასელის კანდიდატურა ამ პოსტზე უკვე ყველასთან შეთანხმებულია, მაგრამ, ჯერჯერობით, კიკნაველიძეს საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
რაც შეეხება გარემოს დაცვის კომიტეტს, აქ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ სოციალდემოკრატს, გია ჟორჟოლიანს კონკურენციას ზვიად ძიძიგურის კადრი და ამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბიძინა გუჯაბიძე უწევს. ხოლო ევროინტეგრაციის კომიტეტის თავკაცობა ოფიციალურად დასახელებულ ,,ოცნებელ' ზვიად კვაჭანტირაძეს კი არა, შესაძლოა, თინა ხიდაშელს ჩააბარონ, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, რესპუბლიკელებმა კი არა, კოალიციის სხვადასხვა წევრებმა დაასახელეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ამ საკითხში მისი ერთპიროვნული ლიდერობა აღიარეს. ,,ვერსიის' ინფორმაციით, რომელიც უმრავლესობის ორ სხვადასხვა ლიდერთან გადავამოწმეთ, ,,იღბლიანი' ოთხეული ასეთი იქნება - თამაზ მეჭიაური, გია ჟორჟოლიანი, თემურ ჭკუასელი და თინა ხიდაშელი. როგორც გავარკვიეთ, ეს კანდიდატურები სწორედ პრემიერ ღარიბაშვილთან ყოფილა შეთანხმებული. თუმცა ბრძოლა სხვა ფრონტზეც მიდის - კოალიციაში მორიგი დისონანსი რესპუბლიკელებიდან და შემდეგ პარტია ,,ოცნებიდან' გაგდებულმა ვიცე- სპიკერმა და ბათუმის მაჟორიტარმა მურმან დუმბაძემ შეიტანა. დუმბაძემ 21 მარტს, ნაციონალების განცხადებას, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, მხარი აუბა. ხოლო ოდნავ მოგვიანებით დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, მალე კოალიციის უმრავლესობა დაიშლება და იქიდან ცალკე ფრაქცია გამოიყოფა. ამის შემდეგ მურმან დუმბაძეს აღარაფერი დაუზუსტებია, არც ,,აჯანყებულთა' გვარები უთქვამს, არც ,,აჯანყების' დრო და მიზეზი. ექსკლუზიურ საგაზეთო ინტერვიუში, რომელიც დუმბაძემ მოგვცა, რამდენიმე დეტალი დააზუსტა და კითხვას, რა იდეის ან მიზნის გარშემო შეიძლება ახალი ფრაქცია შეიქმნას, ასე უპასუხა: ,,ეს შეიძლება ნაცებისა და ,,ქართული ოცნების' სიძულვილი იყოს. ერთ დღეს ეს ადამიანები ჩირგვებში აღარ ისხდებიან. მათ შეიძლება აერთიანებდეს პრინციპი, საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვით, მთავრობას კონტროლს პარლამენტი უწევს, მართლა ამუშავდეს. პარლამენტი მთავრობის ფილიალი არ უნდა იყოს! მთავრობის გადაყენების პროცედურას ამ დეპუტატებმა შეიძლება, მხარი არ დაუჭირონ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ამ მთავრობის გადაყენება არ უნდათ, ჯერჯერობით, გამბედაობა არ ჰყოფნით. თუმცა ერთ დღეს, შეიძლება, მათაც გაბედონ'.
დუმბაძემ კონკრეტული გვარები არ დაასახელა, მაგრამ სამაგიეროდ, ამ ახალი ფრაქციის წევრობიდან საყოველთაო ეჭვმიტანილები, ანუ ის ადამიანები გამორიცხა, ვინც კოალიციის წევრია, მაგრამ კოალიციას ხშირად აკრიტიკებს და ეწინააღმდეგება: განსხვავებულ მოსაზრებას საჯაროდ თამარ კორძაია, ომარ ნიშნიანიძე და დავით ლორთქიფანიძე აფიქსირებენ. როგორც დუმბაძე ამტკიცებს, ,,სწორედ ომარ ნიშნიანიძეა ,,ოცნების' ყველაზე მაგარი მხარდამჭერი და საერთოდ, ვფიქრობ, ხალხი, ვინც ამდენს ხმამაღლა საუბრობს, რეალურად, ,,ოცნების' წინააღმდეგ არ წავა. სწორედ ისინი წამოვლენ ,,ოცნებიდან', ვინც ახლა ჩუმადაა'. როგორც გავარკვიეთ, საუბარი არა მთელ კოალიციაზე, არამედ თავად პარტია და ფრაქცია ,,ოცნებაზეა' - ცოტა ხანში, პარტია ,,ოცნებიდან' 20-მდე კაცი წამოვა, ეს, ერთი კი არა, სამი ახალი ფრაქციის შექმნას ეყოფა.Aამ ფრაქციაში, ასევე, უპარტიო მურმან დუმბაძეც უნდა მოვიაზროთ, რომელიც საკუთარი პარტიის შექმნას 2016 წლის საპარლამენტი არჩევნებისთვის აპირებს, მანამდე კი, ალბათ, ამ ჯერ არგამოყოფილი ფრაქციის ხელმძღვანელობას შეეცდება. აქვე, არც კიდევ სამი უფრაქციო, დამოუკიდებელი დეპუტატი უნდა დაგვავიწყდეს - კობა დავითაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და დავით ბეჟუაშვილი. ბეჟუაშვილი ამ ფრაქციაში არ შევა, რადგან ,,ოცნებასთან' ურთიერთობები მშვენივრად აქვს დალაგებული, კობა დავითაშვილი, ზოგადად, საპარლამენტო პროცესებისთვის დიდი ხანია, პოლიტიკურად გარდაიცვალა, სამაგიეროდ, ,,მწვანე' გია გაჩეჩილაძე, დღეს ,,ლურჯებზე' ნაწყენია და შეიძლება, ამ ახალ ფრაქციაში ვიხილოთ. რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ იმ პოლიტიკურ შეხედულებებსა და საკუთარი გუნდის მიმართ პროტესტზე, რის გამოც შეიძლება ეს ადამიანები ახალ ფრაქციაში გაერთიანდნენ, მიზანი მაინც ნათელი იქნება - ნაციონალების იდეის მოწონება და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყება. ამ გრძელ და ჩახლართულ პროცესს დასაწყებად მხოლოდ 60 კაცი სჭირდება. აქედან 50 ნაციონალია, ხოლო თუკი ,,ოცნებიდან' 20 კაცი მართლა წამოვა და ამ რიცხვს 4 უფრაქციო დეპუტატსაც დავუმატებთ, 74 კაცს ვიღებთ, საიდანაც 14-ს შეუძლია, მთავრობის ე.წ. იმპიჩმენტს ხმა არც კი მისცეს. და კიდევ ერთი - გარდა უნდობლობის პროცედურის დაწყებისა, ამ ხალხს პარლამენტის დღის წესრიგის მთლიანად შეცვლა შეუძლია, რადგან 149-კაციან პარლამენტში, 74 უკვე ახალი უმრავლესობაა, ერთ დეპუტატსაც თუ დაიმატებენ. ასე რომ, თუ კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებსაც გადავხედავთ, იოლი გამოსაცნობია, რომ ,,ოცნება' ისეთების გულისმოგებას ცდილობს, ვისგანაც გამორიცხული არაფერია.