ორი „გასაღები“ ისევ სადავოა

ორი „გასაღები“ ისევ სადავოა

31 მარტიდან ამოქმედდა „ფარული მოსმენების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები, ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლის მიხედვითაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შესაძლებლობა ეძლევა ზედამხედველობა გაუწიოს საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. რატომ მოითხოვენ კანონში შეტანილი ცვლილებების კვლავ შეცვლას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რატომ შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველმა?

მიუხედავად არასამთავრობო სექტორის და სახალო დამცველის ოფისის უკმაყოფილებისა, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი, ორჯერ ვეტოდადებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ფარული მოსმენების შესახებ“ კანონში გასული წლის ბოლოს შევიდა, 31 მარტიდან მაინც ამოქმედდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების სახელით ცნობილი, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ დაწერილი ცვლილებების მიხედვით, შსს-მ მოსმენების მიყურადების განსახორციელებლად სასამართლოსა ან პროკურორისგან უნდა აიღოს ნებართვა, ამის შემდეგ კი უკვე ამოქმედდება ფარული მოსმენის ორეტაპიანი, ე.წ. ორგასაღებიანი, სისტემა, რაც გულისხმობს შსს-თვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული თანხმობის გაცემას ფარული მიყურადების დასაწყებად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება ასევე მონაცემთა ბანკებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებაც. პესრონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი საზედამხედველო ორგანოს დამოუკიდებლობის მაღალ გარანტიებზე ამახვილებს ყურადღებას:

„ეს არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნაც არის, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვაზე ასეთი მაკონტროლებელი, საზედამხედველო ორგანო. აქედან გამომდინარე, იგივე საპარლამენტო განხილვების დროს ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი როლი ყოფილიყო ძალიან მკაფიო და, ბუნებრივია, ყველა კითხვის ნიშანი ჩვენს როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით მოხსნილია“, - ამბობს თამარ ქალდანი.

კითხვები არ აქვთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, თუმცა ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ, ცვლილებების მიხედვით, ე.წ. გასაღები კვლავაც შსს-ს ხელში დარჩა. შესაბამისად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი არის ისეთი მოდელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სრულყოფილ დაცვას. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ცვლილებები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“. ამ მიზეზის დეტალებზე მიუთითებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე:

„ჩვენ ვასაჩივრებთ კანონის იმ ნორმას, რომელიც კვლავ უტოვებს შესაძლებლობას შსს-ს, რომ სასამართლოს კონტროლის გარეშე მოახდინოს მონაცემების კოპირება და ასევე გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში მოახდინოს ფარული მიყურადების განხორციელება. კანონში დარჩენილია მუხლები, რომლებიც საერთო სასამართლო კონტროლის რეჟიმის გარეშე შსს-ს ფარული მიყურადების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს“.

გიორგი კლდიაშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან იმ ნეგატიურ გამოცდილებაზე ლაპარაკობს, რომელიც ფარული მიყურადების გარშემო წლების განმავლობაში დაგროვდა. ის დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პერსონალურ მონაცემებთა დაცვის ინსპექტორს ეძლევა ზედამხედველობის საშუალება, თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით ბუნდოვანია როგორ წარმართავს პროცესს შსს, რომლის ნდობაც მიყურადებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ძალიან დაბალია:

„უკანონოდ განხორციელებული ფარული მიყურადება- ეს დანაშაულია. მაგრამ არაფარულად, სანქცირებით განხორციელებული და შემდგომ შენახული ინფორმაცია - ეს უკვე ფარული მოქმედების ბომბია, რადგან ნებისმიერ დროს, ვისაც უნდა, შიგნიდან გამოიყენებს ამ ინფორმაციას. როდესაც მიყურადების მასალებზე მიმდინარეობს სრული მონიტორინგი როგორც შიგნიდან, ისე გარედან, მაშინ ჩვენ ვართ თავისუფალი ინფორმაციის გაჟონვის საშიშროებისგან“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია კანონის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ხარვეზს აღნიშნავს: ორგასაღებიანი სისტემა არ მოქმედებს ინტერნეტში მიმდინარე ფარულ მიყურადებაზე და მასზე არანაირი კონტროლი არ ხორციელდება.

„ფარული მოსმენების შესახებ“ კანონი იყო ერთ-ერთი თემა, რომელსაც 31 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ერთი შეკითხვით გამოეხმაურა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი:

„მაშ, რა ინტერესმა გააერთიანა პარლამენტში უმრავლესობა და უმცირესობა ჩემ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის ჩასაგდებად და რეალურად ისეთი კანონის მისაღებად, რომელსაც მხარს არ უჭერს არც საზოგადოება და არც საერთაშორისო ორგანიზაციები?“

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ვახტანგ ხმალაძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ კანონში კვლავაც შევიდეს ცვლილებები იმ შემთხვევაში, თუკი ერთთვიანი დაკვირვების შემდეგ ისინი აღმოაჩენენ ხარვეზებს. კანონში შესატან აუცილებელ ცვლილებებზე ლაპარაკობენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. მათი თქმით, ის ცვლილებები, რომლებიც აქამდე განხორციელდა, მხოლოდ კოსმეტიკურ ხასიათს ატარებს.