ბესო ხარძიანის მკვლელობის კვალი სპეცსამსახურამდე მიდის?

ბესო ხარძიანის მკვლელობის კვალი სპეცსამსახურამდე მიდის?

ერთი ხელწერა - გიორგი სანაია, ეროსი კიწმარიშვილი, იური ვაზაგაშვილი, ბესო ხარძიანი... ვინ იქნება შემდეგი?!

ორ თვეში ორი გვამი - ხელისუფლება სისხლიანი გამოწვევის წინაშე დგას: ან იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობების შემკვეთებს დაადგენს, ან ის სცენარი ამუშავდება, რომელიც ვიღაც უხილავმა დაწერა, თუმცა ვიდრე ,,უხილავს' გავშიფრავთ, მოდით, მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ.   

პირველი ,,განგსტერული საქმე', რომელიც ,,ოცნების' ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ,,მოხდა', ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაა. ,,რუსთავი 2'-ის დამფუძნებელი და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი 2014 წლის ზაფხულში, საკუთარი სახლის ავტოფარეხში მკვდარი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ეროსის ოჯახი ამ ვერსიას არ იზარებს და მინიშნებებს მკვლელობაზე აკეთებს. საერთოდ, როცა ცნობილი და გავლენიანი ადამიანი გაურკვეველ ვითარებაში იღუპება, ცხადია, უმალ ჩნდება შეკვეთილი მკვლელობის ვერსია. სხვათა შორის, ასე იყო ჟურნალისტ გიორგი სანაიას გარდაცვალების შემთხვევაშიც - მართალია, მაშინდელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ვინმე ,,გრიცკომ' პირადი კონფლიქტს ნიადაგზე მოკლა და ამის გამო სასჯელიც მოიხადა, მაგრამ დღემდე არსებობს ეჭვი, რომ იმ დროისთვის, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტელესახე სისხლიანი პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა. მოდით, გავყვეთ მკვლელობის ვერსიას: ვის და რატომ აწყობდა გიორგის მოკვლა? - თავის დროზე ითქვა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის უკან, შესაძლოა, სპეცსამსახური იდგა, რომლის გათვლითაც, სისხლი ხალხს ქუჩაში გამოიყვანდა და ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ორომტრიალი დაიწყებოდა. პრინციპში, ასეც მოხდა - გიორგის მკვლელობის შემდეგ, მინირევოლუცია გათამაშდა - ,,რკინის კაცი' ანუ კახა თარგამაძე ხელისუფლებას ჩამოშორდა. მართალია, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ ჟვანიამაც დატოვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ,,რკინის კაცის' სეკვესტრით, საბოლოო ჯამში, მაშინდელი მმართველი პარტიის - მოქკავშირის ე.წ. რეფორმატორული ანუ ის ფრთა გაძლიერდა, რომელიც 2003 წლის 23 ნოემბრის მოვლენებით ხელისუფლებაში მოვიდა.

გიორგი სანაიას, იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობები ჩადენილია თუ არა ერთი ხელწერით? - ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის გაცემა, რასაკვირველია, პროფესიონალ გამომძიებლებს შეუძლიათ, მაგრამ იმ ვერსიებს, რომლებსაც ,,ვერსია' გთავაზობთ, არსებობის უფლება, ბუნებრივია, აქვს. ამ ვერსიებით კი კვალი - არც მეტი, არც ნაკლები - სპცესამსახურებამდე მიდის. დავუბრუნდეთ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას, მართალია, ღიად არავის უთქვამს, მაგრამ გაკეთდა მინიშნებები, რომ ეროსის მოცილება შესაძლოა, ყოფილ მმართველ გუნდს აწყობდა. ასევე, მიანიშნეს, რომ კიწმარიშვილს კონფლიქტი ახალ ხელისუფლებასთან ტელებიზნესის ნიადაგზე ჰქონდა. მაშასადამე, არაგონიერმა ადამიანმა შეიძლება, ორივე მინიშნება დაიჯერა, მაგრამ რატომ არ უნდა დავუშვათ მესამე ვერსია, მაგალითად ასეთი: ეროსი, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთში საქართველოს ელჩი 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს იყო, ესე იგი, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მან, შესაძლოა, ბევრი ისეთი დეტალი იცოდა, რაც აგვისტოს მოვლენების დეკლარირებულ მიზეზს ყირაზე დააყენებდა. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ცხონებულ ეროსის ისეთი ინფორმაცია გაესაჯაროებინა, რაც მსოფლიოს თვალში, მაგალითად, ჩრდილოეთური ცენტრის მილიტარისტობას კიდევ ერთხელ დაამტკიცებდა. ამ ლოგიკით, ეროსის თავიდან მოცილება, შესაძლოა, რუსულმა სპეცსამსახურებმა უზრუნველყვეს. სხვათა შორის, ითქვა კიდეც, რომ მკვლელმა საქართველო, შესაძლოა, დავალების შესრულებისთანავე დატოვა. რუსული სცენარი ყარაფილას ტრაგედიის დროსაც გაჟღერდა. ამ ვერსიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ სპეცსამსახურებმა ვაზაგაშვილი, რომელსაც, როგორც ამბობენ, სახიფათო რეიტინგი ჰქონდა ანუ როგორც სამართლიანობისთვის მებრძოლს, ხალხი აბსოლუტურ ნდობას უცხადებდა, მიზანმიმართულად გაწირეს - ე.წ. საიდუმლო ორგანიზაციებმა, ალბათ, გათვალეს, რომ შვილმკვდარი მამის შვილის საფლავზე აფეთქება მოსახლეობის მოთმინებას კულმინაციამდე მიიყვანდა და ქუჩაში გამოვიდოდა.

სხვათა შორის, აქციები დაანონსდა კიდეც, მაგრამ ჩვენმა ძალოვანებმა იმარჯვეს და ვაზაგაშვილის აფეთქება მალე გახსნეს, რითიც ხალხის მღელვარება და, შესაბამისად, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი რომელიღაც ქვეყნის სპეცგეგმა ჩავარდა. ამასობაში, ქვეყანაში პოლიტიკური ფონი იძაბება - იწყება ე.წ. სავალუტო კრიზისი, ნაციონალები ამით სარგებლობენ - მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მიტინგს მართავენ და ანალოგიური ინიციატივით პარლამენტშიც შედიან, ქვეყნდება უცხოური კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც ე.წ. პრორუსულ ძალებს, მაგალითად, ბურჯანაძეს არცთუ ცოტა პროცენტი აქვს (ამ კვლევას ქვემოთაც ვახსენებთ, - გ.გ.). ერთი სიტყვით, ქვეყანა პოლიტიკური შეშლილობის ზღვარზეა. მთავარია, პატარა ბიძგი, ნაპერწკალი რომ ხალხი გაგიჟდეს, ქუჩაში გამოვარდეს და მთავრობას სულ კუდით ქვა ასროლინოს. ასეთ დროს, რა არის ყველაზე კარგი გამაღიზიანებელი? - რა თქმა უნდა, სისხლი ანუ ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, საქართველო 90-იან წლებში დაბრუნდეს და თბილისი განგსტერულ ქალაქად იქცეს. მიზანი საშუალებას ამართლებს: ,,ქალაქში მკვლელია!' ხალხი პანიკდება. ვინ ისარგებლებს ამ ფონით? ერთი ვერსიით - ალბათ, ყოფილი ხელისუფლება, რომელიც შეეცდება, ძველი პოზიციები დაიბრუნოს, თან ხარძიანის მკვლელობის შემთხვევაში, ზომაზე მეტი ფაქტები არსებობს ეჭვისთვის, რომ ყველაფერი გია უდესიანს დაბრალდეს, რომელიც ნაცების მთავარ ზონდერად ითვლება. მკვლელობის მოტივი სახეზეა - ბესო ხარძიანი სამართლიანობის აღსადგენად იბრძოდა, თან სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე თქვა, რომ თუ სამართლიანობა არ აღდგება, საქართველო ძველ სიცილიას დაემსგავსება. სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევაა, როცა მოკლული ბიზნესმენის პროგნოზი გამართლდა. აძლევდა თუ არა უდესიანს ხარძიანის მკვლელობა ხელს? ლოგიკის კანონებით, - არა, რადგან, თუ მისი მოცილება უნდოდა, საამისოდ იდეალური პირობები მაშინ ჰქონდა, როცა ხელისუფლებაში ნაციონალები იყვნენ. უდესიანი ისეთი გულუბრყვილოც არ ჩანს, არ გაეთვალა, ხარზიანის მკვლელობა მე დამბრალდებაო, მაგრამ სპეცსამსახურების მუშაობა ლოგიკას არ ექვემდებარება.

ლოგიკას რომ ექვემდებარებოდეს, ხარძიანის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, სოცქსელში, ალბათ, არ გავრცელდებოდა ფოტო წარწერით: გია უდესიანი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებულ გია სოსანაშვილის შვილის ნათლიაა ანუ წინდაწინვე მომზადდა ფონი, რომ უდესიანს სოსანაშვილთან კავშირი აქვს და ეს ერთი ,,ბანდაა'. შეიძლება, ის ვერსიაც გაჩნდეს, რომ ხარძიანის მოცილებით ნაცმოძრაობის ერთმა, კერძოდ, სააკაშვილის ფრთამ ისარგებლოს. სხვათა შორის, სააკაშვილი, როგორც პარტიის ლიდერი, ზემოხსენებულ კვლევაში არ ფიგურირებს ანუ გამოდის, რომ იგი მხოლოდ დასავლეთმა კი არა, საკუთარმა გუნდმაც გაწირა. მიშა აღიარებს, რომ აღვირი არ აქვს - ყველა სიგიჟეზე წამსვლელია. რატომ არ აქვს არსებობის უფლება ვერსიას, რომ ხარძიანის მკვლელობა ყოფილი მმართველი გუნდის რომელიმე ფრთას თავად მიშამ დააბრალოს? - ამით ხომ, გარკვეულწილად, ,,მეცოცხეებს' გაემიჯნება და იტყვის, მეც სწორედ მაგათ დამღუპესო? პიარი, ქაღალდისა არ იყოს, ყველაფერს იტევს... ხაზს ვუსვამთ: არსებობის უფლება ნებისმიერ ვერსიას აქვს... რაც შეეხება სპეცსამსახურებს, რა თქმა უნდა, არსებობს საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელსაც არეულობა აწყობს, რამეთუ სათავეში საკუთარი ძალა მოიყვანოს. ქართველები ქუჩაში შიმშილის გამო არასოდეს გამოსულან. ქართველები ქუჩაში ღირსების, შელახული თავმოყვარეობის, უსამართლობის გამო გამოდიან! იმაზე დიდი უსამართლობა, როცა დატერორებულ ადამიანს კლავენ, აღარაფერია! ბესო ხარძიანის მკვლელობა მათთვის, ვინც ,,ოცნებას' კრიჭაში უდგას, დამატებითი არგუმენტია, რომ მთავრობის სახლში გაშვება მოითხოვოს! სისხლი ხალხსაც ზაფრავს და, ყველა ვარიანტში, პასუხს მმართველ გუნდს მოსთხოვს. ყველაფერ ამას ყბადაღებული კოჰაბიტაციაც ამძაფრებს. - ხომ გეუბნებოდით, კოჰაბიტაცია დაგვღუპავსო? ნაცები ისევ ჩვენ გვხოცავენ და გვატერორებენ! - უკვე ამბობენ სოციალურ ქსელებში ,,ოცნების' მომხრეები. მიზანი ამართლებს საშუალებას - ხალხი უკმაყოფილოა. ,,ვიღაც' საკუთარი სისხლიანი სცენარის ყველაზე დრამატულ, გნებავთ, კულმინაციურ ეტაპზე გადადის. ხელწერა ერთია - გიორგი სანაია, ეროსი კიწმარიშვილი, იური ვაზაგაშვილი, ბესო ხარძიანი... ვინ იქნება შემდეგი?!